ისრაელში ეტლით ჩასულმა ქართველმა აეროპორტში დაკავების შემდეგ დამოუკიდებლად გაიარა

“სასწაული” – ასე აფასებს ისრაელის მედიასაშუალება The Times of Israel რამდენიმე დღის წინ ბენ გურიონის აეროპორტში მომხდარ ფაქტს. საქართველოდან თანმხლებ პირთან ერთად ჩაფრენილმა კაცმა, რომელიც ეტლით გადაადგილდებოდა, დაკავების შემდეგ დამოუკიდებლად გაიარა.

მედიასაშუალების ცნობით, საქართველოდან ჩასულმა 38 წლის კაცმა და 40 წლის ქალმა ისრაელის მთავარ აეროპორტში მყოფი მესაზღვრეების ეჭვი მას შემდეგ დაიმსახურეს, რაც ისრაელში ლეგალური მიზნით ჩასვლა ვერ დაასაბუთეს. წყვილს თან ჰქონდა დიდი რაოდენობით ნაღდი ფული. ისინი ამბობდნენ, რომ კაცი იყო პარალიზებული და ისრაელში სასწრაფო მკურნალობის ჩასატარებლად ჩავიდა, თანმხლები ქალი კი მისი ნათესავი იყო.

თუმცა, როგორც The Times of Israel იტყობინება, წყვილს არ ჰქონდა სასტუმროს ჯავშანი, გარდა ამისა, თანხმლებმა ქალმა არაფერი იცოდა “თავისივე ნათესავის”, ეტლში მყოფი კაცის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე. სამართალდამცავების ეჭვი გააძლიერა იმანაც, რომ კაცს ტელეფონიდან წაშლილი ჰქონდა ყველანაირი ინფორმაცია, მათ შორის, მიმოწერები. საბოლოოდ, წყვილი დააპატიმრეს და სადეპორტაციო ციხეში გადაიყვანეს. როგორც ისრაელელმა სამართალდამცავებმა გაარკვიეს, ქალმა და კაცმა ერთმანეთი საქართველოში, ისრაელში გამგზავრებამდე ცოტა ხნით ადრე გაიცნეს და სწორედ ამგავრი არალეგალური გზით გადაწყვიტეს ქვეყანაში შესვლა.

მას შემდეგ, რაც სამართალდამცავებმა საქართველოდან ჩასული ეს ორი ადამიანი დააკავეს, ეტლში მყოფი კაცი წამოდგა და დამოუკიდებლად გაიარა. როგორც აღმოჩნდა, ის ეტლით ისრაელელი სამართალდამცავების თვალის ასახვევად გადაადგილდებოდა. დაკავებულებს საქართველოში უახლოესი რეისით დააბრუნებენ.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
თაზო კუპრეიშვილი არის "ნეტგაზეთის" რედაქტორი 2018 წლის პირველი თებერვლიდან.