ევროკავშირს მხარს უჭერენ ისინიც, ვინც საბჭოთა კავშირის დაშლას ცუდად აფასებენ – NDI–ის კვლევა

NDI–ის დაკვეთით “CRRC საქართველოს” მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, იმ ადამიანების მესამედი, რომლებიც საბჭოთა კავშირის დაშლას უარყოფითად აფასებს, საქართველოს ევროკავშირში გაწევრებას მხარს უჭერს.

2018 წლის მარტში ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 42%–მა განაცხადა, რომ საბჭოთა კავშირის დაშლა ცუდი მოვლენა იყო საქართველოსთვის, მაშინ, როდესაც 63%–მა დააფიქსირა, რომ რუსეთი საფრთხეს წარმოადგენს საქართველოსთვის და გამოკითხულთა 21%–მა დაუჭირა მხარი ევრაზიის ეკონომიკურ კავშირში საქართველოს გაწევრებას.

“CRRC საქართველოს” დირექტორი კობა თურმანიძე აცხადებს, რომ საბჭოთა კავშირის დაშლის უარყოფითად შეფასება ავტომატურად არ ნიშნავს რუსეთის მიმართ სიმპათიებს. თურმანიძის შეფასებით, ამას რამდენიმე ფაქტორი განაპირობებს.

  • გამოკითხულთა ასაკი
  • ეკონომიკური მდგომარეობა
    რეგიონული განსხვავებები, განსაკუთრებით, უმცირესობების დასახლებები

“ერთ-ერთი ფაქტორი ჩრდილოური ორიენტაციაა, და არა ერთადერთი,” – განმარტავს თურმანიძე და ამატებს, რომ ბევრი რესპონდენტისთვის ეს პასუხი არის რეაქცია იმ გაჭირვებაზე, რაც მოჰყვა საბჭოთა კავშირის დაშლას საქართველოში.

შედეგის მიხედვით, იმათი უმრავლესობა (84%), რომლებიც მიიჩნევენ, რომ საბჭოთა კავშირის დაშლა კარგი მოვლენაა, აცხადებს, რომ საქართველო უნდა გახდეს ევროკავშირის წევრი, ხოლო, ამათი 8% მიიჩნევს, რომ საქართველო ევრაზიული სავაჭრო კავშირის წევრი უნდა გახდეს.

საბჭოთა კავშირის დაშლას ყველაზე მეტი მხარდამჭერი 18–35 წლის ასაკობრივ ჯგუფში ჰყავს, ყველაზე ნაკლები მხარადმჭერი კი 56+ ასაკის ადამიანებს შორის.

NDI-ს დაკვეთით, CRRC-საქართველოს მიერ მომზადებული კვლევა საქართველოში საზოგადოების განწყობებს ასახავს. გამოკითხვა 2018 წლის 28 მარტიდან 4 აპრილის მონაკვეთში ჩატარდა.  მთელი ქვეყნის მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გარდა) წარმომადგენლობითი შერჩევის პრინციპით გამოიკითხა 2 194 პირი. ცდომის საშუალო ზღვარი არის +/- 2.2%.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
მიშა მეფარიშვილი არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2010 წლიდან. აშუქებს კულტურის პოლიტიკის, ადამიანის უფლებების საკითხებს და სხვა მიმდინარე თემებს. Email: mishameparishvili@gmail.com