ახალი ამბებისაზოგადოებასამხრეთ კავკასიის ამბები

ცხინვალმა თამარ მეარაყიშვილზე სისხლის სამართლის ახალი საქმე აღძრა

21 მარტი, 2018 • 5632
ცხინვალმა თამარ მეარაყიშვილზე სისხლის სამართლის ახალი საქმე აღძრა

ახალგორელი სამოქალაქო აქტივისტის, თამარ მეარაყიშვილის მიმართ სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პროკურატურამ რიგით მეორე სისხლის სამართლის საქმე აღძრა. ამ ეტაპზე ცნობილია მხოლოდ ის, რომ საქმე აღიძრა მუხლით, რომელიც ოფიციალური დოკუმენტების, ჯილდოების, ბეჭდის, შტამპის, ბლანკის გაყალბებას ითვალისწინებს.

მერაყიშვილს უწყება ახალგორის პროკურატურიდან 20 მარტს ჩააბარეს, დღეს კი დაკითხვაზე დაიბარეს, თუმცა იმის გამო, რომ მეარაყიშვილს პროკურორის გადაწყვეტილება არ გააცნეს,  დაკითხვაზე უარი განაცხადა. თამარ მეარაყიშვილის ინფორმაციით, დანაშაულის გასაცნობად ის პროკურატურაში დღესვე, მოგვიანებით დაიბარეს.

პირველი სისხლის სამართლის საქმე მეარაყიშვილის წინააღმდეგ დე ფაქტო რესპუბლიკის პროკურატურამ მმართველი, “ერთიანი ოსეთის” პარტიის მიმართ ცილისწამებით მუხლით 2017 წლის აგვისტოში აღძრა. მას შემდეგ დღემდე საგამოძიებო ორგანოებს მეარაყიშვილისთვის არ დაუბრუნებიათ პირადი ჩხრეკის დროს ჩამორთმეული ნივთები, მათ შორის საბუთები, რის გამოც ის დე ფაქტო რესპუბლიკის ტერიტორიას ვერ ტოვებს.

მეარაყიშვილის საქმეზე ცხინვალის ხელისუფლების მისამართით არაერთი განცხადება და მიმართვა გაკეთდა როგორც ქართული, ასევე საერთაშორისო უფლებადამცველების მხრიდან.

მის მიმართ სისხლის სამართლის საქმის დაწყებამდე თამარ მეარაყიშვილი ახალგორის რაიონის სახელით ხშირად მონაწილეობდა საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ კონფლიქტური რეგიონებისა და ამ საკითხებზე გამართულ კონფერენციებში, რომლებიც თბილისში ან საქართველოს ფარგლებს გარეთ ეწყობა.

ახალგორის რაიონი 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ თბილისიდან ცხინვალის კონტროლის ქვეშ გადავიდა.


ამავე თემაზე: 

ჩემი არაოფიციალური შინაპატიმრობა ახალგორში

ჩემი საქმე N 961705

მასალების გადაბეჭდვის წესი