ახალი ამბები

ოჯახს საფეხბურთო მსაჯის თვითმკვლელობის ვერსიის არ სჯერა

7 დეკემბერი, 2017 • 1720
ოჯახს საფეხბურთო მსაჯის თვითმკვლელობის ვერსიის არ სჯერა

მალთაყვის ტყეში ლანჩხუთელი საფეხბურთო მსაჯის, ილო ტუღუშის ცხედარი იპოვეს. შსს-ში ნეტგაზეთს განუცხადეს, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

თვითვმკვლელობის ვერსიის არ სჯერა გარდაცვლილი საფეხბურთო მსაჯის ოჯახს. მისი მეუღლე ამბობს, რომ მომხდარიდან ერთი დღით ადრე მათთან სახლში 3 ადამიანი იმყოფებოდა, რომლებსაც მის ქმართან დაძაბული საუბარი ჰქონდა. ეკა ტუღუში რ2-თან ამბობს, რომ მისი ინფორმაციით, ისინი მეუღლეს გარკვეული თანხის უკან დაბრუნებას სთხოვდნენ და ზემოხსენებულ პირებს გარკვეული კავშირი უნდა ჰქონდეთ საფეხბურთო სამყაროსთან. ფეხბურთის ფედერაცია სამძიმრის წერილს ავრცელებს და გამოძიებასთან თანამშრომლობის სურვილს აფიქსირებს.

“მოგეხსენებათ, 6 დეკემბერს გავრცელდა ინფორმაცია ქართველი მსაჯის – ილია ტუღუშის ტრაგიკული გარდაცვალების შესახებ. ილია ტუღუში 10 წელზე მეტი ხნის განმავლობაში მსაჯობდა საქართველოს ჩემპიონატის ასაკობრივ პირველობებსა და სხვადასხვა ლიგებში.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია  კიდევ ერთხელ გამოთქვამს ღრმა მწუხარებას აღნიშნულის გამო და უსამძიმრებს დაღუპულის ოჯახის წევრებს, მეგობრებს, ახლობლებსა და სრულიად საფეხბურთო სამყაროს.

გვსურს, მკაფიოდ დავაფიქსიროთ, რომ საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია გამოთქვამს სრულ მზადყოფნას, საჭიროების შემთხვევაში, აღნიშნულ ფაქტზე ითანამშრომლოს სამართალდამცავ უწყებებთან და ამასთან, ვიმედოვნებთ, რომ ეს შემთხვევა უმოკლეს ვადაში იქნება გამოძიებული”, – ნათქვამია ფედერაციის განცხადებაში.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი