ღარიბაშვილი: აუცილებელია იუსტიციის საბჭოს ჩართულობა კანონშემოქმედებით პროცესში

საქართველოს პრემიერ–მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, აუცილებელია, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭო კანონშემოქმედებით პროცესში ჩაერთოს. ამის შესახებ ღარიბაშვილმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანთან და წევრებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

“აუცილებელია და გარდაუვალი არის უმაღლესი საბჭოს ჩართულობა კანონპროექტების შემოქმედების პროცესში, მე მოვუწოდებ იუსტიციის სამინისტროს, რომ მაქსიმალურად უზრუნველყოს ეს ჩართულობა და პროცესში მოხდეს თქვენი[იუსტიციის უმაღლესი საბჭოს] მონაწილეობა და ჩართულობა, ვინაიდან ჩვენ დავიწყეთ სასამართლო რეფორმა და ამ პროცესში აუცილებელია იყოს ყველა აზრი გათვალისწინებული იმისათვის, რომ მეტნაკლებად და მაქსიმალურად სრულყოფილი კანონპროექტები დავამუშაოთ”, – განაცხადა ღარიბაშვილმა შეხვედრის დასრულების შემდეგ. მან აღნიშნა, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანთან, ლევან მურუსიძესთან და საბჭოს წევრებთან შეხვედრა ძირითადად გაცნობითი ხასიათის იყო, თუმცა მან რამდენიმე მნიშვნელოვანი გზავნილი გაახმიანა:

 

 

მინდა აღვნიშნო, რომ ბატონი ბიძინა ივანიშვილის ინიციატივით, გასულ წელს მთავრობამ აიღო ვალდებულება და ეს ვალდებულება სრულად შეასრულა, მე ვგულისხმობ მოსამართლეების ხელფასების მატებას 70–80%–ით, ასევე, მოსამართლეთა აპარატის თანამშრომელთა ხელფასების მატებას, რამაც ძალიან დადებითი ეფექტი იქონია სასამართლოზე ზოგადად. აქვე მინდა აღვნიშნო ისიც, რომ გასულ წლებში, ბოლო 5 წლის განმავლობაში, პრაქტიკულად არ მომხდარა მოსამართლეთა ხელფასების მატება, მაშინ, როცა სხვა უწყებების თანამშრომელთა ხელფასები თითქმის ყოველ წელს იზრდებოდა. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებდა იმ მანკიერ, არასწორ დამოკიდებულებას, რომელიც არსებობდა წინა ხელისუფლების დროს სასამართლო სისტემასთან დაკავშირებით. მთავარი გზავნილი, რაც მე მქონდა, არის შემდეგი, რომ ჩვენი ხელისუფლების მთავარი მონაპოვარი არის დამოუკიდებელი სასამართლოს საფუძვლების ჩაყრა. ჩვენ გვაქვს პრეტენზია, რომ ვაშენებთ სამართლიან სახელმწიფოს, სამართლიან საზოგადოებას და ამის მიღწევა შეუძლებელი არის დამოუკიდებელი სასამართლოს არსებობის გარეშე”, – განაცხადა პრემიერ–მინსიტრმა.


იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნის, ლევან მურუსიძის განცხადებით, იმ კანონპროექტების განხილვაში, რაც სასამართლოს შეეხება, იუსტიციის უმაღლესი საბჭო თავიდანვე უნდა ჩაერთოს, მაგალითისთვის მან მოსამართლეთა გამოსაცდელი ვადა და ამ ვადის პერიოდში მათი გამოცდის კრიტერიუმები დაასახელა:


“მინდა აღვნიშნო, რომ ძალზედ მნიშვნელოვანი და ნაყოფიერი შეხვედრა გვქონდა, ბატონმა ირაკლიმ თავისი მობრძანებით კიდევ ერთხელ დაადასტრურა მთავრობის, ხელისუფლების პოზიცია, რომ მას სურს ქვეყანაში დამოუკიდებელი მართლმსაჯულების არსებობა. მე ბატონ პრემიერს ვთხოვე, მოვახსენე და ვუთხარი, რომ იუსტიციის სამინსიტროსთან უფრო მეტი ჩართულობა გვქონდეს და ჩვენი შეხვედრა კანონპროექტებთან დაკავშირებით, რომელიც სასამართლოს ეხება, არ მოხდეს მარტო პრეზენტაციაზე, არამედ სანამ პრეზენტაცია მოხდება და გაიმართება, მანამდე იყოს მაქსიმალური ჩართულობა”, – განაცხადა ლევან მურუსიძემ.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ანი ბერუკაშვილი