თბილისში აბრეშუმის გზის ფორუმი გაიხსნა

თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში აბრეშუმის გზის ფორუმი მიმდინარეობს. დღევანდელი ფორუმი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა გახსნა.

“ჩვენთვის დიდი პატივია, აბრეშუმის გზის ფორუმს ვუმასპინძლოთ, რომელიც დღეს სარტყელის და გზის სახელით იმართება. საქართველო ისტორიულად მნიშვნელოვან გზაჯვარედინზე მდებარეობს, რომელიც აკავშირებს დასავლეთისა და აღმოსავლეთის ეკონომიკებს და კულტურებს. დღეს მსოფლიო, ისევე როგორც ევროპა და აზია, მრავალი გამოწვევის წინაშე დგას, თუმცა ასევე მრავლადაა შესაძლებლობები მშვიდობიანი განვითარებისთვის. ჩვენი ფორუმის მთავარი მიზანია, რომ სწორედ ეს შესაძლებლობები აღმოვაჩინოთ ყველამ ერთად და გადავდგათ ნაბიჯები ჩვენი ქვეყნების და ხალხების უკეთესი მომავლისთვის. საქართველოსთვის უდიდესი პატივი იქნება კონტინენტებს შორის კავშირების გაღრმავების პროცესში საკუთარი მოკრძალებული წვლილის შეტანა,”- განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის მნიშვნელობაზე ისაუბრა. დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, ეს არის უმნიშვნელოვანესი ფორუმი, მისი სარგებელი საქართველოსთვის სატრანზიტო პოტენციალის და იმ ინვესტიციების ზრდაში გამოიხატება, რომლებსაც ქვეყანა ახორციელებს ძირითადად ინფრასტრუქტურაში.

დღევანდელ ფორუმში ასევე მონაწილეობენ მოლდოვის პრემიერ-მინისტრი პაველ ფილიპი, უკრაინის პრემიერ-მინისტრი ვოლოდიმირ გროისმანი, სლოვენიის ვიცეპრემიერი კარლ ერჟავეკი, აზიის განვითარების ბანკისა და ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკის ვიცეპრეზიდენტები.

თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი ხვალ დასრულდება.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
მარიამ ვარადაშვილი არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2017 წლის სექტემბრიდან.