სოხუმში ინაშვილს პასუხობენ: პოპულისტურ განცხადებებზე იმუნიტეტი გამოგვიმუშავდა

აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი დაურ კოვე აფხაზეთში ჩასვლისა და აფხაზებთან პირდაპირი დიალოგის დამყარების შესახებ საქართველოს პარლამენტის წევრის ირმა ინაშვილის განცხადებას ეხმაურება:

“ქართველი პოლიტიკოსების მხრიდან, რომელთაც, განსაკუთრებით არჩევნებამდე უჩნდებათ აფხაზების მიმართ რომანტიკული გრძნობები, მსგავს პოპულისტურ განცხადებებზე აფხაზურ საზოგადოებას კარგა ხანია იმუნიტეტი აქვს გამომუშავებული.

ბოლო წლებში საქართველოში ვერ ჩამოყალიბდა ისეთი სერიოზული პოლიტიკური ძალა, რომელსაც უნარი შესწევს ადეკვატურად შეეფასოს ჩვენს რეგიონში არსებული რეალიები. ამასთან დაკავშირებით, ქართველ კოლეგებს მინდა ვურჩიო, ბოლოსდაბოლოს გამოავლინონ პოლიტიკური სიმწიფე და ერთადერთი უტყუარი გადაწყვეტილება მიიღონ – აფხაზეთის რესპუბლიკის დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი აღიარონ”, – წერს კოვე.

რუსეთის ფედერაციამ აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი 2008 წელის აგვისტოს ომის შემდეგ დამოუკიდებელ რესპუბლიკებად აღიარა. ქართული მხარე და საერთაშორისო საზოგადოება არ ცნობს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობას და საქართველოს განუყოფელ ნაწილად აღიარებს.

საქართველოს პატრიოტთა ალიანსის ერთ-ერთი ლიდერი ირმა ინაშვილი თავის გამოსვლებში ხშირად საუბრობს აფხაზეთთან პირდაპირი დიალოგის საჭიროებაზე.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი