ინტერსექსი ადამიანებისთვის გერმანიამ “მესამე სქესის” ცნება დაამტკიცა

გერმანიამ დაამტკიცა ცვლილება, რომლის თანახმადაც ოფიციალურ დოკუმენტებში “მესამე სქესის” ვარიანტი გაჩნდება. ამ ცვლილების შესახებ გადაწყვეტილება გერმანიის საკონსტიტუციო სასამართლომ ერთი წლის წინ მიიღო, ხელისუფლებამ კი სასამართლოს გადაწყვეტილება აღასრულა. ცვლილება წლის ბოლოს შევა ძალაში.

კანოპროექტი, რომელიც ოთხშაბათს დაამტკიცეს, ინტერსექს ადამიანებს საშუალებად აძლევს, ოფიციალურ დოკუმენტებში მათი სქესი, როგორც “სხვა” ან “განსხვავებული” დაარეგისტრირონ. ცვლილებების ძალაში შესვლამდე ინტერსექს ადამიანებს შეეძლოთ, რომ ოფიციალურ დოკუმენტებში სქესი არ მიეთითებინათ.

ინტერსექსი არის ქოლგა ტერმინი და აერთიანებს სხეულის ბიოლოგიური ვარიაციების მრავალფეროვან სახეებს. ინტერსექსი ადამიანები იბადებიან ისეთი სქესობრივი მახასიათებლებით (მათ შორის, გენიტალიებით, სასქესო ჯირკვლებითა თუ ქრომოსომული შემადგენლობით), რომლებიც არ ესადაგება მდედრობით და მამრობით სქესს.

გასულ წელს გერმანიის საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა, რომ არსებული პრაქტიკა არღვევდა ადამინის უფლებებსა და ანტიდისკრიმინაციულ კანონს.

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
ელენე ხაჭაპურიძე არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2011 წლიდან. აშუქებს პოლიტიკის, განათლების, ჯანდაცვის, ადამიანის უფლებებს და მიმდინარე მოვლენებს. e-mail ellen.khachapuridze@gmail.com