ახალი ამბები

გალი-ზუგდიდის მიკროავტობუსების ნაწილი არჩევნების დღეს არ მუშაობს

28 ოქტომბერი, 2018 • 1578
გალი-ზუგდიდის მიკროავტობუსების ნაწილი არჩევნების დღეს არ მუშაობს

ე.წ 2-ლარიანი სამარშრუტო ტაქსები, რომლებიც ჩვეულებრივ მოძრაობს ენგურის ხიდსა (აფხაზეთის მიერ კონტროლირებადი მხრიდან) და ზუგდიდს შორის, 28 სექტემბერს, არჩევნების დღეს, არ მუშაობს.

მოსახლეობას, ვინც საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნებში ხმას აძლევს, დღეს არჩევნებზე მოსასვლელად ხიდის გადმოკვეთა ან ფეხით მოუწია, ან გაეროს მანქანებით. საუბარია დაახლოებით 1კმ-იან მონაკვეთზე.

დღეს, 28 ოქტომბერს, ქართული მხარის კონტროლირებად ტერიტორიაზე მხოლოდ ე.წ 1-ლარიანი სამარშრუტო ტაქსები მუშაობდა, რომლებსაც მგზავრები ზუგდიდიდან სოფელ რუხის ბოლომდე (და უკან) დაჰყავს. ისინი ნაკლები სიხშირით დადიან.

ნეტგაზეთი ესაუბრა 6 ადამიანს, რომელიც გალში ცხოვრობს. სამმა მათგანმა გამყოფი ხაზი დღეს ხმის მისაცემად გადმოკვეთა. არცერთმა მათგანმა ისურვა სახელის საჯაროდ გამხელა. მათი ვარაუდით, სამარშრუტო ტაქსების მუშაობა დღეს ხელისუფლების წარმომადგენლებს არ აწყობთ, რადგან გალელების უმრავლესობა მათ კანდიდატს არ აძლევს ხმას.

ნეტგაზეთმა დამოუკიდებლად ვერ გადაამოწმა ამ ვარაუდის სიზუსტე.

1-ლარიანი სამარშრუტო ტაქსის ერთ-ერთმა მძღოლმა გვითხრა, რომ აღნიშნული სამარშრუტო ტაქსების მძღოლები თვითონ არიან დასაქმებულები საარჩევნო კომისიებში და არ ეცალათ. მათ ავტოსადგომზე კი მძღოლებმა გვითხრეს, რომ 2-ლარიანი სამარშრუტო ტაქსები გაფუჭებულია და ამიტომ ვერ ემსახურბა მომხმარებელს.

Livepress-ის ინფორმაციით, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სამეგრელო-ზემო სვანეთის წარმომადგენლობის ხელმძღვანელის, ალექსანდრე ჩიკვაიძის განცხადებით, ენგურის ხიდზე კერძო პირების ტრანსპორტი მოძრაობს და ისინი თავად წყვეტენ, როგორ იმუშაონ. მან ლაივპრესს უთხრა, რომ მოძრაობის შეფერხების მიზეზი მისთვის უცნობია.

მასალების გადაბეჭდვის წესი