ეროვნული ბანკი დაკრედიტების პოლიტიკას ამკაცრებს.

დაბალშემოსავლიანი პირებისთვის ე.წ. PTI კოეფიციენტი იზრდება. 2027 წლის თებერვლიდან, პირები რომელთა შემოსავალიც თვეში 2000 ლარამდეა, სესხის მომსახურებაში შემოსავლის 25%-ზე მეტს ვეღარ გადაიხდიან, 2027 წლის სექტემბრიდან აღნიშნული ზღვარი 2500 ლარამდე იზრდება.

2026 წლის სექტემბრის მდგომარეობით, მოქალაქეებს, რომელთა შემოსავალიც 1500 ლარზე ნაკლებია, მათთვის PTI კოეფიციენტი 25%-ითაა განსაზღვრული. ანუ თუ პირის ხელზე ასაღები ხელფასი 1200 ლარია, ბანკი მასზე ისეთ სესხს ვერ გასცემს თვეში რომ 350 ან 400 ლარის გადახდა მოუწიოს. ზედა ზღვარი 300 ლარია. სამომხმარებლო სესხები 4 წლიანია. 18%-იანი განაკვეთის პირობებში მოქალაქე 10 000 ლარის სესხის აღებას შეძლებს და თვეში 293 ლარის გადახდა მოუწევს, 12 000-ლარიანი სესხი კი აღარ დაუმტკიცდება, რადგან ყოველთვიური შენატანი 352 ლარამდე იზრდება. (მაგალითი პირობითია, სხვა და სხვა საკომისიოების დამატებით, შეიძლება რეალურ სიტუაციაში რიცხვები შეიცვალოს).

დღეს მოქმედი რეგულაციით ვისაც ხელფასი 1600 ლარი აქვს, მას სესხში ყოველთვიურად 50%-ის ანუ 800 ლარის გადახდა შეუძლია. 2027 წლის თებერვლიდან, ის 25%-მდე მცირდება. სექტემბრიდან 25%-ზე მეტს ვერც ისინი გადაიხდიან ვისი ხელფასი 2200 ან 2400 ლარი იქნება.

საბანკო სფერო ეროვნული ბანკის რეგულაციებს ექვემდებარება, რომლებიც წლიდან წლამდე მკაცრდება. რეგულაციების ძირითად არსს ფინანსური სტაბილურობის შენარჩუნება წარმოადგენს. ბანკში მოქალაქეთა და იურიდიულ პირთა დეპოზიტებია (მიმდინარე ანგარიშები და დეპოზიტებია) განთავსებული. დეპოზიტების მოცულობა 2026 წლის აგვისტოს მდგომარეობით 75 მლრდ ლარს აღემატება. ბანკი სესხებს სწორედ ამ თანხიდან გასცემს, სესხის გარკვეული ნაწილი ყოველთვის პრობლემდება, მაგრამ თუ მან მასობრივი ხასიათი მიიღო, გარდა იმისა, რომ გადახდისუუნარო ადამიანთა რაოდენობა გაიზრდება, შესაძლოა დეპოზიტებსაც შეექმნას პრობლემა. დღეს მსგავსი საფრთხე არ არსებობს.