ახალი ამბები

ხიდაშელი: ამ ვიდეოს შეფასება ჩემთვის ცალსახაა, ეს არის სახელმწიფო ტერორიზმი

30 იანვარი, 2014 • • 909
ხიდაშელი: ამ ვიდეოს შეფასება ჩემთვის ცალსახაა, ეს არის სახელმწიფო ტერორიზმი
“ამ ვიდეოს შეფასება ჩემთვის ცალსახაა, ეს არის სწორედ სახელმწიფო ტერორიზმი. როდესაც საკუთარი მანიაკალური სურვილების, ბავშვობის დეფექტის, ვაჟკაცობის დეფიციტის დაკმაყოფილებისათვის ძალაუფლებას იყენებ, ეს არის სახელმწიფო ტერორიზმი, როდესაც უცებ გახსენდება, რომ ამ მანიაკალური სურვილის დაკმაყოფილებაში მზად ხარ ფული გადაიხადო, შესაძლოა, ბედიის ირონიით სწორედ იმ ორი გვამის ოჯახის მიერ გადახდილი გადასახადებიდან, ოღონდ 2 გვამი მოგიტანონ, და თან სულერთია, რომელია ეს ორი გვამი, ჩემი რეაქცია ამ ვიდეოზე ეს არის”, – აცხადებს თინა ხიდაშელი.
 
 
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ასევე, რამდენიმე განმარტებას აკეთებს გავრცელებულ ვიდეომასალასთან დაკავშირებით, რომელსაც “ფეიქსბუქზე” აქვეყნებს:
 
 
“1. როდესაც სამშობლო საფრთხეშია და ქვეყანა იღუპება, სპეცოპერაცია წინსასწარ იგეგმება საფრთხეების ანალიზით, და არა ასე – კოდუა, ახალაია, მოიფიქრეთ რამე;
 
 
2. პოლიციას მხოლოდ პროპორციული ძალის გამოყენების უფლება აქვს და სროლა მხოლოდ მაშინ შეუძლია, თუ მეორე მხარეს შეირაღებული ძალის გამოყენებაში უპირატესობა აქვს და სხვანაირად ვერ განეიტრალდება, ესეც უნდა დადასტურდეს და ანალიზი ჭირდება;
 
 
3. ლიკვიდაციის გეგმა შეიძლება არსებობდეს, მაგრამ ზევით ორი პუნქტი რომ დავწერე, ის უნდა მოხდეს ჯერ;
 
 
4. ლიკვიდაციის ბრძანებას არ გასცემენ “გააკეთეთ რამეს” ფორმატში;
 
 
5. ლიკვიდაციის ბრძანებას არ გასცემენ რომელიმე ორი გვამის სურვილით, მაგრამ კონკრეტული ადამიანები უნდა არსებობდნენ და კონკრეტული საფრთხე, რომელსაც სხვა ვერაფერი დაუპირისპირდება;
 
 
6. რომელიმე ორი გვამის მოთხოვნა, ამისათვის უცებ გახსენებული პრემიის შეთავაზება, ძალიან შეუსაბამო სიტყვაა, მაგრამ ახლა სხვა არ მახსენდება – სახელმწიფო კორუფციის მაგალითია”.
 

ვიდეომასალაზე, რომელიც გუშინ გავრცელდა, ასახულია ყოფილი შს მინისტრი ვანო მერაბიშვილი, ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, ყოფილი იუსტიციის მინისტრი ზურაბ ადეიშვილი, თბილისის ყოფილი მერი გიგი უგულავა და სხვა ყოფილი მაღალჩინოსნები.

 

“ორი გვამი მჭირდება, მომიტანეთ ეს ორი გვამი, პრემია იქნება დიდი,” – მიმართავს მერაბიშვილი სამხედრო ფორმაში ჩაცმულ პირებს. ვიდეოში საუბრის დროს ნახსენებია მუხროვანიც. 

 

აღნიშნულ საკითხზე პროკურატურამ უკვე დაიწყო გამოძიება.

 

მუხროვანში „სრულმასშტაბიანი“ სამხედრო ამბოხების გეგმის ჩაშლის და ჩატარებული სპეცოპერაციის თაობაზე წინა ხელისუფლებამ 2009 წლის 5 მაისს განაცხადა. სპეცოპერაციის შედეგად მოკლული იქნა გენერალი გია კრიალაშვილი და მძიმედ დაიჭრა კობა ოთანაძე.

 

მუხროვანის ამბოხში ბრალდებულთა საქმის გამოძიება ცხრა თვეში დასრულდა. 41 განსასჯელიდან მოსამართლემ რეინჯერთა ბატალიონის ყოფილ მეთაურს – ლევან ამირიძეს 28 წლით, კობა ოთანაძეს – 29 წლით, მუხროვანში განთავსებული ჯავშან-სატანკო ბატალიონის ყოფილ მეთაურს – შოთა (მამუკა) გორგიაშვილს კი 19 წლით პატიმრობა მიუსაჯა. სამივე მათგანს ბრალად ედებოდა ამბოხების მომზადება ხელისუფლების დამხობის მიზნით.

 

მოსამართლემ მე-3 ბრიგადის ყოფილ მეთაურს – კახა კობაიძეს სამი წლით თავისუფლების აღკვეთა და 10 000 ლარის გადახდა დაავალა; პირველი ბრიგადის ყოფილ მეთაურს, დავით სულხანიშვილს –  სამწლიანი პირობითი სასჯელი და 20 000 ლარის ჯარიმა. ორივეს დანაშაულის შეუტყობინებლობაში ედებოდა ბრალი. MI-8 ვერტმფრენის ყოფილ პილოტს, ზურაბ ჩალათაშვილს, 3-წლიანი პატიმრობა მიესაჯა, მუხროვანის სატანკო ბატალიონის ყოფილ სამხედროს, ზურაბ ბზიშვილს – 9-წლიანი პატიმრობა.

 

2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგად განხორციელებული სამთავრობო ცვლილებების შემდეგ, ახალი ხელისუფლების პირობებში, მუხროვანის საქმისთვის მსჯავრდებულები პოლიტპატიმრების სტატუსით გათავისუფლდნენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი