აშშ-ის ქალაქ ლუისვილში ქართველი კაცი მოკლული იპოვეს

აშშ-ში, კენტუკის შტატის ქალაქ ლუისვილში 31 წლის დავით კანდელაკი მოკლული იპოვეს. ადგილობრივი ტელეკომპანია WDRB-ის ცნობით, მისი და 30 წლის ჯოშუა რაისის ცხედარი პოლიციამ 19 იანვარს რაისის საცხოვრებელ ბინაში აღმოაჩინა.

დავით კანდელაკის გაუჩინარების შესახებ პოლიციას მისმა მეუღლემ 19 იანვარს, დღის პირველ ნახევარში აცნობა. მან სამართალდამცავებს მას შემდეგ მიმართა, რაც კანდელაკი მაიამიში, დათქმულ შეხვედრაზე არ მივიდა.

“ინფორმაციის მიხედვით, რომელიც ცოლმა მოგვაწოდა, ძალიან უცნაური იყო, რომ კანდელაკს თავისი გეგმებისთვის გადაეხვია”, – განაცხადა პოლიციის მაიორმა დევიდ ბეიერმა. მანვე დაადასტურა, რომ კანდელაკი და ფრაისი მეგობრები იყვნენ.

დავით კანდელაკისა და ჯოშუა ფრაისის მკვლელობაში მონაწილე პირებს პოლიცია ამ დრომდე ეძებს.

“ნეტგაზეთი” მომხდართან დაკავშირებით საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა, სადაც აღნიშნეს, რომ დეტალების შესახებ ამ მომენტისთვის ინფორმაცია არ აქვთ.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
მიხეილ გვაძაბია არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2017 წლის სექტემბრიდან