მორიგი ხანძარი თევდორე მღვდლის ქუჩაზე – დაიწვა საწყობები

ღამის 12 საათისთვის, თბილისში, თევდორე მღვდლის ქუჩაზე მორიგი ხანძარი გაჩნდა, რომელიც უკვე ლოკალიზებულია – ცეცხლი ამჯერად სავაჭრო ობიექტის საწყობებს გაუჩნდა, თუმცა ამ ეტაპზე უცნობია, რამდენი ადამიანი დაზარალდა და რა სახის პროდუქცია განადგურდა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს წინასწარი ინფორმაციით, დამწვარია 400-600 კვ.მ. ფართი. ადგილზე მობილიზებულია 11 სახანძრო-სამაშველო ბრიგადა.

როგორც სააგენტოში ნეტგაზეთს განუცხადეს, ცეცხლის გავრცელების საშიშროება აღარ არსებობს, ხოლო საბოლოო ინფორმაცია ხანძრის ლიკვიდაციის შემდეგ გვეცოდინება. მათივე ინფორმაციით, სანამ მთელ ტერიტორიას არ შეისწავლიან მეხანძრე-მაშველები და ყველა კერას არ ჩააქრობენ, ხანძრის ლიკვიდირებაზე ცნობა ვერ გვექნება – ამ პროცესს შესაძლოა რამდენიმე საათი დასჭირდეს.

თითქმის ორი თვის წინ:

  • თევდორე მღვდლის ქუჩაზე, 27 თებერვალს, სავაჭრო ცენტრ “ქალაქის გულშიც” გაჩნდა ხანძარი, რის შედეგადაც 3 000 კვ.მ. სავაჭრო ფართი დაიწვა, ხოლო ათეულობით მოვაჭრე დაზარალდა. ამ ხანძრიდან ზუსტად ორ დღეში, 2018 წლის პირველი მარტს, ძალაში შევიდა მთავრობის დადგენილება, რომელიც სავაჭრო ცენტრებისა და ბაზრობების მფლობელებს ობიექტების სავალდებულო დაზღვევას ავალდებულებს, რათა ხანძრით მიყენებული ზიანი სადაზღვევო კომპანიამ აანაზღაუროს.
ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
გიორგი დიასამიძე არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2014 წლიდან. აშუქებს საზოგადოებრივ-პოლიტიკურ თემებს, სპორტს და სხვა მიმდინარე მოვლენებს. ასევე, მუშაობს განათლების, ადამიანის უფლებებისა და სოციალურ საკითხებზე.