რა უნდა იცოდნენ კერძო სექტორში დასაქმებულებმა 28 ნოემბრის არჩევნებზე

საქართველოს პრეზიდენტს მოსახლეობა 28 ნოემბერს, ოთხშაბათ დღეს აირჩევს. მიუხედავად იმისა, რომ ცენრტალურმა საარჩევნო კომისიამ კენჭისყრის დღე უქმედ გამოაცხადა, გაერთიანებული პროფკავშირების თავმჯდომარის მოადგილის თქმით, კანონმდებლობა არ ითვალისწინებს კენჭისყრის დღეს დასაქმებულებისთვის დასვენების გარანტიას.

რაისა ლიპარტელიანის თქმით, შრომის კოდექსში უქმე დღეების ამომწურავი ჩამონათვალი არსებობს, რომელიც, ბუნებრივია, 28 ნოემბერს არ მოიცავს. როგორც ცნობილია, შრომის კოდექსი ეხება როგორც კერძო, ასევე საჯარო სექტორში დასაქმებულებს, თუმცა ამ შემთხვევაში ოპოზიციის წარმომადგენლები პრობლემებს უფრო კერძო სექტორში ხედავენ.

“უქმე დღეები უკვე განსაზღვრულია შრომის კოდექსით და არის ძალიან ამომწურავი ჩამონათვალი.  ამ ჩამონათვალისთვის საარჩევნო დღის დამატებას კანონმდებლობა არ ითვალისწინებს. ერთადერთი გამოსავალი  ამ სიტუაციაში არის ის, რომ გარკვეულწილად კერძო სექტორმა ჩაუთვალოს ადამიანებს ეს დღე უქმედ და მისცეს იმის საშუალება, რომ საარჩევნო უფლება გმოიყენონ”, – ამბობს ლიპარტელიანი ნეტგაზეთთან საუბარში.

რა ხდება იმ შემთხვევაში, თუ დამსაქმებელი იტყვის, რომ 28 ნოემბერი მისი კომპანიისთვის უქმე არ არის და თანამშრომლებს მუშაობას მოსთხოვს?

ერთადერთი მუხლი შრომის კოდექსში, რომელიც დასაქმებულის პასიური და აქტიური საარჩევნო უფლების გამოყენებას უზრუნველყოფს, 36-ე მუხლის გ ქვეპუნქტია. კანონში არსებული ამ ჩანაწერით, შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოს დროებით შეუსრულებლობა პასიური და აქტიური საარჩევნო უფლების გამოყენების გამო შესაძლებელია.

რაისა ლიპარტელიანის განმარტებით, ეს ნიშნავს, რომ დასაქმებულს აქვს უფლება, დამსაქმებელს განცხადებით აცნობოს, რომ ის შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებულ სამუშაოს დროებით ვერ შეასრულებს, რადგან არჩევნებში აპირებს მონაწილეობას. თუმცა, რაისა ლიპარტელიანის თქმით, ამ შემთხვევაში დამსაქმებელს არ აქვს ვალდებულება, გაცდენილი სამუშაო დრო დასაქმებულს აუნაზღაუროს:

“ამასთან, ეს ავტომატურად არ ხდება. დასაქმებულმა დამსაქმებელს განცხადებით უნდა მიმართოს, რომ შეიჩეროს შრომითი ურთიერთობა, თუმცა ანაზღაურება შეიძლება ვერ მიიღოს ამის გამო, რადგან დამსაქმებელი ვალდებული არაა”, – ამბობს იურისტი.

მიუხედავად ამისა, იურისტი მიიჩნევს, რომ კერძო სექტორის წარმომადგენლები დასაქმებულებს ამ კუთხით დაბრკოლებებს არ შეუქმნიან.

ლიპარტელიანის თქმით, ცესკოს გადაწყვეტილება კენჭისყრის ოთხშაბათს დანიშვნის თაობაზე პრაქტიკულობის თვალაზრისით მოსაწონი არ არის.

“ზოგადად ეს გადაწყვტილება არ არის მოსაწონი და მისაღები პრაქტიკულობის თვალსაზრისით, მაგრამ ემ მგონია, რომ  კერძო სექტორის [მოთამაშეთა] უმეტესობა ამ კუთხით დაბრკოლებებს ადამიანებს არ შეუქმნის. მე მეეჭვება, რომელიმე დამსაქმებელი აპრიორი არ დათანხმდეს ცესკოს გადაწყვეტილებას და რაიმე პრაქტიკული პრობლემები წარმოშვას, მაგრამ სამართლებრივად არის სერიოზული კითხვის ნიშნები ამასთან დაკავშირებით.

ამასთან, გადაადგილების საკითხიც მნიშვნელოვანია. დასვენების დღეები უფრო მისაღები იმიტომ იყო, რომ ვინც თბილისში მუშაობს და რეგიონშია რეგისტრირებული, გადაადგილება შეძლოს”, – ამბობს ლიპარტელიანი.


ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური 28 ნოემბერს, სამუშაო დღეს, ოთხშაბათს, დანიშნა. ცესკომ ეს გადაწყვეტილება მიიღო ოპოზიციური პარტიების პროტესტის და არასამთავრობო ორგანიზაციების რეკომენდაციების მიუხედავად.

გადაწყვეტილება ცესკოში გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებისა და ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის კამათის ფონზე დაამტკიცეს.

ცესკომ გადაწყვეტილება 9 ხმით მიიღო.

სხდომა, სადაც ეს გადაწყვეტილება მიიღეს, ოპოზიციამ კამათის შემდეგ დატოვა.

ოპოზიცია ცესკოს გადაწყვეტილების სასამართლოში გასაჩივრებას აპირებს.

როგორც ოპოზიციური პარტია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრები ამბობენ, ცესკოში  დისკუსიას, რასაც არჩევნების თარიღის გამოცხადება მოჰყვა, “აზრი არ ჰქონდა”, რადგან ეს თარიღი უკვე წინასწარ იყო დადგენილი “ქართული ოცნების” მიერ.

საქართველოში მოქმედი 3 სადამკვირვებლო ორგანიზაცია – “საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო”, სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება” და “საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია” – ცესკოს არჩევნების შაბათს დანიშვნისაკენ მოუწოდებდა.

სხდომის შემდეგ ცესკომ 28 ნოემბერი უქმე დღედ გამოაცხადა.

საზღვარგარეთის უბნებში 20:00 საათის ნაცვლად 24:00 საათამდე გაგრძელდება საარჩევნო პროცესი. ავღანეთში არჩევნები 26 ნოემბერს ჩატარდება.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
მარიამ ბოგვერაძე არის "ნეტგაზეთის" რეპორტიორი 2016 წლიდან.