ახალი ამბები

სურამის ფსიქიატრიულ საავადმყოფოში დროებითი მმართველი დაინიშნება

12 მარტი, 2018 • 1702
სურამის ფსიქიატრიულ საავადმყოფოში დროებითი მმართველი დაინიშნება

ჯანდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებით, ქაჯაიას სახელობის  სურამის ფსიქიატრიულ საავადმყოფოში დროებითი მმართველი დაინიშნება.

სამინისტრო ცნობით, აღნიშნული გადაწყვეტილება ჯანდაცვის მინისტრის განკარგულებით შექმნილმა სპეციალური მონიტორინგის ჯგუფმა მიიღო და მისი მიზანი არსებული პრობლემების ოპერატიულად აღმოფხვრაა

“მონიტორთა ჯგუფმა ადგილზე კლინიკური, ადმინისტრაციული და ხარისხის კონტროლის მიმართულებით ვითარება შეისწავლა. ისინი დაწესებულებაში არსებული სიღრმისეული პრობლემების დეტექციისა და ლიკვიდაციისთვის სპეციალურ რეკომენდაციებს მოამზადებენ”,- ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში. 

სურამის ფსიქიატრიული საავადმყოფო 5 მარტს მოინახულა სახალხო დამცველმა. ომბუდსმენის განცხადებით, უკიდურესად შეშფოთებულია დაწესებულებაში არსებული ინფრასტრუქტურული და თერაპიული გარემოთი, რაც პაციენტებს ფაქტიურად გაუსაძლის, ადამიანის ღირსების შემლახავ პირობებში ამყოფებს.

სახალხო დამცველის შეფასებით, “სურამის ფსიქიატრიული საავადმყოფოს” მთლიანი შენობა, როგორც საცხოვრებელი, ასევე საერთო სარგებლობის ტერიტორიები, ძველი და გაუმართავია, ძველია ინვენტარიც, უკიდურესად მძიმეა სანიტარულ-ჰიგიენური მდგომარეობა და ფაქტიურად არ არსებობს თერაპიული გარემო.

მასალების გადაბეჭდვის წესი