ახალი ამბები

ციხეში 16 წლის მოზარდის დაღუპვის საქმეზე პრეზიდენტი ობიექტურ გამოძიებას ითხოვს

11 ოქტომბერი, 2013 • • 1019
ციხეში 16 წლის მოზარდის დაღუპვის საქმეზე პრეზიდენტი ობიექტურ გამოძიებას ითხოვს

 

“უკანასკნელ პერიოდში სასჯელაღსრულების სისტემაში განვითარებული ტრაგიკული მოვლენები ცხადჰყობს, რომ ციხის მაყურებლებსა და სასჯელაღსრულების სისტემის თანამშრომლების შორის უკანონო კავშირებმა სისტემური ხასიათი მიიღო. სამინისტროს წარმომადგენელთა მხრიდან არაერთხელ იქნა აღიარებული სასჯელაღსრულების დაწესებულებებში ე.წ. მაყურებლების ინსტიტუტის არსებობა, რაც წარმოადგენს უკანასკნელი წლების ერთ-ერთი მთავარ მონაპოვარზე უარის თქმას და საფრთხეს უქმნის მთელი საზოგადოების უსაფრთხოებას. სასჯელაღსრულების დაწესებულებებში ადრეც არსებობდა პრობლემები, რის თაობაზეც მე არაერთხელ განმიცხადებია, მაგრამ საგანგაშოა, რომ მრავალი წლის შემდეგ სასჯელაღსრულების სისტემაში კვლავ შეინიშნება ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტების გააქტიურება და მათ მიერ პენიტენციალური სისტემის მართვაში პირდაპირი ჩარევა, რაც უკვე გახდა არაერთი ტრაგიკული შემთხვევის მიზეზი. სამწუხაროდ, თითოეული ასეთი მოვლენის კვალდაკვალ გვიხდება იმის დეკლარირება, რომ სამინისტროს ხელმძღვალელობას არ შესწევს უნარი გაუმკლავდეს არსებულ რეალობას და გადადგას ქმედითი ნაბიჯები სასჯელაღსრულების სისტემაში უკანასკნელ ხანს წარმოქმნილი პრობლემების გადასაჭრელად. ქართული საზოგადოებისათვის ცნობილია იმ შემზარავი ფაქტის შესახებ, რაც დაკავშირებულია ქუთაისის N2 სასჯელარსრულების დაწესებულებაში 16 წლის გოგა ძველაიას გარდაცვალებასთან. გუშინ ვიმყოფებოდი გარადცვლილის ოჯახში, შევხვდი მის მშობლებს და პირადად მოვისმინე ის კითხვები, რაც მათ მომხდართან დაკავშირებით აქვთ. როგორც ისინი აცხადებენ, გოგა ძველაიას დაკავებას იმთავითვე პირადი მოტივები ედო საფუძვლად. ციხეში ყოფნის პერიოდში მას ჰქონდა კონფლიქტი დაწესებულების თანამშრომელთან და ე.წ. ციხის მაყურებლებთან, რის შესახებაც მან აცნობა დაწესებულების დირექტორს და სთხოვა დაეცვათ ის შურისძიებისგან. ადმინისტრაციისთვის ისიც იყო ცნობილი, რომ გოგა ძველაიასა და ე.წ. მაყურებლებს შორის აქამდეც იყო კონფლიქტი, რაც პატიმრის ჯანმრთელობის დაზიანებითა და მის სამკურნალო დაწესებულებაში მოთავსებით დასრულდა. მიუხედავად ამისა, მშობლების განცხადებით, ციხის ადმინისტრაციამ ვერც ამჯერად უზრუნველყო ძველაიას უსაფრთხოება და ის ანგარიშსწორების მსხვერპლი გახდა. ასეთ ვითარებაში აუცილებელია ჩატარდეს სრულყოფილი, გამჭირვალე და ობიექტური გამოძიება. მოვუწოდებ საქართველოს სახალხო დამცველს, შეისწავლოს აღნიშნული საქმის კონკრეტული გარემოებები, რათა არცერთი შეკითხვა არ დარჩეს პასუხგაუცემელი”, – ნათქვამია პრეზიდენტის მიმართვაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი