ახალი ამბები

საქართველოს მოქალაქეებს მოუწოდებენ, უკრაინის რამდენიმე ოლქი რაც შეიძლება მალე დატოვონ

2 მაისი, 2014 • • 1040
საქართველოს მოქალაქეებს მოუწოდებენ, უკრაინის რამდენიმე ოლქი რაც შეიძლება მალე დატოვონ

საუბარია დონეცკის, ხარკოვისა და ლუგანსკის ოლქებზე, ასევე, ყირიმის ავტონომიური რესპუბლიკის მიმართულებით, ქალაქ სევასტოპოლსა და სლავიანსკში, სადაც უკრაინის მთავრობა მასშტაბურ ანტიტერორისტულ ოპერაციას ახორციელებს.

 

“ასევე, მოგმართავთ რეკომენდაციით, აღნიშნულ რეგიონებში ყოფნის შემთხვევაში, შეძლებისდაგვარად მოკლე პერიოდში დატოვოთ ისინი”, – ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

ასევე, საგარეო უწყება იტყობინება, რომ ყირიმის ავტონომიურ რესპუბლიკასა და ქალაქ სევასტოპოლში შესვლისა და ყოფნის უფლება რეგულირდება უკრაინის კანონმდებლობისა და საერთაშორისო ხელშეკრულებების შესაბამისად:

 

“ამდენად, ხსენებულ ტერიტორიაზე შესვლა და ყოფნა შესაძლებელია მხოლოდ იმ პირობით, თუ უცხო ქვეყნის მოქალაქეებმა გადაკვეთეს უკრაინის სახელმწიფო საზღვარი მოქმედ გამშვებ პუნქტებში და საპასპორტო დოკუმენტებსა და საიმიგრაციო ბარათებში აღენიშნებათ შესაბამისი ბეჭდები.

უცხოელებისა და მოქალაქეობის არმქონე პირების მიერ ყირიმის ავტონომიურ რესპუბლიკასა და ქალაქ სევასტოპოლში შესვლის და ყოფნის დროს უკრაინის კანონმდებლობის გაუთვალისწინებლობა ისჯება უკრაინის კანონმდებლობის შესაბამისად”.


შეგახსენებთ, რომ უკრაინაში ევრომაიდანზე განვითარებული მოვლენების შედეგად, რასაც მოჰყვა ქვეყნის ხელისუფლების ცვლილება, ყირიმში რეფერენდუმი ჩატარდა, რომლის მიხედვითაც მოსახლეობის უმრავლესობამ ყირიმის რუსეთთან მიერთებას დაუჭირა მხარი. რეფერენდუმის შედეგების გათვალისწინებით ყირიმის ოლქი და ქალაქი სევასტოპოლი რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში შევიდა.

საგარეო საქმეთა სამინისტრო
საგარეო საქმეთა სამინისტრო

მასალების გადაბეჭდვის წესი