ქალების 22%, ხოლო კაცების – 31% ცოლის ცემას ამართლებს – გაეროს კვლევა

ქალთა მიმართ ძალადობის შესახებ ახალი ეროვნული კვლევის მიხედვით, საქართველოში 7-დან 1 ქალს ოჯახში ძალადობა გამოუცდია, ქალების 9% სექსუალური ძალადობის მსხვერპლი ბავშვობაში გამხდარა, 5-დან 1 ქალი  ამბობს, რომ სექსუალური შევიწროება გამოუცდია. გაეროს ქალთა ორგანიზაციის ანონსით, აღნიშნული კვლევის პრეზენტაცია ხვალ გაიმართება.

“კვლევის შედეგები გვაჩვენებს, რომ საქართველოში ქალებისა და კაცებისთვის ქალთა მიმართ ძალადობა დიდწილად კვლავაც მისაღებია: ქალების თითქმის ერთ მეოთხედს (22%) და კაცების ერთ მესამედს (31%) მიაჩნია, რომ  ცოლის ცემა გარკვეულ გარემოებებში გამართლებულია. უფრო მეტიც: ქალების თითქმის ერთი მეოთხედი (23%) და კაცების თითქმის ნახევარი (42%) მიიჩნევს, რომ ცოლი ქმარს მაშინაც კი უნდა დაემორჩილოს, თუ ის მას არ ეთანხმება”, – ნათქვამია ანონსში.

კვლევა გაეროს ქალთა ორგანზიაციამ, საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა და ევროკავშირმა ერთობლივად ჩაატარეს. ანონსის მიხედვითკვლევის შედეგად, 2009 წლის შემდეგ პირველად მოხდა ქალთა მიმართ ძალადობის გავრცელებისა და ამ პრობლემის მიმართ მოსახლეობის დამოკიდებულებების შესახებ ეროვნული მასშტაბის სარწმუნო მონაცემების მოპოვება. ამას გარდა, კვლევამ პირველად შეისწავლა საქართველოში სექსუალური შევიწროებისა და ადევნების გავრცელება.

ეროვნული კვლევის პროცესი 2017 წელს მიმდინარეობდა და რაოდენობრივ და ხარისხობრივ მეთოდოლოგიებს აერთიანებდა. მთელი ქვეყნის მასშტაბით სულ 15-64 წლის 6,006 ქალი და 15-64 წლის 1,601 კაცი გამოიკითხა. ხარისხობრივი კვლევა კი 47 შეხვედრას მოიცავდა. კვლევა საქართველოში გაეროს ქალთა ორგანიზაციისა და საქსტატის ერთობლივი ძალისხმევითა და ევროკავშირის მხარდაჭერით  პროექტის ფარგლებში „ერთად დავძლიოთ ქალთა მიმართ ძალადობა“ ჩატარდა.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
დათო ქოქოშვილი არის ნეტგაზეთის რედაქტორი 2018 წლის 1 თებერვლიდან. მანამდე ის იყო ნეტგაზეთის რეპორტიორი 2013 წლიდან. Email: davit.qoqoshvili@gmail.com