ახალი ამბები

კვლევა: პოლიტიკური რეკლამით უკმაყოფილო არიან საარჩევნო სუბიექტებიც და მაუწყებლებიც

31 იანვარი, 2014 • • 1899
კვლევა: პოლიტიკური რეკლამით უკმაყოფილო არიან საარჩევნო სუბიექტებიც და მაუწყებლებიც

საინიციატივო ჯგუფის შემადგენლობაში, რომელიც კვლევას ატარებდა, შედიან ლაშა ტუღუში, ნათია კუპრაშვილი, ზვიად ქორიძე და ნინო რუხაძე. მათი განცხადებით, იმის შესწავლა, თუ რა გავლენა აქვს პოლიტიკურ რეკლამას საქართველოს მედიასა და საარჩევნო პროცესებზე, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

 

კვლევის თანახმად, 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნების კანდიდატების რაოდენობიდან გამიმდინარე, ტელევიზიებში სარეკლამო დროის აშკარა სიჭარბეს ჰქონდა ადგილი. 7 საპრეზიდენტო კანდიდატს შეეძლო უფასო პოლიტიკური რეკლამით სარგებლობა, რის გამოც ტელევიზიებს უფასო პოლიტიკური რეკლამისთვის დროის 6%–ის გამოყოფა მოუხდათ, ამას თუ დავუმატებთ ფასიან პოლიტიკურ რეკლამას და კომერციულ რეკლამას, ეთერის 41%–ს რეკლამა შეადგენდა.

 

როგორც ნათია კუპრაშვილი ამბობს- რეგულაციებით, რომელიც პოლიტიკურ რეკლამასთან დაკავშირებით არსებობს, უკმაყოფილონი არიან როგორც პოლიტიკური სუბიექტები, ასევე, მაუწყებლები:

“კვლევამ აჩვენა, რომ სერიოზული დისპროპორციაა წინასაარჩევნო პერიოდში მაუწყებელთა პროგრამულ ნაწილში, აღმოჩნდა, რომ წინასაარჩევნო პერიოდში რეკლამის წილი დაახლოებით 41%–მდე აღწევს, რაც მაუწყეველთა ეთერში სრულ პროგრამულ გადაადგილებას იწვევს და აზარალებს მაყურებელსაც”, – აცხადებს ნათია კუპრაშვილი.

კვლევის თანახმად, პოლიტიკური რეკლამის ფასი მკვეთრად განსხვავებულია თბილისში და რეგიონებში, რეგიონულ მაუწყებლებს რეკლამის განთავსება რამდენიმე ათეულიდან რამდენიმე ასეული ლარით ნაკლებ ფასად უწევთ, ამის გამო ისინი კიდევ უფრო მეტად ზარალდებიან.

ტელევიზიების გარდა, კვლევის თანახმად, პრობლემებია გარე რეკლამის კუთხითაც. თბილისის მეტროსა და საქალაქო ავტობუსებზე სარეკლამო აბრების განთავსების უფლებით ერთადერთი კომპანია შპს “აუთდორ.ჯი” სარგებლობს. ბილბორდების ფასი 450–დან 10 000 აშშ დოლარამდე მერყეობს და წინასაარჩევნოდ, როგორც წესი, ფასი მაღლა იწევს. 

როგორც ზვიად ქორიძე აცხადებს, გარე რეკლამაზე რეგულაციების დაწესება გაცილებით რთულია:

 

“გარე რეკლამის ნაწილში რეკომენდაცია ძალიან მწირია, რადგან აქ არ შეიძლება ჩვენ ვისაუბროთ მკაცრ რეგულირებებზე იმიტომ, რომ ეს არის ბიზნესის სფერო, ამიტომ ერთადერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რამ, რამაც უნდა მოაწესრიგოს გარე რეკლამა, არის დემონოპოლიზებული ბაზარი, კონკურენტული გარემო, რომელმაც შეიძლება, რომ უზრუნველყოს თანაბარი მონაწილეობა სუბიექტებისა სწორედ ამ გარე რეკლამაში”, – აცხადებს ქორიძე.

მისივე თქმით, კვლევამ აჩვენა, რომ ახალი ხელისუფლების პირობებში გარე სარეკლამო ბაზარი არ შეცვლილა. წინა მთავრობის პირობებში გარე სარეკლამო ბაზრის 80%–ს “აუთდორ.ჯი” ფლობდა, დანარჩენ ნაწილს კი “ველაჯიო” და “ალმა+” იყოფდნენ და ეს ვითარება დღემდე დიდად არ შეცვლილა

“წელიწადის და 3 თვის განმავლობაში, რაც ქვეყანაში არის ახალი მთავრობა, პრაქტიკულად არ შეცვლილა მდგომარეობა გარე რეკლამის ბაზარზე. იგივე სუბიექტები ოდნავ სახეცვლილი არიან. შეგვიძლია ვთქვათ, რომ გარე რეკლამის სისტემა ქვეყანაში- როგორც დიდ ქალაქებში, ასევე, ავტომაგისტრალზე- არის პრაქტიკულად იგივე. იმედი გვაქვს, რომ ამ პრეზენტაციის შემდეგ გვექნება ცალკეული შეხვედრები იმ ორგანიზაციებთან, რომლებმაც უნდა უზრუნველყონ ცვლილებები, ეს არის პარლამენტი, ეკონომიკის სამინისტრო, ინფრასტრუქტურის სამინისტრო, თბილისის მერია, ცენტრალური საარჩევნო კომისია. დარწმუნებული ვარ, მივაღწევთ იმას, რომ ეს გარემო შეიცვლება”, – აცხადებს ქორიძე.

კვლევის ავტორები მიიჩნევენ, რომ აუცილებელია საკანონმდებლო ცვლილებები, რომელიც უზრუნველყოფს გარე რეკლამის ბაზრის დემონოპოლიზებას, პოლიტიკური პარტიებისთვის უფრო ხელმისაწვდომი უნდა გახდეს გარე რეკლამის განთავსება, ასევე პოლიტიკური რეკლამის განთავსების რეგულაციები უნდა მოვიდეს შესაბამისობაში საგადასახადო და სამოქალაქო კოდექსთან.

საინიციატივო ჯგუფის მიერ შემუშავებული რეკომენდაციები ცვლილებების უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელ ორგანოებს გადაეგზავნებათ.

მასალების გადაბეჭდვის წესი