“ჩემ გვერდით დაწექი” – მასწავლებლის მხრიდან შესაძლო გარყვნილ ქმედებაზე გამოძიება დაიწყო

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ დღეს, 31 მარტს, დაიწყო გამოძიება საქმეზე, რომელიც ეხება სკოლის მასწავლებლისა და საფეხბურთო გუნდის მწვრთნელის მხრიდან 14 წლის მოსწავლის მიმართ შესაძლო გარყვნილ ქმედებას. შემთხვევა რამდენიმე დღის წინ გახმაურდა, რის შემდეგაც მასწავლებელმა სკოლა დატოვა.

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება გავრცელებული ცნობის საფუძველზე დაიწყეს და უწყებისთვის არავის მიუმართავს. “ნეტგაზეთმა” მოუსმინა აუდიოჩანაწერს, რომელიც, სავარაუდოდ, სწორედ მასწავლებლის მიერ მოსწავლისადმი ინტიმური შინაარსის შეთავაზებას ასახავს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 141-ე მუხლის მიხედვით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს გარყვნილ ქმედებას ძალადობის გარეშე 16 წელს მიუღწეველ პირთან. დამტკიცების შემთხვევაში, დანაშაული 5-დან 8 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

რაში ადანაშაულებენ სკოლის მასწავლებელს

მასწავლებელი კაცი, რომელსაც 14 წლის მოსწავლე გოგო გარყვნილ ქმედებაში ადანაშაულებს, 70 წლამდე ასაკისაა. შემთხვევა საქართველოს ერთ-ერთ რეგიონში მოხდა. აღნიშნულმა მოსწავლემ მასწავლებლის მხრიდან ინტიმური შინაარსის საუბარი ტელეფონით ჩაიწერა. აღნიშნული კაცი ერთ-ერთი ქალაქის სპორტსკოლის გოგონათა საფეხბურთო გუნდის მწვრთნელი იყო, ის სპორტის მასწავლებლად მუშაობდა ერთ საჯარო სკოლაშიც. “ნეტგაზეთი” ამ საჯარო სკოლის დირექტორს ესაუბრა.

დირექტორის თქმით, ინციდენტი, რომლის შესახებაც სკოლისთვის გახდა ცნობილი, არა საჯარო სკოლაში, არამედ სპორტსკოლაში მოხდა, სადაც აღნიშნული მასწავლებელი მწვრთნელად მუშაობდა, ბავშვი კი საფეხბურთო გუნდის წევრი იყო.

საჯარო სკოლის დირექტორი “ნეტგაზეთთან” ინტერვიუში ამბობს, რომ ამ მასწავლებლის გარყვნილი ქმედების შესახებ სხვა დროს არ სმენიათ და ის იყო “პატივსაცემი” პიროვნება, რომელმაც “ბევრი წარმატება მოუტანა” სკოლას. ის საჯარო სკოლაში მე-5, მე-6, მე-7, მე-8 და მე-9 კლასელებს ასწავლიდა.

“ეს მასწავლებელი 28 მარტს მოვიდა ჩვენთან სკოლაში. ასეთი ხმები დადის, მეც ვიციო, თქვენ ჩირქს არ მოგცხებთო და წავალო. დაწერა განცხადება, რომ ავადმყოფობის გამო გთხოვთ გამათავისუფლოთ სამსახურიდანო. ისედაც გული აწუხებდა და ეს მიუთითა მიზეზად. მე იმავე დღეს არ გამითავისუფლებია. დაფიქრებისთვის მივეცი 24 საათი და 30 მარტს გავათავისუფლე სამსახურიდან”, – უთხრა “ნეტგაზეთს” იმ საჯარო სკოლის დირექტორმა, სადაც გარყვნილ ქმედებაში დადანაშაულებული მასწავლებელი მუშაობდა.

“ნეტგაზეთი” ესაუბრა იმ უწყების წარმომადგენელს, რომლის უშუალო დაქვემდებარებაში არის აღნიშნული საჯარო სკოლა. მისი თქმით, შემთხვევა რაიონულ ცენტრში არსებულ სპორტკომპლექსში მოხდა.

“იქ 14 წლის გოგო მოსწავლესთან ჰქონიდა ისეთი შინაარსის საუბარი, რაც, წესით, არასრულწლოვანთან არ უნდა ჰქონოდა. სთავაზობდა ინტიმურ ურთიერთობას. ამ მოსწავლეს ეს საუბარი გადაუღია ტელეფონით, სხვებს ანახა ჩანაწერი და თქვა, რომ მწვრთნელი მას სთავაზობდა ურთიერთობას, რომელზეც ეს არ დათანხმდა. თუმცა ამ ჩანაწერში მისი სიტყვები კარგად არ იშიფრებაო”, – გვითხრა ინტერვიუში სახელმწიფო უწყების წარმომადგენელმა.

ოფიციალური პირის თქმით, მან ეს ამბავი 30 მარტს, საღამოს გაიგო და მუდმივ კავშირზეა იმ სკოლის დირექტორთან, სადაც აღნიშნული მასწავლებელი ასწავლიდა. კითხვაზე, მიმართა თუ არა შინაგან საქმეთა სამინისტროს, ის პასუხობს:

“არა, ჩვენ არ მიგვიმართავს. ჩვენს სკოლაში არ დაფიქსირებულა ეს ფაქტი და რომ გავიგეთ, უკვე გათავისუფლებული იყო. შესაბამისად, ჩვენი მხრიდან რეაგირებას უკვე აზრი არ აქვს”.  მისივე თქმით, რადგან შსს-მ გამოძიება დღესვე, 31 მარტს, დაიწყო და მასწავლებელიც გათავისუფლებულია, სკოლის ზედამხედველ უწყებას რეაგირების სამართლებრივი ბერკეტი არ აქვს.

“ნეტგაზეთი” შეეცადა გასაუბრებოდა გარყვნილ ქმედებაში დადანაშაულებულ მასწავლებელს, თუმცა მან რამდენჯერმე გაგვიმეორა, რომ საუბარი არ ესმოდა, რის შემდეგაც ტელეფონი გათიშა.

რა ისმის აუდიოჩანაწერში

“ნეტგაზეთმა” მოუსმინა სამწუთიან აუდიოჩანაწერს, რომელიც, სავარაუდოდ, სწორედ მასწავლებლისა და მოსწავლის საუბარს ასახავს. აუდიოჩანაწერში ისმის კაცისა და ახალგაზრდა გოგოს ხმა. გთავაზობთ მის ტრანსკრიპტს.

კაცი: მოდი აქ (არ ისმის)

გოგო: მასწ, ხომ იცით, რომ არ მომწონს ეს კოცნა და რაღაცეები?

კაცი: (არ ისმის) -კოცნით არ გაკოცებ.

გოგო: არ მინდა, რომ მაკოცოთ ვაბშე.

კაცი: (არ ისმის).

გოგო: არ მინდა კაცო ეს ხელი, არა.

კაცი: (არ ისმის)…

გოგო: რა?

კაცი:  აქ, ჩემ გვერდით დაწექი.

გოგო: რა ვქნა? რატომ დავწვე თქვენ გვერდით?

კაცი: (არ ისმის)

გოგო: რატომ მძულხართ, მასწ? უბრალოდ, არ მიყვარს ასეთი რაღაცეები.

კაცი: ხომ მითხარი, ისეთი დავრჩებიო.

გოგო:  მე არ მითქვამს, რომ თანახმა ვარ.

კაცი: მოდი დაჯექი, დაჯექი. ტაკოზე უნდა გაგარტყა.

გოგო: რატომ უნდა გამარტყა ტაკოზე?

კაცი: კაი გოგო ხარ და იმიტომ. … ვილაპარაკოთ გოგო ცოტა ხანს, სად მირბიხარ?

——

გოგო: სამი დღე რა ვიცი მე, მასწავლებელო. მასწავლებელო, ჩემზე უფროსი ხართ,

კაცი: სამი, მაცალე (არ ისმის)… გაჩერდი. რა შუაშია?

გოგო: რა შუაშია კი არა, მე ვარ ბავშვი, გასათხოვარი გოგო.

კაცი: გოგო ხარ ლამაზი.

გოგო: ბევრი ლამაზი გოგო დადის, მაგრამ მე ვარ გასათხოვარი, ნორმალური ოჯახის შვილი ვარ.

კაცი: ვიცი. ერთი მომისმინე… ერთსაც გეტყვი. კაი, იყოს ასე (არ ისმის). ერთი თხოვნა მაქვს კიდევ. ისა, რა ქვია…

გოგო: რა თხოვნა გაქვს?

კაცი: იყავი ბედნიერი ცხოვრებაში და (არ ისმის).

გოგო: მადლობა მასწ, მაგრამ ჩემზე უფროსი ხართ და ეს მეორედ არ განმეორდეს, თორემ ღმერთს გეფიცებით, მე გავალ გუნდიდან.

კაცი: არა, არ გახვალ და იქნები, აი, დაგიყენებ მეგობარივით.

გოგო: ვსიო მასწ, არ მინდა ეს ბევრი რაღაცები.

კაცი: მეგობარი…

გოგო: მეგობარი ვიყოთ.

კაცი: დაჯექი გოგო.

გოგო: ვაიმე დედა, მეტკინა ხელი.

კაცი: (არ ისმის). იქნები ჩემი (არ ისმის)

გოგო: არ მიყვარს მასწ, ეს ზედმეტობები.

კაცი: აბა, დაჯექი.

გოგო: ბაბუასავით მიგიღეთ თქვენ და….

კაცი: ჩემი ძმაკაცი ხომ ხარ?

გოგო: ძმაკაცი, რა…

კაცი: ერთი მომისმინე, იყავი ძმაკაცი ყოველთვის (არ ისმის).

 


აღნიშნული ჩანაწერი სამწუთიანია და ის, სავარაუდოდ, სწორედ მობილური ტელეფონითაა გადაღებული. ჩანაწერში გოგოს ხმა უფრო გარკვევით ისმის, ვიდრე კაცის.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
თაზო კუპრეიშვილი არის "ნეტგაზეთის" რედაქტორი 2018 წლის პირველი თებერვლიდან.