გალში 84 კილოგრამი ფაროსანა შეაგროვეს

აფხაზური საინფორმაციო სააგენტო აპსნიპრესის ცნობით, აპრილის ბოლომდე გალის რაიონი მავნებელ ხოჭოსთან ბრძოლის კომპლექსურ ზომებს მიიღებს.

გალის რაიონის საკარანტინო სამსახურის უფროსი რამინ ჩეხერია ამბობს, რომ ამჟამად მავნებლის მექანიკური შეგროვების პროცესი მიმდინარეობს, რის შემდეგაც სივრცეების დამუშავება მოხდება.

“მოსახლეობას საკუთარი ტერიტორიების დასამუშავებლად შხამქიმიკატებს დავურიგებთ. მექანიკური შეგროვება აპრილის ბოლოს დასრულდება. სწორედ ამ დროისთვის სხვა მავნებლები გაჩნდება და მათ კოპლექსურად გავანადგურებთ”.

როგორც ჩეხერია ამბობს, დღესდღეობით რაიონში, კერძო შემგროვებლების გარდა, აზიურ ფაროსანასთან საბრძოლველად უკვე მუშაობს 100 სამუშაო ჯგუფი.

“პირველ კვირას 84 კილოგრამი მავნებელი იყო შეგროვებული, ვგეგმავთ კიდევ 300-400 კილოგრამის შეგროვებას”.

რუსული მხარის მოთხოვნით, აფხაზეთში ფაროსანა წლის განმავლობაში უნდა განადგურდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში ვერც ერთი სოფლის მეურნეობის პროდუქცია რუსეთის ტერიტორიაზე აფხაზეთიდან ვერ შევა. რუსი მკვლევრები ამბობენ, რომ რუსეთისთვის მნიშვნელოვანია ეკოლოგიური ბალანსის შენარჩუნება კავკასიის რეგიონში, რამდენადაც სხვა შემთხვევაში ფაროსანა ჩრდილოეთისკენ დაიძრება.

გაურკვეველი ვადით აფხაზეთიდან რუსეთში ხილისა და თხილის შეტანის აკრძალვაზე რუსული სანქციის გამო სოხუმში ფაროსანასთან ბრძოლის სხვადასხვა ზომა მიიღეს. – აფხაზეთში აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის საკოორდინაციო საკითხების სხდომაზე რუსეთის სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლებმა აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის ერთ-ერთ კომპონენტად მოსახლეობას შესთავაზეს ხოჭოს შეგროვება და ფულის სანაცვლოდ ჩაბარება.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი