ახალი ამბები

ჰაერის დაბინძურებით გამოწვეული სიკვდილიანობით საქართველო მსოფლიოში I ადგილზე არაა

10 ივლისი, 2018 • 7089
ჰაერის დაბინძურებით გამოწვეული სიკვდილიანობით საქართველო მსოფლიოში I ადგილზე არაა

“ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის” 2018 წლის ანგარიშშის  მიხედვით, ჰაერის დაბინძურებით გამოწვეული სიკვდილიანობის კუთხით საქართველო 70-ე ადგილზეა. ამით ორგანიზაციის  2016 წლის ანგარიშის მონაცემი შეიცვალა, რომლის მიხედვითაც საქართველო აღნიშნული მაჩვენებლით პირველ ადგილს იკავებდა.

2016 წლის მონაცემის შეცვლაზე მუშაობა “ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ”(WHO) ჯერ კიდევ 2016 წელს დაიწყო. ანგარიშის გამოქვეყნებიდან მალევე, WHO-ს ექსპერტთა მისიას ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო თბილისში შეხვდა, რა დროსაც გადაწყდა, რომ ორგანიზაცია ჰაერის დაბინძურების მაჩვენებელს თავიდან შეაფასებდა.

როგორც ჯანდაცვის სამინისტროს მაშინდელ განცხადებაში წერია, მონაცემი შეცდომას წარმოადგენდა, რომელიც მეთოდოლოგიური სახიათის იყო: კერძოდ, ორგანიზაციამ საქართველოში ჰაერის დაბინძურების შეფასების ერთ-ერთ ინდიკატორად შეცდომით 2003-2005 წლების მონაცემები გამოიყენეს. უწყება მაშინ აცხადებდა, რომ WHO შეცდომას მალე გაასწორებდა.

შედარებისთვის, 2016 წლის ანგარიშში ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია იუწყებოდა, რომ ჰაერის დაბინძურებას საქართველოში ყოველწლიუად 100 000 ადამიანს შორის 292 ეწირებოდა. ამ მონაცემს ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოც დაეყრდნო და საკუთარ ანგარიშშიც ასახა.

WHO-ს ახალი, 2018 წლის ანგარიშით კი, ჰაერის დაბინძურების გამო გარდაცვლილთა მაჩვენებელი 100 000-ზე 101.8-ს შეადგენს, რითაც საქართველო მსოფლიოს ქვეყნებს შორის 70-ე ადგილს იკავებს. ამ მონაცემით ევროპის სივრცეში საქართველოზე უარესი მაჩვენებელი მხოლოდ ტაჯიკეთსა და ყირგიზეთს აქვთ.

პირველ ადგილზე 324.1 კოეფეციენტით აფრიკის სახელმწიფო სიერა ლეონე დგას.

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი