ახალი ამბები

დასპონსორებული პოსტები FB-ზე მამუკა ხაზარაძის დისკრედიტაციისთვის

11 იანვარი, 2019 • 15870
დასპონსორებული პოსტები FB-ზე მამუკა ხაზარაძის დისკრედიტაციისთვის

ანონიმური ფეისბუკ-გვერდები, რომლებიც 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების დროს გრიგოლ ვაშაძის წინააღმდეგ მუშაობდნენ, ამჟამად სოციალურ ქსელში თიბისი ბანკის ერთ-ერთი დამფუძნებლის, მამუკა ხაზარაძის დისკრედიტაციას ცდილობენ, მათ შორის, დასპონსორებული პოსტებით.

ეს პროცესი მას შემდეგ დაიწყო, რაც ცნობილი გახდა, რომ თიბისი ბანკში 2008 წელს განხორციელებული ტრანზაქციის კანონიერების საკითხს პროკურატურა სწავლობს. ამ საქმეს ხაზარაძის გარდა სხვა ფიგურანტებიც ჰყავს, თუმცა ანონიმური გვერდები ჯერჯერობით მხოლოდ მის დისკრედიტირებას ცდილობენ. აღსანიშნავია, რომ პროკურატურას საქმეზე ჯერჯერობით ბრალი არავისთვის წარუდგენია.

ანონიმურ გვერდს სამოქალაქო მოძრაობა – ხალხის ხმას, რომელიც საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის  წინაა შექმნილი და გრიგოლ ვაშაძის, ენმ-სა და რ2-ის წინააღმდეგ აქტიურობით გამოირჩეოდა, ამჟამად ხაზარაძის წინააღმდეგ ორი პოსტი აქვს გამოქვეყნებული, ორივე მათგანი დასპონსორებულია ანუ მის გავრცელებაში ფულია გადახადილი.

ასევე, ხაზარაძის საწინააღმდეგო ორი პოსტი აქვს დასპონსორებული არჩევნების მეორე ტურის წინ შექმნილ კიდევ ერთ ანონიმურ გვერდს: სტოკჰოლმის სინდრომი.

არჩევნებზე “სტოკჰოლმის სინდრომიც” გრიგოლ ვაშაძის საწინააღმდეგოდ მუშაობდა.

ფეისბუკზე ხაზარაძის საწინააღმდეგო პროცესში მონაწილეობს კიდევ ერთი გვერდი- “ორი გვამი უნდათ”. ეს გვერდიც საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში შეიქმნა და ისიც ვაშაძის საწინააღმდეგო მუშაობდა.

ხაზარაძის მადისკრედიტირებელი ორი პოსტი აქვს გამოქვეყნებული ენმ-ის საწინააღმდეგო გვერდს “იყავი და გაგეკთებინა”,

თიბისის საქმე მოკლედ

8 იანვარს საზოგადოებრივმა მაუწყებელმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ პროკურატურამ თიბისი ბანკიდან გარკვეული ტიპის ფინანსური დოკუმენტაცია ამოიღო. პროკურატურამ ეს ინფორმაცია დაადასტურა, თუმცა დამატებითი დეტალების გავრცელებისაგან თავი შეიკავა. იმავე საღამოს Kvira.ge-იმ გაავრცელა ინფორმაცია, რომ პროკურატურა სწავლობდა 2008 წელს განხორციელებულ ფულად ტრანზაქციასა და ფულის გათეთრების სქემას, რომელშიც თიბისის დამფუძნებლები, მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე მონაწილეობდნენ ბიზნესმენ ავთო წერეთლის დახმარებით. პროკურატურამ მეორე დღეს, 9 იანვარს, ფაქტობრივად, დაადასტურა, რომ გამოძიება მართლაც იმ გარემოებებს სწავლობს, რაც kvira.ge-ის სტატიაში იყო მოცემული.

თიბისი ბანკი ბრალდებებს უარყოფს და აცხადებს, რომ მზადაა სამართლებრივი ბრძოლისთვის.  ადვოკატ ზვიად კორძაძის ცნობით, 2007-2008 წლებში მისმა კლიენტებმა, ბანკის დამფუძნებლებმა, თიბისის კაპიტალის გასაზრდელად არაერთი ადამიანისა და ორგანიზაციისაგან ისესხეს, ჯამში, 80 მილიონი დოლარი და ის 17 მილიონი, რომელსაც მათ პროკურატურა ედავება, სწორედ ამ თანხის ნაწილია. გამოძიებას ჯერჯერობით ბრალდებული არ გამოუკვეთია.

მასალების გადაბეჭდვის წესი