ჯაფარიძე პოლიციელს: 84 ძირი მოსაწევი გვაქვს დარგული, რატომ აკავებენ ამ ადამიანს და ჩვენ არა

პოლიტიკური პარტია გირჩის ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე პოლიციელებთან საუბარში ამბობს, რომ პარტიის ოფისში 84 ძირი მარიხუანა აქვთ დარგული. ჯაფარიძემ ეს განცხადება პოლიციელებთან გააკეთა, რომლებიც გირჩის ოფისთან დაკავებული ერთ-ერთი პირის გადაყვანას ცდილობდნენ, რის საშუალებასაც მათ პარტიის წევრები არ აძლევდნენ:

“ეს კაცი რანაირად არის ჩემზე დამნაშავე, 84 ძირი მოსაწევი გვაქვს დარგული აქ, რა ლოგიკით მიგყავთ ეს ადამიანი და ჩვენ არა?” – თქვა ჯაფარიძემ.

ამის შემდეგ პარტიის წევრებმა ოფისიდან ქოთანი ჩამოიტანეს, სადაც მათი თქმით, მარიხუანაა დარგული.

მოგვიანებით, მათი პარტიის ოფისის მიმდებარედ დაკავებული პირი, რომელსაც “გირჩის” წევრები პოლიციას არ ატანდნენ, განყოფილებაში ნარკოლოგიურ შემოწმებაზე უარის თქმის გასაფორმებლად გადაიყვანეს. განყოფლებაში დაკავებულს პარტიის წევრებიც გაჰყვნენ, თუმცა მათ შენობა დაატოვებინეს.

 

Posted by Vakhtang Megrelishvili on Wednesday, 2 May 2018

“გირჩის” წევრების თქმით, პოლიციას არ აძლევდნენ საშუალებას, დაკავებული პირი წაეყვანათ. პარტიის წევრების ინფორმაციით, კაცს “გირჩის” ოფისთან ახლოს, მის სამსახურში აკავებდნენ, რადგან ოპერატიული ინფორმაციით, ის ნარკომომხმარებელი იყო.

პარტიის წევრები ამბობენ, რომ 5-6 უფორმო ადამიანი, რომლებმაც თავი შსს-ს თანამშრომლებად წარადგინეს, მოქალაქის დაკავებას ცდილობდა, რისი საშუალებაც მათ პარტიის წევრებმა არ მისცეს.

“ნეტგაზეთი” ამ ინფორმაციის გადასამოწმებლად საქართველოს შინაგან საქმეთა სამინსიტროს დაუკავშირდა, უწყების კომენტარს მიღბისთანავე შემოგთავაზებთ.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
მარიამ ბოგვერაძე არის "ნეტგაზეთის" რეპორტიორი 2016 წლიდან.