ახალი ამბები

ფოფხაძე: მე ახლა დეპუტატობას მართლმადიდებლობა მირჩევნია

16 აპრილი, 2014 • • 7913
ფოფხაძე: მე ახლა დეპუტატობას მართლმადიდებლობა მირჩევნია

გედევან ფოფხაძე ანტიდისკრიმინაციული კანონპროექტის გამო მართლმადიდებელ ეკლესიასთან კონფლიქტში შესვლას არ აპირებს:

 

“თუ სინოდი იტყვის, არ დაუჭიროთ მხარიო, მე მრევლი ვარ და ნამდვილად არ ვაპირებ მართლმადიდებლურ ეკლესიასთან კონფლიქტში შევიდე იმის გამო, რომ ასეთი რედაქცია იყოს. არ დავუჭერ, მე რა ძალა მადგია? გიჟი ვარ, მართლმადიდებლურ ეკლესიას დავუპირისპირდე იმის გამო?”

 

ფოფხაძის აზრით, მნიშვნელობა არ აქვს, კანონპროექტში ჩაიწერება თუ არა ტერმინი “სექსუალური უმცირესობა”, რადგან სამართლებრივად კანონი მათ მაინც შეეხება:

 

“პრინციპი არის ასეთი, რაღაც ტიპის განსხვავებულობის გამო, რომ ვინმე სხვანაირად მოგექცევა და განსხვავებულ სამართლებრივ რეჟიმში ჩაგაყენებს, შენ ავტომატურად ეს კანონი გეხება, რადგან დისკრიმინაციის ქვეშ ექცევი. მიმაჩნია, რომ ანტიდისკრიმინაციული ხედვა მართლმადიდებლური მსოფლმხედველობაა. გარდა იმისა, რომ მართლმადიდებლობა ჩემი რწმენაა, ასევე არის მსოფლმხედველობა და არ მიმაჩნია, რომ დისკრიმინაცია რაიმე ფორმით იყოს გამართლებული. ეს სწორედ მართლმადიდებლური მსოფლმხედველობის და ღირებულებების გამოხატულებაა.”

გედევან ფოფხაძე და სასულიერო პირები
გედევან ფოფხაძე და სასულიერო პირები

 

დეპუტატი მიიჩნევს, რომ მისი დამოუკიდებლობის ხარისხს სინოდის გამო გადაწყვეტილების შეცვლა არ ამცირებს:

 

“მე თავისუფალი მანდატი მაქვს. ამომრჩეველმა იცოდა, რომ მართლმადიდებელი ვარ და ამ ნიშნით მირჩევდა. ყველამ იცის, რომ მრევლი ვარ და მაზიარებელი ვარ და თუ ვინმეს მიაჩნია, რომ მაზიარებელმა ადამიანმა წინააღმდეგობა უნდა გაუწიოს მართლმადიდებელ ეკლესიას, მაშინ ის არასწორად აღიქვამს. “

 

კითხვაზე, პარლამენტში ის, პირველ რიგში, დეპუტატი არის, თუ მორწმუნე, ფოფხაძე პასუხობს:

 

“ასეთი დიფერენცირება არასწორია. მე იმ აღმსარებლობით ვარ აქ… იცით რა არის, ორგანიზაცია “იდენტობას” აქვს ასეთი მიდგომა, რომ ადამიანის განმსაზღვრელი არის მისი სექსუალობა, მე არ მიმაჩნია ასე. არის რამდენიმე კომპონენტი, რომელიც ადამიანის იდენტობას განსაზღვრავს, მათ შორის ეროვნულობა და აღმსარებლობა. შენ ვერასდროს გახდები უფრო მეტად დეპუტატი, ვიდრე უფრო მეტად ქართველი ხარ, ან მართლმადიდებელი. ამ ყველაფრის ნაწილია დეპუტატობა. როცა შენ გირჩევენ, გირჩევენ ისეთს, როგორიც ხარ შენი მსოფლმხედველობით და ღირებულებებით. საპატრიარქოს პოზიცია პირადად ჩემი ცხოვრებისთვის და რაღაც გადაწყვეტილებების მისაღებად ჩემთვის არის მნიშვნელოვანი. მე მაქვს წმინდა სამართლებრივი არგუმენტები და მიმაჩმნია, რომ ამ ტერმინის არსებობა არანაირ საფრთხეებს არ ქმნის იმ ღირებულებებისთვის, რაზეც მართლმადიდებლები საუბრობენ. ჩვენ მათ არგუმენტებს ჩვენი არგუმენტები უნდა დავუპირისპიროთ, მაგრამ, საბოლოო ჯამში, თუ სინოდი რაღაცაზე თანხმდება, მე ახლა დეპუტატობას მართლმადიდებლობა მირჩევნია.”

მასალების გადაბეჭდვის წესი