ახალი ამბები

“ნუ მოკლავ ჯაფარას” და “ჰეკლბერი ფინი” მინესოტაში სასწავლო პროგრამიდან ამოიღეს

12 თებერვალი, 2018 • 6966
“ნუ მოკლავ ჯაფარას” და “ჰეკლბერი ფინი” მინესოტაში სასწავლო პროგრამიდან ამოიღეს

აშშ-ში, მინესოტის შტატის ქალაქ დულუთში ჰარპერ ლის “ნუ მოკლავ ჯაფარას” და მარკ ტვენის “ჰეკლბერი ფინის თავგადასავალი” საჯარო სკოლების პროგრამიდან ამოიღეს იმ მოტივით, რომ წიგნებში გამოყენებული რასისტული გამოთქმები მოსწავლეებს “ამცირებს და მათ მარგინალიზებას ხელს უწყობს”.

გარდიანის” ცნობით, წიგნებს მომავალი სასწავლო წლიდან ამოიღებენ მეცხრე და მეთერთმეტე კლასების კურიკულუმებიდან. დულუთის სასწავლო კურსის პროგრამების დირექტორის, მაიკლ კერის თქმით, სურს, რომ მისი სამსახური ყველა სტუდენტზე თანაბრად ზრუნავდეს.

მისი თქმით, ის, რასაც “ნუ მოკლავ ჯაფარას” და “ჰეკლბერი ფინის თავგადასავალი” ასწავლის მოსწავლეებს, სხვა ლიტერატურითაც შეიძლება, სადაც რასისტული ტერმინები გამოყენებული არ იქნება.

რასისტული ტერმინები ორივე ნაწარმოებში ხშირადაა გამოყენებული, თუმცა ამერიკული ლიტერატურის შედევრები ანტირასისტულ ტექსტებად მიიჩნევა.

ადგილობრივი გაზეთი Bemidji Pioneer იუწყება, რომ ამ ნაწარმოებების კურიკულუმიდან ამოღების მოთხოვნით არცერთ სტუდენტს არ მიუმართავს, თუმცა ეს ნაწარმოებები “საკლასო ოთახებში უხერხულ ატმოსფეროს ქმნიდა.”

ორი რომანის კურიკულუმიდან ამოღებას მხარს უჭერდა “ფერადკანიანთა გაძლიერების ეროვნული ასოციაცია”. მისი ადგილობრივი პრეზიდენტი სტეფან უაითერსპუნი ამბობს, რომ ორივე ნაწარმოები “არის მტკივნეული” და მათში გამოყენებულია “მტკივნეული ლექსიკა, რომელიც 200 წლის განმავლობაში ადამიანებს ტანჯავდა”, – ამბობს უაითერსპუნი.

გადაწყვეტილებას ეწინააღმდეგება “ეროვნული კოალიცია ცენზურის” წინააღმდეგ. ასოციაცია აცნობიერებს, რომ ნაწარმოებებში გამოყენებულია შეურაცხმყოფელი ტერმინები, რომლებიც დისკომფორტს უქმნის მშობლებსა და მოსწავლეებს, მაგრამ საზოგადოებაში, სადაც არსებობს რასობრივი დაძაბულობა, პრობლემები ვერ მოგვარდება საკლასო ოთახებიდან კლასიკური ნაწარმოებების გაძევებით.”

“საკლასო ოთახები ის ადგილია, სადაც სიძულვილის ენის ისტორია, გამოყენება და დესტრუქციულობა უნდა განიხილონ და იმსჯელონ. საკლასო ოთახი ის ადგილია, სადაც წიგნების კომპლექსურობა, შინაარსი, ანტირასისტული გზავნილები შეიძლება განიხილონ და ისწავლონ. იგნორირებაზე უკეთესია, განმანათლებლებმა შექმნან ღია სივრცე დიალოგისთვის, რომელიც ასწავლის მოსწავლეებს რასიზმთან და შავკანიანი ადამიანების ჩაგვრასთან გამკლავებას”, – აცხადებს ასოციაცია.

ამ ორი ნაწარმოების სკოლის კურიკულუმებიდან ამოღება პირველი არ არის. 2016 წელს მშობლის საჩივრის საფუძველზე ვირჯინიის სკოლების კურიკულუმიდან ამოიღეს ორივე რომანი. თუმცა მოგვიანებით ეს წიგნები ისევ დაბრუნდა სკოლებში.

2017 წელს მისისიპიში სკოლიდან ამოიღეს “ნუ მოკლავ ჯაფარას” მისი “არაკომფორტული” და რასობრივად მგრძნობიარე საკითხის გამო, მოგვიანებით ეს წიგნი კლასგარეშე წიგნების სიაში შეიტანეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი