"მემორიალი" იხსენებს რესპრესიებისას დაღუპულებს. ფოტო: "მემორიალი"

მოსკოვის მერიამ ნებართვა არ გასცა სტალინური რეპრესიების მსხვერპლთა გახსენების ცერემონიაზე

მოსკოვის მერიამ ნებართვა არ გასცა ყოველწლიური ცერემონიის ჩატარებაზე, რომლითაც მოქალაქეები საბჭოთა დიქტატორის, იოსებ სტალინის რეპრესიების დროს დაღუპულთა ხსოვნას პატივს მიაგებენ. ამის შესახებ ბრიტანული “გარდიანი” რუსეთის უძველეს ადამიანის უფლებათა დამცველ ორგანიზაცია “მემორიალზე” დაყრდნობით იუწყება.

“მემორიალი” 12 საათიან ცერემონიას მოსკოვში, ლუბიანკის მოედანზე, ყოველი წლის 29 ოქტომბერს, ბოლო 11 წელია, ატარებს. ღონისძიებაზე შეკრებილი ასობით ადამიანი იმ პიროვნებების სახელებს კითხულობს, რომლებიც 30-იანი წლების რეპრესიებს შეეწირნენ. წელს, ტრადიცია, შესაძლოა, დაირღვეს, ვინაიდან, მიუხედავად ორგანიზაციის მიერ სხვა უწყებებთან, მათ შორის შსს-სთან მიღწეული შეთანხმებისა, პროცესს ხელი მოსკოვის მერიამ შეუშალა.

“19 ოქტომბერს, ცერემონიამდე 10 დღით ადრე, [ღონისძიების ჩატარების] ნებართვა გაუქმდა მოსკოვის მთავრობის მიერ.

…ეს ქმედება აღმაშფოთებელია არამხოლოდ იმიტომ, რომ მოსკოვის ოფიციალური პირები არღვევენ მრავალგზის მოცემულ და დამოწმებულ პირობას… [არამედ იმიტომაც, რომ] მათ საჭიროდაც არ მიიჩნიეს ბოდიშის მოხდა რაიმე ფორმით”, – ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.

“მემორიალის” განცხადებით, მოსკოვის მერიის წარმომადგენლებმა მანამდე პირობა დადეს, რომ ადგილზე მიმდინარე სარეკონსტრუქციო სამუშაოები მათ პრობლემას არ შეუქმნიდა. თუმცა ახლა, ნებართვის გაუქმების მიზეზად სწორედ აღნიშნული სამუშაოები დაასახელეს.

ორგანიზაციის თქმით, სანაცვლოდ მათ შესთავაზეს ცერემონია სხვა ადგილას, გასულ წელს ვლადიმერ პუტინის მიერ გახსნილ მემორიალურ ნაგებობსთან მოეწყოთ, რაც მათთვის მიუღებელია, ვინაიდან იქ ღონისძიების შემადგენელი რიგი რიტუალების ჩატარებას ვერ შეძლებენ.

“მემორიალი” რუსეთისადამიანის უფლებადამცველი ყველაზე ძველი ორგანიზაციაა, რომელიც ქვეყანაში ამ კუთხით არსებულ რთულ ვითარებაზე ახლაც საუბრობს. 2016 წელს ის რუსეთის მთავრობამ “უცხოელ აგენტად” გამოაცხადა და 2012 წელს მიღებული კანონის მიხედვით, ყოველ სამ თვეში ერთხელ ფინანსური დოკუმენტაციის წარდგენა დაავალა სხვა ორგანიზაციების მსგავსად, რომელთაც საერთაშორისო დაფინანსების გამო იგივე სტატუსი მიიღეს.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
მიხეილ გვაძაბია არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2017 წლის სექტემბრიდან