EU – სირიის მიერ აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის აღიარება საერთაშორისო სამართალს არღვევს

ევროკავშირი მიიჩნევს, რომ სირიის გადაწყვეტილება, აღიაროს აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი, საერთაშორისო სამართლის ნორმებს არღვევს:

“სირიის რეჟიმის გადაწყვეტილება, დაამყაროს დიპლომატიური ურთიერთობები საქართველოს სეპარატისტულ რეგიონებთან, აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან, არღვევს საერთაშორისო სამართალს და ტერიტორიული მთლიანობის პრინციპს, რომელიც განსაზღვრულია გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წესდებით და გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციებით.

ევროკავშირი სრულად უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობასა მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ჩვენ მზად ვართ ვიყოთ კონფლიქტების მოგვარების საქმეში აქტიური მხარდამჭერები, მათ შორის სამხრეთ კავკასიაში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლისა და საქართველოში კრიზისისა და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მუშაობით”,- ნათქვამია განცხადებაში.

სირიამ აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა 29 მაისს აღიარა. როგორც სირიის საგარეო საქმეთა სამინისტრო იუწყება: სირიის წინააღმდეგ განხორციელებული ტერორისტული აგრესიის დროს მათი მხარდაჭერის გამო, სირიის არაბული რესპუბლიკა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკებთან შეთანხმდა ურთიერთაღიარებასა და დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებაზე საელჩოების დონეზე.

ფაქტს მალევე გამოეხმაურნენ საგარეო საქმეთა სამინისტროში, სადაც აღნიშნეს, რომ საქართველოს სირიასთან დიპლომატიურ ურთიერთობებს წყვეტს. ამ დრომდე სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკების დამოუკიდებლობა რუსეთის გარდა, ვენესუელას, ნიკარაგუასა და ნაურუს აქვთ აღიარებული.

რუსეთი სირიის მთავრობის უმთავრესი საგარეო მოკავშირეა. მოსკოვმა ქვეყნის ტერიტორიაზე ავიადარტყმების განხორციელება 2015 წელს დაიწყო. ვლადიმერ პუტინი აცხადებდა, რომ კამპანიის მთავარი მიზანი ISIS-ის შესუსტება იყო, თუმცა აშშ-ს ოფიციალურ პირებს მოსკოვი არაერთგზის დაუდანაშაულებიათ სირიის ოპოზიციის წინააღმდეგ მოქმედებაში. რუსეთი კი თავის მხრივ, აშშ-ს სპელკულაციებში ადანაშაულებდა. სამოქალაქო ომის მიმდინარეობისას, ვითარება ასადის ხელისუფლების სასარგებლოდ, არაერთ შემთხვევაში, სწორედ რუსეთის ჩარევით შეიცვალა.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
ელენე ხაჭაპურიძე არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2011 წლიდან. აშუქებს პოლიტიკის, განათლების, ჯანდაცვის, ადამიანის უფლებებს და მიმდინარე მოვლენებს. e-mail ellen.khachapuridze@gmail.com