ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

სომხეთის ევროკავშირთან შეთანხმება მოსკოვთან დაპირისპირების გარეშე

11 დეკემბერი, 2017 • 4734
სომხეთის ევროკავშირთან შეთანხმება მოსკოვთან დაპირისპირების გარეშე

როგორ მოაწერეს ხელი შეთანხმებას სომხეთმა და ევროკავშირმა გართულებების გარეშე?

2017 წლის 24 ნოემბერს სომხეთმა და ევროკავშირმა ყოვლისმომცველი და გაფართოებული პარტნიორობის შესახებ შეთანხმებას ხელი მოაწერეს. ჩემმა ნაცნობმა პოლიტოლოგმა კი ერთი ბოთლი კონიაკი მოიგო. მისი კოლეგა, რომელმაც სანაძლეო წააგო, ამტკიცებდა, რომ შეთანხმების ხელმოწერა ჩაიშლებოდა.

ერევანში ბოლო წუთამდე სულმოუთქმელად ელოდნენ, რა მოხდებოდა ბრიუსელში, აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტზე. როდესაც ხელმოწერის ფაქტის შესახებ ამბავი გავრცელდა, სოციალურ ქსელებში სომხებს სადღესასწაულო განწყობა ჰქონდათ,  ისეთი, როგორიც ექნებოდათ მაშინ, სომხეთის საფეხბურთო ნაკრებს დიდი ანგარიშით რომ გაემარჯვა. თუმცა ეს დღესასწაული მანამდე გაგრძელდა, სანამ რუსული ტელევიიზიით სომხების მიმართ შეურაცხმყოფელი მესიჯები გახმიანდებოდა.

მაგალითად, რუსული ტელევიზიის გადაცემაში “დრო გვიჩვენებს” ცნობილმა რუსმა პუბლიცისტმა მაქსიმ შევჩენკომ ყარაბაღს აზერბაიჯანის ტერიტორია უწოდა, НТВ-ს გადაცემაში “შეხვედრის ადგილი” კი რუსმა ექსპერტებმა სომხეთი მოღალატე ცოლს შეადარეს იმის გამო, რომ ევრაზიული ეკონომიკური კავშირის წევრობის პარალელურად, ევროკავშირთან შეთანხმება გააფორმა.

[red_box]რატომ არ განმეორდა ისტორია?[/red_box]

რატომ გაჩნდაა სეთი მღელვარება 400-გვერდიანი, თავისი არსით ტექნიკური სახის დოკუმენტთან დაკავშირებით? საქმე ის არის, რომ ყველას ახსოვს, რა მოხდა 2013 წელს. როდესაც სომხეთსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების ტექსტი მზად იყო. ეს ხელშეკრულება სომხეთის DCFTA-თან [თავისუფალი ვაჭრობის ღრმა და ყოვლისმომცველი ზონა] მიერთებასაც ითვალისწინებდა. 2013 წლის 3 სექტემბერს სომხეთმა სურვილი გამოთქვა, რუსეთის, ბელარუსისა და ყაზახეთის საბაჟო კავშირს მიერთებოდა, რამაც ევროკავშირთან ხელშეკრულების გაფორმება შეუძლებელი გახადა.

სომხეთის ხელისუფლების განცხადება იმის შესახებ, რომ ისინი მზად არიან, DCFTA-ის გარეშე ასოცირების ხელშეკრულებას ხელი მოაწერონ, სხვა არაფერი იყო, თუ არა მოუქნელი მცდელობა, რომ “არ დაეკარგათ სახე” და პასუხისმგებლობა ევროკავშირისთვის დაეკისრებინათ.

სინამდვილეში, ყველას ესმოდა, რომ ხელშეკრულების ხელმოწერაზე უარის რეალური მიზეზი მოსკოვის ზეწოლა იყო, რომელსაც სომხეთის ხელისუფლება წინ ვერ აღუდგა.

ამჯერად საქმე სხვაგვარად იყო, თუმცა ამჟამადაც, ისევე როგორც 2013 წელს, რუსეთიდან მოდიოდა სიგნალები იმის შესახებ, რომ სომხეთსა და ევროკავშირს შორის თანამშრომლობის გაღრმავებით კმაყოფილი არ არიან.

ამის ყველაზე ნათელი მაგალითი იყო ტელეგადაცემა რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროსთან დაკავშირებულ ტელეარხზე “ზვეზდა”, სადაც წამყვანმა განაცხადა, რომ “სომხეთი ევროკავშირში შესვლას გეგმავს”,  სომხეთის ეროვნული გმირი გარეგინ ნჟდე ნაცისტობაში დაადანაშაულა და “სომხეთის ბანდერა” უწოდა [მოგვიანებით “ზვეზდამ” ბოდიში მოიხადა და “იუთუბის” არხიდან გადაცემა წაშალა].

უკვე ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ კიდევ რამდენიმე ექსცესი მოხდა, მათ შორის, გადაცემები ОРТ-სა და НТВ-ზე, თუმცა ფეისბუკის მოედნებზე შერკინებებისა და სომხეთში ანტირუსული განწყობების გარკვეული ზრდის მიუხედავად, ამ ყველაფერს სერიოზული შედეგები არ მოჰყოლია.

მეტიც, რუსეთმა ოფიციალურ დონეზე თავშეკავება გამოიჩინა და პრაქტიკულად რეაგირების გარეშე დატოვა შეთანხმების გაფორმების ფაქტი. ბრიუსელის სამიტამდე რამდენიმე დღით ადრე სერჟ სარგსიანი ოფიციალური ვიზიტით მოსკოვში ჩავიდა და პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს შეხვდა. ეს ვიზიტი იმის მაჩვენებელი იყო, რომ “სომხეთი არ ივიწყებს სტრატეგიულ პარტნიორს და ევროკავშირთან ურთიერთობების გარღმავება მოსკოვთან ურთიერთობებზე არ აისახება”.

მეორე მხრივ, ზოგიერთი ანალიტიკოსის გამოსვლაში გაიელვა აზრმა, რომ ევროკავშირისა და სომხეთის შეთანხმება მოსკოვის ინტერესებში შედის, რამდენადაც სრულიად ჯდება იმ ლოგიკაში, რომ ევროკავშირსა და ევრაზიულ კავშირს შორისაც შესაძლებელია ინტეგრაცია.

რატომ არ გადადგა მოსკოვმა გარკვეული ნაბიჯები 2013 წლისგან განსხვავებით, რათა შეეჩერებინა ამ შეთანხმების ხელმოწერა? საქმე ის არის, რომ წლევანდელი დოკუმენტი არსებითად განსხვავდება 2013 წლის დოკუმენტისგან და იმ შეთანხმებებისგანაც, რომლებიც ევროკავშირმა საქართველოსთან, უკარაინასთან და მოლდოვასთან გააფორმა.

ევრაზიული ეკონომიკური კავშირის წევრ სომხეთს თეორიულადაც ვერ ექნება პრეტენზია, DCFTA-ს მიუერთდეს. ასე რომ, 24 ნოემბერს ხელმოწერილი დოკუმენტი ნაკლებად ამბიციურია. მოსკოვის მშვიდი რეაქციაც აქედან გამომდინარეობს.

თუმცა ეს არ არის ერთადერთი მიზეზი. ამჟამინდელი სიტუაცია რუსეთსა და დასავლეთს შორის არსებული ურთიერთობის დინამიკით პრიციპულად განსხვავდება 2013 წლისგან. 2013 წელს უკრაინის ბედი წყდებოდა, ყველა მხარე ცდილობდა კიევი თავის მხარეს “გადაექაჩა”.

ამ კონტექსტში რუსეთისთვის მნიშვნელოვანი იყო, ევროკავშირსა და სომხეთს შორის შეთანხმებისთვის ხელი შეეშალა და ამით კიევზეც ზეწოლა მოეხდინა. ამავე დროს, ეჩვენებინა ევროკავშირისთვის, რომ მოსკოვის ინტერესების გარეშე პოსტსაბჭოთა ქვეყნებთან მუშაობა არ შეიძლება.

დღეს სხვა სიტუაციაა. კონფლიქტის პიკი უკან დარჩა, რუსეთისთვის უკრაინა საბოლოოდ დაკარგულია [ყოველ შემთხვევაში, ახლო პერსპექტივაში], დასავლეთმა სანქციები დააწესა და ენერგომატარებლებზე ფასები შემცირდა. ამ პირობებში მოსკოვს არ შეუძლია პოსტსაბჭოთა ქვეყნებს, მათ შორის სომხეთს, “ორცხობილა” შესთავაზოს და აიძულოს ისინი, ევროკავშირთან ურთიერთობებზე უარი თქვან.

ამავე დროს, ხისტი ზეწოლის პოლიტიკამ ევროკავშირთან ურთიერთობები გაართულა, რაც რუსეთს დღესდღეობით არ სურს. ამასთან, დღეს მოსკოვი ამუშავებს იდეას “ინტეგრაციის ინტეგრაცია” ევროკავშირსა და ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირს შორის. სომხეთისა და ევროკავშირის შეთანხმებაც ამ სქემაში ჯდება.

 

[blue_box]რა იქნება შემდეგ?[/blue_box]

რას მისცემს სომხეთს შეთანხმებაზე ხელმოწერა? პირველ რიგში, ეს ხელს შეუწყობს მეტ ფინანსურ მხარდაჭერას სომხეთისთვის. როგორც სომხეთში ევროკავშირის ელჩმა პეტრე სვიტალსკიმ განაცხადა, შემდეგ წელს ევროკავშირიდან სომხეთში ფინანსური დახმარება 25%-ით გაიზრდება და ეს ციფრები, სავარაუდოდ, მზარდი იქნება.

ასევე, ხელმოწერა შექმნის პირობას უვიზო რეჟიმის დიალოგისთვის. გასაგებია, რომ მანამდე, სანამ სომხეთის მოქალაქეები, საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინის მოქალაქეების მსგავსად, ევროკავშირის ქვეყნებში უვიზოდ მოგზაურობას შეძლებენ, დიდი დროა, ყველაზე ოპტიმისტური გათვლებითაც კი, ორი-სამი წელი. თუმცა პროცესი დაწყებულია.

აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის დროს ასევე იყო გაცხადებული, რომ სომხეთმა და ევროკავშირმა დაასრულეს მუშაობა საჰაერო მიმოსვლის შესახებ შეთანხმების ტექსტზეც, რამაც ხელი უნდა შეუწყოს ევროპასთან საჰაერო მიმოსვლის გააქტიურებას [დღეს ერევნიდან ევროკავშირის ქვეყნებში მხოლოდ რამდენიმე ავიარეისია. მგზავრთა უმეტესობა რუსეთის ტრანზიტით სარგებლობს].

თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანია ის, რომ აღნიშნული შეთანხმება სხვადასხვა სფეროში სომხეთში სერიოზულ რეფორმებს ითვალისწინებს- ადმინისტრაციული მართვის, სასამართლო სისტემის, ეკონომიკისა და განათლების ჩათვლით. თუმცა ეს რეფორმებიც უკვე სომხეთზე იქნება დამოკიდებული. გამოცდილება გვიჩვენებს, რომ ამ კუთხით ხელისუფლების კეთილ ნებას არ უნდა დავეყრდნოთ.

საზოგადოების ზეწოლის გარეშე ეს რეფორმები, უბრალოდ, ქაღალდზე დარჩება. ამიტომაც, სომხეთის საპარლამენტო ოპოზიციურმა ბლოკმა ელკ-მა უკვე განაცხადა, რომ სომხეთსა და ევროკავშირს შორის შეთანხმების აღსრულების მონიტორინგს გეგმავს.

იმავენაირად არიან განწყობილი სამოქალაქო საზოგადოებრივი ორგანიზაციები. რთულია თქმა, რამდენად ეფექტური შეიძლება იყოს მსგავსი მონიტორინგი, თუმცა ერთი რამ ნათელია, – ევროკავშირთან შეთანხმების წყალობით, სომხეთს წინსვლის ორიენტირი გაუჩნდა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი