ახალი ამბები

სამშვიდობო შეთანხმებაზე იაპონიამ რუსეთს უარი უთხრა

13 სექტემბერი, 2018 • 5271
სამშვიდობო შეთანხმებაზე იაპონიამ რუსეთს უარი უთხრა

იაპონია უარით პასუხობს პუტინის მიერ სამშვიდობო შეთანხმების დადების შესახებ შეთავაზებას. ამის შესახებ გამოცემა “ბლუმბერგი” იუწყება.

იაპონიის მინისტრთა კაბინეტის მდივნის, იოშიჰიდე შუგას განცხადებით, რუსეთთან სადავო ტერიტორიების პრობლემის მოგვარებასთან დაკავშირებით ტოკიოს პერსპექტივიდან არაფერი შეცვლილა. Japan Times-ის ცნობით, შუგამ აღნიშნა, რომ შეთანხმების დადებამდე ტერიტორიული პრობლემა უნდა გადაიჭრას.

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა იაპონიის პრემიერ-მინისტრ სინძო აბეს სამშვიდობო შეთანხმების დადება ვლადივასტოკში მიმდინარე ეკონომიკურ ფორუმზე შესთავაზა. პუტინმა აბეს მიმართა:

“იდეა მომივიდა: მოდი, დავდოთ სამშვიდობო შეთანხმება წლის ბოლომდე, ყოველგვარი წინაპირობების გარეშე”.

განცხადებას აუდიტორია დადებითად შეხვდა, თუმცა სინძო აბეს პუტინის შეთავაზების საპასუხოდ არაფერი უთქვამს.

2012 წლიდან დღემდე პუტინი და იაპონიის პრემიერი ტერიტორიული პრობლემის მოსაგვარებლად, 22-ჯერ შეხვდნენ. საქმე ეხება კუნძულებს, რომლებიც იაპონიაში ჩრდილოეთ ტერიტორიების, რუსეთში კი კურილიის კუნძულების სახელითაა ცნობილი.

კუნძულები საბჭოთა კავშირმა მეორე მსოფლიო ომის დასრულებისას დაიკავა, იქ მცხოვრები 17 000 იაპონელი კი გაასახლა. ტერიტორიებს ამჟამად რუსეთის ხელისუფლება განკარგავს. ტოკიოს პოზიცია, რომ რუსეთს უკანონოდ აქვს ოკუპირებული ტერიტორია, უცვლელი რჩება. ეს კი შეუძლებელს ხდის, ორ ქვეყანას შორის ოფიციალური სამშვიდობო ხელშეკრულება გაფორმდეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი