ახალი ამბები

ბურჭულაძე – ივანიშვილი დიდ ფულს და პრეზიდენტობას მთავაზობდა

25 სექტემბერი, 2018 • 3244
ბურჭულაძე – ივანიშვილი დიდ ფულს და პრეზიდენტობას მთავაზობდა

პაატა ბურჭულაძე ტელეკომპანია რუსთავი 2-თან საუბრისას აცხადებს, რომ ბიძინა ივანიშვილმა ხელისუფლებაში მოსვლამდე პრეზიდენტობა შესთავაზა, რაზეც უარი უთხრა კარიერისა და მაღალანაზღაურებადი სპექტაკლების გამო, რის შემდეგაც ქართული ოცნების ლიდერმა მას ფინანსური უზრუნველყოფაც შესთავაზა.

როგორც ბურჭულაძე აცხადებს, ბიძინა ივანიშვილს პარიზში ილია მეორის საპატივსაცემოდ გამართულ 200-კაციან ღონისძიებაზე შეხვდა, რომელიც ქართული ოცნების ლიდრმა საკუთარი სურვილით დააფინანსა.

პაატა ბურჭულაძემ განაცხადა, რომ ივანიშვილმა მასთან საუბარში მაგალითად მოიყვანა კახა კალაძე, რომელსაც “8 მილიონი ლარი მისცა ბანკისთვის”.

“ფინანსებზე თუა საუბარი, მაგი პრობლემა არ არისო. აგერ, კახი კალაძეს 8 მილიონი მივეცი ბანკისთვის და აი, კახი ახლა კარგად არისო… აქ დაჰკრა ზარმა! კახის პიროვნება და წარსული იყო მაშინ ივანიშვილის პირველი ავტორიტეტი და მას ეყრდნობოდა. უცებ თვითონ აიღო და ასეთი რამე მითხრა მასზე. მე როგორ შევეკითხებოდი, ფული ხომ არა გაქვთ ვინმესთვის გადახდილიო.

სხვათა შორის, მეორე დღეს ჩემს მეუღლეს უთხრა, 5 მილიონი მივეცი კახი კალაძესო. რა შუაში იყო საერთოდ ჩემი მეუღლე კახი კალაძესთან? რატომ მოუყვა ივანიშვილმა კახის ამბავი? ეს გაუგებარი იყო, მაგრამ მერე მივხვდი… მიუხედავად იმისა, რომ კახი მათ გუნდშია, მე კახის ძალიან დიდ პატივს ვცემ და კიდევ რამდენიმე ადამიანს მთელ ოცნებაში, რომლებსაც კიდევ შეიძლება ჰქონდეთ შანსი, კაცურად გამოვიდნენ იქიდან. შეიძლებოდა 10 მილიონიც მიეცა, 20 მილიონიც და 30 მილიონიც, არაფერი იქნებოდა ამაში დარღვევა, მაგრამ მე რატომ მიყვებოდა ამას?

მაშინ მივხვდი და დღეს უკვე 100%-ით დარწმუნებული ვარ, რომ ბიძინა ივანიშვილი ყველა ადამიანს აფასებს ლარში და დოლარში, თუ რამდენად შეიძლება მისი ყიდვა; გიყურებს და გთავაზობს რაღაც თანხას… თუ არ თანხმდები, უფრო მეტს გთავაზობს, მერე უფრო მეტს და მაინც თუ არ დათანხმდები, ბოლოს ხდები მისი საშვილიშვილო მტერი”, – ამბობს პაატა ბურჭულაძე.

პაატა ბურჭულაძის თქმით, ივანიშვილთან ვაჭრობა არ დაუწყია, მაგრამ ქართული ოცნების ლიდერი მას ძალიან დიდ თანხას სთავაზობდა, თუმცა ოდენობას არ ასახელებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი