ახალი ამბები

NGO-ები: წულუკიანის განცხადება ტრანსგენდერ ადამიანებზე შეურაცხმყოფელი და პოპულისტურია

12 ივნისი, 2018 • 1862
NGO-ები: წულუკიანის განცხადება ტრანსგენდერ ადამიანებზე შეურაცხმყოფელი და პოპულისტურია

არასამთავრობო ორგანიზაციები ტრანსგენდერ ადამიანებთან დაკავშირებით იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის განცხადებას აკრიტიკებენ. მესამე სექტორში შემავალი რამდენიმე ორგანიზაცია, მათ შორის “თანასწორობის მოძრაობა”,  განცხადებას პოპულისტურად აფასებს და აღნიშნავს, რომ მინისტრი ტრანსფობიურად განწყობილი მოსახლეობის გულის მოგებას ცდილობს

“ტრანსგენდერი ადამიანების პრობლემების ამ სიტყვებით ფორმულირება არის მათი შეურაცხყოფა, პოპულიზმი და ტრანსფობიურად განწყობილი მოსახლოების გულის მოგების იაფფასიანი მცდელობა. შევახსენებთ იუსტიციის მინისტრსა და ზოგადად, საქართველოს მთავრობას, რომ ლგბტ თემის მიმართ მოსახლეობის ცნობიერების და მგრძნობელობის ამაღლება არის სახელმწიფოს პირდაპირი ვალდებულება . ასევე სახელმწიფოს პირდაპირი ვალდებულებაა მოქალაქეების უსაფრთხოების უზრუნველყოფა და არა ტრანსფობიის წახალისება.

სამწუხაროდ, კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ დღეს ტრანსგენდერი ადამიანების გვერდით სახელმწიფო არ დგას. სახელმწიფო ამ ადამიანებს არცერთ ეტაპზე არ აძლევს მოსახლეობაში სრულყოფილად ინტეგრაციის შესაძლებლობას”, – აღნიშნა “თანასწორობის მოძრაობის” წევრმა გიორგი თაბაგარმა დღეს, 12 ივნისს გამართულ ბრიფინგზე.

განცხადების ხელმომწერი ორგანიზაციები თეა წულუკიანის გადადგომის მოთხოვნას უერთდებიან და სახელმწიფოს ახალი მინისტრის დანიშვნას სთხოვენ, რომელიც როგორც ლგბტ ადამიანების, ისე სხვა ჯგუფების უფლებებს დაიცავს.

იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა 10 ივნისს ტელეკომპანია “იმედის” ეთერში ისაუბრა გასატარებელ რეფორმაზე, რომელიც უკავშირდება ტრანსგენდერი ადამიანების პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტში სქესის ჩანაწერის შეცვლას.

მინისტრმა ექსკლუზიური ინტერვიუ მისცა ტელეკომპანია “იმედს” მას შემდეგ, რაც ათმა არასამთავრობო ორგანიზაციამ გაავრცელა განცხადება მინისტრის გადადგომის მოთხოვნით.

“ეს არასამთავრობო ორგანიზაციები მე მთხოვენ, რომ ის ადამიანი, რომელსაც აქვს მამაკაცის ორგანოები, გავატარო ქალად სამოქალაქო რეესტრში და ის ადამიანები, რომელსაც აქვს ქალის ბიოლოგიური ორგანოები, გავატარო მამაკაცად”, – განაცხადა წულუკიანმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი