ახალი ამბები

ჭუბერი დაიტბორა – ადიდებულმა ნენსკრამ ხიდები წაიღო [ვიდეო]

5 ივლისი, 2018 • 16009
ჭუბერი დაიტბორა – ადიდებულმა ნენსკრამ ხიდები წაიღო [ვიდეო]

სვანეთში, სოფელ ჭუბერთან მდინარე ნენსკრა ადიდდა. ამ ინფორმაციას ნეტგაზეთს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში უდასტურებენ. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, რომ მდინარის ადიდება მთის ჩამოშლამ გამოიწვია. მდინარემ წაიღო 4 ხიდი. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, რომ ამ დროისთვის მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ აქვთ.

როგორც ადგილობრივი მოსახლეობა იუწყება, ადიდებულმა ნენსკრამ სოფელ ჭუბერში მდებარე ხიდები წაიღო, დაზიანდა გზები – დაიტბორა რამდენიმე სახლი.

როგორც სვანეთში მცხოვრები მანანა საღლიანი “ნეტგაზეთთან” საუბარში ამბობს, მდინარის ადიდება მთის მოწყვეტამ გამოიწვია. საღლიანის თქმით, ზედა ხეობის სოფლებთან კავშირი გაწყვეტილია. ხატია მაღლაფერიძემ კი “ნეტგაზეთს” განუცხადა, რომ მდინარის ადიდების შედეგად ჭუბერის ცენტრი მთლიანად დატბორილია. წყალმა სახლები წაიღო.

მაღლაფერიძის თქმით, ძლიერი წვიმა ჭუბერში გუშინ დაიწყო. მდინარე კი დაახლოებით ნახევარი საათია რაც ადდიდა.

როგორც ნეტგაზეთს “ნესკრაჰესის” პრესსამსახურში უთხრრეს, ისინი ადასტურებენ მდინარის ადიდებას, თუმცა აცხადებენ, რომ უკვე სამი თვეა იქ სამშენებლო სამუშაოები აღარ მიმდინარეობს. კომპანია “ნეტგაზეთს” მომხდართან დაკავშირებით დეტალების გარკვევას დაჰპირდა.

“ნეტგაზეთი” ცდილობს დამატებითი დეტალების გარკვევას.

მასალების გადაბეჭდვის წესი