სასტუმრო „ველმონდს“ [ყოფილი „ლეოგრანდი“] ექსპლუატაცია უნდა შეუჩერდეს – საგანგებო

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური სასტუმრო და სამორინე “ველმონდის” (ყოფილი “ლეოგრანდი”) შენობის ექსპლუატაციის შეჩერებას მოითხოვს.

​საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებით,  2018 წელს, სასტუმროსა და სამორინეში სახანძრო უსაფრთხოების მიზნით, სპეციალისტებმა სამჯერ განახორციელეს (დეტალური, საკონტროლო და მიზნობრივი) სახანძრო-ტექნიკური შემოწმება და გაიცა 43 რეკომენდაცია, რომელთა უმეტესობა არ შესრულებულა.

სპეციალისტების დასკვნით, შენობაში არ არის დამონტაჟებული კვამლსაწინააღმდეგო დაცვის სისტემები, რაც ხანძრის შემთხვევაში, შენობაში მყოფ ადამიანებს არ უტოვებს უსაფრთხო ადგილას ევაკუაციისა და გადარჩენის შესაძლებლობას:

“​გასული წლის ხანძრის შეფასების შედეგებმა აჩვენა, რომ ადამიანთა დაღუპვის ძირითადი მიზეზი სწორედ კვამლსაწინააღმდეგო სისტემების არარსებობა გახდა.

​კვლავ ვერ ხერხდება სამშენებლო კონსტრუქციების ცეცხლმედეგობისადმი დადგენილი ნორმების რეალიზება, რაც ხანძრის შემთხვევაში ცეცხლის სწრაფად გავრცელების საშიშროებას ქმნის. შენობაში არ შექმნილა საევაკუაციო გზებისთვის დამატებითი ინფრასტრუქტურა და გაურკვეველია, როდის დამონტაჟდება სართულების დამაკავშირებელი გარე საევაკუაციო კიბე.

ეს დარღვევების მცირედი ჩამონათვალია, რომლის გამოსწორებისთვის სასტუმროს ადმინისტრაციას არაერთხელ მიეცა გონივრული ვადა.”

სპეციალისტების დასკვნის საფუძველზე, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური დაუშვებლად მიიჩნევდა, სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნების დაკმაყოფილებამდე სასტუმრო და სამორინე “ველმონდის” შენობა ექსპლუატაციაში შესულიყო:

“თუმცა სასტუმროს ადმინისტრაციამ, მიმდინარე წლის 17 მაისს, სახელმწიფო სახანძრო ზედამხედველობის სამსახურის მოთხოვნისა და 2017 წლის 24 ნოემბერს სასტუმროში მომხდარი ხანძრის შედეგების სრული იგნორირებით განაახლა შენობის ექსპლუატაცია.

​სასტუმროს ადმინისტრაციამ სამჯერ შემოწმებისა და დაჯარიმების მიუხედავად, დღემდე ვერ წარმოადგინა კონკრეტული გეგმა, როგორ აპირებს სახანძრო უსაფრთხოების უზრუნველყოფას შენობაში. შენობის უსაფრთხოების კუთხით არსებული საგანგაშო მდგომარეობა, უმნიშვნელო ხანძრის შემთხვევაშიც კი, სერიოზულ საფრთხეს შეუქმნის ადამიანების სიცოცხლეს.”

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა მიმართა სასამართლოს, რათა განჩინების საფუძველზე, სასტუმრო და სამორინე “ველმონდის” შენობას შეუჩერდეს ექსპლუატაცია, რათა დაცული იყოს მოქალაქეების უსაფრთხოება.

სიახლეები “ლეონგრადში” გაჩენილ ხანძარზე

2017 წლის 24 ნოემბერს ბათუმში, შავშეთის ქუჩაზე მდებარე სასტუმრო “ლეო გრანდში” ხანძარი გაჩნდა, რის შედეგადაც, შენობაში მყოფი 11 ადამიანი გარდაიცვალა, 19-მა პირმა კი სხეულის დაზიანება მიიღო.

გამოძიების ინფორმაციით, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებებისა და ექსპერტიზების პასუხების შედეგად, დაადგინა, რომ სასტუმრო „ლეო გრანდი“ სახანძრო უსაფრთხოების წესების დარღვევით ფუნქციონირებდა. „ლეო გრანდის“ ხანძრთან დაკავშირებით, ოთხთვიანი გამოძიების შედეგად, 2 მენეჯერულ პოზიციაზე მომუშავე პირი დააკავეს.

სასტუმრო „ლეო გრანდში“ მომხდარი ფაქტი ბოლო წლებში საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული ხანძარია. პოლიციამ და მეხანძრე-მაშველებმა, უშუალოდ ხანძრის მომენტში, 100-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინეს.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
გიორგი დიასამიძე არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2014 წლიდან. აშუქებს საზოგადოებრივ-პოლიტიკურ თემებს, სპორტს და სხვა მიმდინარე მოვლენებს. ასევე, მუშაობს განათლების, ადამიანის უფლებებისა და სოციალურ საკითხებზე.