ახალი ამბებისაზოგადოებასამხრეთ კავკასიის ამბები

ქართულ-აფხაზური დებატის ერთი თავისებურება

16 მაისი, 2018 • 3455
ქართულ-აფხაზური დებატის ერთი თავისებურება

ავტორი: შოთა შველიძე, კონფლიქტოლოგი


„კონფლიქტი არის სისტემა, რომელშიც ერთმანეთთან შეუთავსებელი მიზნები არსებობს“, ასე ხსნის კონფლიქტის მთავარ არსს ნორვეგიელი სოციოლოგი, კონფლიქტოლოგიის დისციპლინის ერთ-ერთი ფუძემდებელი იოჰან გალტუნგი.

ის აქცენტს აკეთებს მიზნების შეუთავსებლობაზე, ანუ მომავალზე. ერთ ადამიანს შეიძლება თავისი მომავლის ხედვა ჰქონდეს, რომელიც საფუძვლიანად განსხვავდება მეორე ადამიანის მომავლის ხედვისგან. ამგვარად წარმოიქმნება მიზნების კონფლიქტი.

ადამიანი ქმედითი მხოლოდ აწმყოში და მომავალში არის, მას მხოლოდ მათზე შეუძლია გავლენის მოხდენა და არა წარსულზე. თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ კონფლიქტში წარსული არანაკლებ მნიშვნელოვანია და მისი ზეგავლენა დიდია ადამიანის ცნობიერებაზე, რომელიც ჩართულია კონფლიქტურ ან პოსტკონფლიქტურ სიტუაციაში.

წარსულმა განაპირობა ის, თუ როგორები ვართ ჩვენ დღეს. როგორია დღეს ჩვენი საზოგადოება, სოციალურ-კულტურული ჯგუფი, ერი… როგორ მოვედით აქამდე, ან ჩვენ როგორ აღვიქვამთ იმას, თუ როგორ მოვედით დღემდე. როგორ აღვიქვამთ ჩვენ ჩვენს იდენტობას საკუთარი თავის წინაშე და გარშემო სამყაროსთან მიმართებაში. ან მაგალითად, როგორ გამოვიარეთ კონფლიქტი.

კონფლიქტის შემდეგ, სხვადასხვა მხარეს მცხოვრებ ადამიანებშიც განსხვავებულია წარსულის აღქმა. მაგრამ ეს მხოლოდ ნახევარი ტრაგედია იქნებოდა. საქმე ის არის, რომ მხარეებს შორის წარსულის აღქმა, წარსულში მომხდარი მოვლენების ინტერპრეტაცია, ისევე როგორც მომავალში მოსახდენი მოვლენების ხედვა. მიზნები არა მხოლოდ განსხვავებული, არამედ ერთმანეთთან დაპირისპირებულიც, ურთიერთგამომრიცხავიც არის.

მაგალითად, 1). აფხაზეთი არის და უნდა იყოს დამოუკიდებელი სახელმწიფო – აფხაზეთი არ არის დამოუკიდებელი, ის საქართველოს ნაწილად უნდა არსებობდეს; 2). მთიანი ყარაბაღი აზერბაიჯანის ტერიტორიაა და მას უნდა დაუბრუნდეს – მთიანი ყარაბაღი სომხური მიწაა და ან დამოუკიდებელი იქნება, ან სომხეთთან უნდა მიერთდეს 3). პოლიცია არ უნდა შევარდნილიყო სპეცოპერაციით კლუბებში. ეს ძალის გადამეტება იყო – პოლიციას საკმარისი მიზეზი ჰქონდა იმის გასაკეთებლად, რაც გააკეთა 4). აგრესორი და ოკუპანტი რუსეთია და მის მიერ მართული სეპარატისტული რეჟიმებია, ხოლო მსხვერპლი საქართველო და მისი ნაწილი აფხაზეთი – აგრესორი და ოკუპანტი საქართველოა, ხოლო მსხვერპლი- აფხაზეთი და აფხაზი ხალხი და ა.შ. „ჭეშმარიტებები“ არა მხოლოდ განსხვავებული, არამედ ერთმანეთის მიმართ შეუთავსებელიცაა. სამწუხაროდ, ასე ვაზროვნებთ- ან ერთი, ან მეორე.

