ახალი ამბები

დაცვის სპეციალური სამსახური მიხეილ სააკაშვილს და მის ოჯახს უცხოეთშიც დაიცავს

19 ნოემბერი, 2013 • • 1086
დაცვის სპეციალური სამსახური მიხეილ სააკაშვილს და მის ოჯახს უცხოეთშიც დაიცავს

 

“კანონის თანახმად, ჩვენ ექს–პრეზიდენტს და მის ოჯახს ვიცავთ, მიუხედავად მისი ადგილსამყოფელისა”, – აცხადებენ სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში და არ აკონკრეტებენ, ამჟამად რადმენი ადამიანი იცავს სააკაშვილს.

 

აღნიშნულ საკითხს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ კანონი არეგულირებს, რომელიც ამბობს:

 

“საქართველოს პრეზიდენტს თანამდებობაზე არჩევის დღიდან სიცოცხლის ბოლომდე ენიშნება პერსონალური დაცვა სამუშაო, მუდმივ და დროებით ადგილსამყოფელში. საქართველოს პრეზიდენტის უფლებამოსილების პერიოდში მისი ოჯახის წევრებს ენიშნებათ პერსონალური დაცვა და იგი შეუნარჩუნდებათ საქართველოს პრეზიდენტის უფლებამოსილების ვადის გასვლის შემდეგაც, მისი სიცოცხლის ბოლომდე”.

 

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომლის საპრეზიდენტო უფლებამოსილება 17 ნოემბერს შეწყდა, ამბობს, რომ ამ ეტაპზე საქართველოს ყოველდღიურ პოლიტიკურ ცხოვრებაში მონაწილეობას არ აპირებს. სააკაშვილი, რომელიც ამჟამად საქართველოში არ იმყოფება, თავისი გეგმების შესახებ ღია წერილში საუბრობს, რომელიც მან  15 ნოემბერს გაავრცელა:

 

“ვიცი, რომ მთავრობა ჩემს ყოველ ნაბიჯსა და განცხადებაზე ღელავს. მინდა მათაც ვუთხრა, რომ ვუსურვებ წარმატებას ეკონომიკური კრიზისის დაძლევაში, რუსული ზეწოლის გაძლებასა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის გაგრძელებაში, რომლისთვისაც ჩვენ ამდენი ვიმუშავეთ. ჩვენი საერთო ინტერესია, რომ მოვახდინოთ ზიანის მინიმიზაცია და თავიდან ავიცილოთ ყველაზე უარესი. არ ვაპირებ მათ რაიმე ფორმით შევუშალო ხელი. გუშინ დავასრულე ბოლო კონსულტაციები ევროკავშირის და ევროპარლამენტის ლიდერებთან ვილნიუსის სამიტის წინ. პარალელურად, განვიხილავ რამდენიმე წინადადებას წამყვანი უცხოური უნივერსიტეტიდან ჩემს სახელთან დაკავშირებული ახალი საერთაშორისო სამეცნიერო ცენტრის შექმნის თაობაზე. ვაპირებ, ამ ეტაპზე ამით დავკავდე და თავი შევიკავო საქართველოს ყოველდღიურ პოლიტიკურ ცხოვრებაში მონაწილეობისგან. ამის მიუხედავად, ყოველთვის მზად ვიქნები, დავდგე ჩემი ხალხის გვერდით ნებისმიერ დროს, როცა ამის აუცილებლობას დავინახავ და ვემსახურო ჩემს სათაყვანებელ სამშობლოს – საქართველოს”, – ნათქვამია მიხეილ სააკაშვილის განცხადებაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი