როგორ მუშაობს ანტიდასავლური პროპაგანდა – მდფ–ის ახალი კვლევა

17 მედიასაშუალებაში 1 967 ანტიდასავლური კომენტარი გამოვლინდა – ამას ამბობს “მედიის განვითარების ფონდის” ახალი კვლევა “ანტიდასავლური პროპაგანდა”, რომელიც 2017 წლის მდგომარეობას ასახავს.

კვლევის მეთოდოლოგიის თანახმად, ავტორები მონიტორინგს უწევდნენ როგორც მეინსტრიმულ, ასევე ტაბლოიდურ მედიას- ჯამში, 17 მედიასაშუალებას. აქედან 4 ტელევიზიის პრაიმთაიმის ყოველდღიურ საინფორმაციო და კვირის ანალიტიკური გამოშვებას, 5 ტელევიზიის თოქ-შოუს, 7 ონლაინ გამოცემას და 4 გაზეთს. მონიტორინგი როგორც რაოდენობრივ, ასევე თვისებრივ მონაცემებს ასახავს.

“მედიის განვითარების ფონდი” ანალოგიურ კვლევებს წინა წლებშიც ატარებდა. 2017 წლის კვლევამ გამოავლინა, რომ წინა წლებისგან განსხვავებით, ანტიდასავლური პროპაგანდის მთავარი სამიზნე  საგარეო პოლიტიკური ორიენტაციაა, ვიდრე იდენტობასთან დაკავშირებული საკითხები, რაც ანტიდასავლური პროპაგანდის ბირთვი იყო წინა წლებში.

მაგალითად, თუ  წინა წლებში დომინირებდა აზრი, რომ დასავლეთი საქართველოს თავს ახვევს ჰომოსექსუალობას, პედოფილიას, გარყვნილი ცხოვრების წესს და ემუქრება მართლმადიდებლობას, ახლა ანტიდასავლური პროპაგანდა იყენებს ნარატივს, რომლის თანახმადაც, აშშ ერევა საქართველოს შიდაპოლიტიკურ საქმეებში, რომ ნატოში გაწევრიანება რუსეთის პროვოცირებას ნიშნავს და საქართველოს ნატოში მიღება არარეალისტური ამოცანაა.

კვლევის თანახმად, რუსეთი საქართველოს შემთხვევაში სამსაფეხურიან სტრუქტურას იყენებს – ქმნის საფრთხეებს, საქართველოს დასავლელი პარტნიორების მიმართ თესავს უნდობლობას და რუსეთს სახავს საფრთხეებთან ბრძოლის ერთადერთ შესაძლებლობად.

კრემლის მოქმედების სტრუქტურა უფრო ნათლად რომ დავინახოთ, კონკრეტული მაგალითის საფუძველზე შეგვიძლია ავხსნათ. ნატოს შემთხვევაში რუსეთი ცდილობს დაგარწმუნოთ, რომ ნატოში საქართველოს გაწევრიანების შემთხვევაში ქვეყანა დაკარგავს აფხაზეთსა და ცხინვალს. კრემლი ასევე ცდილობს დაგაჯეროთ, რომ ნატოს/ამერიკას საქართველოს დაცვა არ ძალუძთ და არ არიან დაინტერესებული კონფლიქტების მოგვარებით. ბოლო ეტაპზე კრემლი ცდილობს დაგარწმუნოთ, რომ რუსეთი იცავს ქვეყნას აგრესორი ნატოსგან, ამერიკისგან და სტალინი რომ ცოცხალი იყოს, საქართველოს გაამთლიანებდა.

სხვა არაერთ მიგნებასთან ერთად, ანგარიშის მთავარი მიგნებები ასე გამოიყურება:

  • წინა წლებთან შედარებით თითქმის გასამმაგებულია ანტიამერიკული გზავნილები (25,9%), რომელთაც ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსი (18,4%) და დასავლეთი (14,1%) მოსდევენ.
  • ანტიდასავლური გზავნილების მთავარი წყარო, წინა წლების მსგავსად, მედია (827) იყო, რომელსაც პოლიტიკოსები (463) და საზოგადოება (411) მოსდევენ. შემდეგ ადგილზე არიან საზოგადოებრივი ორგანიზაციები (230) და სასულიერო პირები (37)
  • გამოიკვეთა 4 ძირითადი მედია (Geworld.ge, საქინფორმი, ტვ “ობიექტივი“, “ასავალ-დასავალი”), რომელიც ანტიდასავლური გზავნილების მთავარი წყარო იყო.
  • გამოიკვეთა 4 ძირითადი საფრთხე, რომლის მიმართაც კრემლისტური აქტორები შიშს თესავდნენ. ესენია: ომის საფრთხე, ტერიტორიების დაკარგვის, ბიოდივერსიის, იდენტობის დაკარგვის.
  • პარტიებიდან ანტიდასავლური გზავნილების მხრივ, 2016 წლის მსგავსად, კვლავ გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობა (130) ლიდერობს, რომელსაც პატრიოტთა ალიანსი (91), ქართული დასი (44) და სოციალისტური საქართველო (40) მოსდევენ.
  • მედიამონიტორინგის შედეგად სულ 33 საზოგადოებრივი ორგანიზაციის ანტიდასავლური გზავნილი გამოვლინდა, რომელთაგან ყველაზე აქტიური  იყოულტრამემარჯვენე გაერთიანება “ქართული მარში”, გაერთიანებულ დემოკრატიულ მოძრაობასთან დაკავშირებული “სახალხო კრება”, “ევრაზიული ინსტიტუტი”, “უფლებადამცველთა გაერთიანება”, “გლობალური კვლევების ცენტრი” და “სტალინი”.

კვლევის თანახმად, ერთწლიანი მედიამონიტორინგის დროს, მედიის განვითარების ფონდმა პროექტის, „მითების დეტექტორის“ ფარგლებში 144 დეზინფორმაცია გამოავლინა, რომელშიც მონიტორინგის სუბიექტი, მედიასაშუალებების გარდა, შემთხვევითი შერჩევის პრინციპით სოციალურ ქსელებში გავრცელებული სხვა მედიების ყალბი ინფორმაციაც შევიდა. 144 ყალბი ფაქტის გადამოწმების დროს გამოყენებული იყო შემდეგი მეთოდები.

  • ყალბი ფოტო (23)
  • ისტორიის გაყალბება (19)
  • სოციალური მედია, როგორც ყალბი ინფორმაციის ცალმხრივი წყარო (8)
  • კონსპირაცია (6)
  • ვიდეომანიპულაცია (5)
  • ლიტერატურული ნაწარმოების/სატირულ-იუმორისტული პუბლიკაციის რეალურ ფაქტად წარმოჩენა (4)

ანგარიში მომზადდა მედიის განვითარების ფონდის (MDF) მიერ, “ტოლერანტობის, სამოქალაქო ცნობიერებისა და ინტეგრაციის მხარდაჭერის პროგრამის“ (PITA) ფარგლებში, რომელიც ხორციელდება საქართველოს გაეროს ასოციაციის მიერ, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
ელენე ხაჭაპურიძე არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2011 წლიდან. აშუქებს პოლიტიკის, განათლების, ჯანდაცვის, ადამიანის უფლებებს და მიმდინარე მოვლენებს. e-mail ellen.khachapuridze@gmail.com