როდესაც ჩვენ ვისმენთ კონფლიქტის მეორე მხარეს მცხოვრები ადამიანისგან ჩვენდამი შეუთავსებელ „ჭეშმარიტებას“, ჩვენ პროტესტის და უსამართლობის გრძნობა გვეუფლება და პირველი რეაქცია არის, მოსაუბრეს ავუხსნათ, დავუმტკიცოთ, რომ ის ცდება და მისი „ჭეშმარიტება“ სულაც არ არის ჭეშმარიტი.

ვინაიდან აფხაზებთან შეხვედრის შესაძლებლობა ჩვენს საზოგადოებაში ყველას არ ჰქონია (ძირითადად სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს აქვთ), კარგი იქნება გავაანალიზოთ, თუ რას გრძნობს შენთან მოსაუბრე აფხაზი, როდესაც შენ მას საპირისპიროს უმტკიცებ.

აფხაზი გულშემაკტივარი ConIfa-ს ჩემპიონატში აფხაზეთის ნაკრების გამარჯვებას ზეიმობს: სოხუმი, ფოტო: იბრაგიმ ჭკადუა

აქ საინტერესო არის ჭადრაკის მაგალითზე დაკვირვება. როდესაც ჭადრაკში შენს მეტოქესთან ზედიზედ ათ პარტიაში მარცხდები, შენ გამოდიხარ წყობილებიდან, აღელვებული ხარ, რადგან შენს ინტელექტზე დარტყმას გრძნობ. ეს გამოწვევაა ადამიანის მენტალობისთვის და ფსიქიკისთვის. შენ კარგად იცი, რომ ჭადრაკში გამარჯვება სულაც არ ნიშნავს დიდ ინტელექტუალობას, ეს უბრალოდ ჭადრაკის თამაშის კარგად ცოდნას ნიშნავს და მეტს არაფერს. მაგრამ წაგებული პარტიების სერიის შემდეგ შენი მარცხის და უსუსურობის ტყვე ხდები. მაინც გეუფლება განცდა, რომ შენი ინტელექტი, იდენტობა კითხვის ნიშნის ქვეშ დგას, რადგან გონებრივ თამაშში დამარცხდი.

მსგავსი ფენომენია პოსტკონფლიქტური ადამიანების კამათისას, როდესაც მაგალითად, შენი მოსაუბრე აფხაზი შენგან ისმენს სრულიად საპირისპირო „ჭეშმარიტებებს“ აფხაზეთის ისტორიის, აფხაზეთის ომის შესახებ, ეს გარკვეულწილად მის გონებაზე, აზროვნებაზე დარტყმას წარმოადგენს.

ადამიანი გრძნობს გარკვეულ გამოწვევას მის სააზროვნო სისტემაზე. მას არ უნდა, რომ მიიღოს თუნდაც რაღაც ნაწილი „სიმართლისა“ ქართველი მოსაუბრისგან. რატომ უნდა დაიჯეროს პრინციპულ საკითხში საპირისპირო სიმართლის, როდესაც მთელი გააზრებული ცხოვრება საპირისპიროსი სჯეროდა?

თუმცა საქმე მხოლოდ გონებრივ, ანუ ცოდნის განზომილებას არ ეხება. ვიტყოდი, რომ აქ უფრო მეტად მნიშვნელოვანია რწმენითი ასპექტი. ადამიანს უფრო უჭირს რწმენითი „ჭეშმარიტების“ შეცვლა საკუთარ თავში, ვიდრე ცოდნითის. რწმენა უფრო ემოციური, ფაქიზი, ღრმა და ნაკლებად რაციონალურია.

საქართველოში არა მხოლოდ ვიცით, არამედ გვწამს, რომ აფხაზეთი საქართველოა და რომ ასე უნდა იყოს მომავალშიც. ისევე, როგორც რიგითი აფხაზისთვის აფხაზეთის დამოუკიდებლობა მისი იდენტობის ნაწილია. მისი ასეთი იდენტობა მხოლოდ ინტელექტისგან, ისტორიის და სხვა საკითხების თავისებური ცოდნებისგან კი არ შედგება, არამედ რწმენითი ფასეულობებისგანაც.

ომში დაღუპული ქართველი და აფხაზი მეომრების დედების დისკუსიაში, როდესაც ქართველი დედა აცხადებს, რომ მისი შვილი სამშბოლოს იცავდა, აფხაზი დედის მხრიდან მოდის შეკითხვა, თუ ვისგან იცავდა? აფხაზების შვილებისგან? აფხაზი დედა თავის ისტორიას ყვება, რომ მის შვილს საერთოდ არ უნდოდა ბრძოლა, მაგრამ ქართული ჯარის აფხაზეთში შესვლის და ომის დაწყების შემდეგ მან თავისი სამშობლოს – აფხაზეთის დასაცავად იარაღი აიღო ხელში.

ქართველი დედა ძალიან მძიმე ფსიქოლოგიური და ემოციური დარტყმის ქვეშ დგება, რადგან გამოდის, რომ მისი შვილი ფაქტიურად აგრესორის მხარეს იბრძოდა, ყოველ შემთხვევაში, აფხაზი დედის გადმოსახედიდან. თუკი მან თავის თავთან და სხვებთან აღიარა, რომ ჯარით აფხაზეთში შესვლა შეცდომა იყო, ეს, გარკვეულწილად, იმასაც შეიძლება ნიშნავდეს, რომ მისი შვილი ნებით თუ უნებლიეთ აგრესორის მხარეზე იბრძოდა. ეს კი მისთვის მიუღებელია, რადგან მთელი ამ ომის შემდგომ პერიოდში დედის მთავარი მანუგეშებელი ის რწმენა იყო, რომ მისი შვილი სამშობლოს ერთიანობისთვის ბრძოლას შეეწირა და ახლა მას ამ რწმენაშიც ედავებიან.

დამეთანხმებით, ურთულესი ემოციურ-რწმენითი გამოწვევაა. არავის უნდა, რომ აგრესორი გამოჩნდეს, პირველ რიგში, საკუთარ თავთან არის რთული ამის გაანალიზება. ყველას აწყობს, რომ მხოლოდ მსხვერპლი იყოს.

მსხვერპლის და აგრესორის აღქმის დიქოტომია აფხაზებშიც დაახლოებით იმავე სახით არსებობს.

ჩვენ გვიჭირს იმის გააზრება, რომ 90-იანი წლებიდან მოყოლებული ყველა შიდა სამოქალაქო/ეთნიკური ომი, რაც თავს გადაგვხდა, ჩვენივე ქმედებების შედეგად გადავიდა შეიარაღებულ დაპირისპირებებში. აფხაზებს უჭირთ დაფიქრდნენ იმაზე, რომ მათი პოლიტიკური ხელმძღვანელობის ქმედებებმა სიტუაციის ესკალაციაში თავიანთი წვლილი შეიტანეს.

თუკი აფხაზებს სწამთ, რომ კონფლიქტში სიმართლე მათ მხარესაა (და მათ ამის ღრმად სწამთ), მაშინ მათ არ უნდათ აღიარონ, რომ ისინიც თავის მხრივ სხვა ხალხის უბედურების მიზეზნიც არიან.

რწმენა ჩვენს „სიმართლეებში“ გვაძლევს ძალას, რომ არ მივიღოთ, დავბლოკოთ საპირისპირო აზრი, მტკივნეული რეალობა. რადგან ამას ჩვენი „სიმართლეების“ შესუსტებად აღვიქვამთ.

გვეშინია, თუ წარსულის გადააზრება დავიწყეთ, ე.ი. ჩვენს იდენტობას შევცვლით და მაშასადამე ჩვენი სამომავლო მიზნებიც შეიძლება შეიცვალოს. აქ საქმე ის  კი არ არის, თუ რომელია ჩვენ შორის მართალ-მტყუანი თავის ცოდნებში და რწმენებში (არადა, ცალცალკე საკითხებზე საუბრის დროც მოვიდა უკვე), არამედ იმაში, რომ კონფლიქტის მეორე მხარესთან ნებისმიერი სახის დიალოგისას, საუბრისას თუ კამათისას, გარდა პოლიტიკური და გეოპოლიტიკური რეალიებისა, ამ რთული, რწმენაზე დაფუძნებული „სიმართლის“ ფენომენის გათვალისწინებაც გვმართებს.

ენგურის ხიდი; ფოტო: თამარ ზანთარაია

მასალების გადაბეჭდვის წესი