ახალი ამბები

ბარბარე რაფალიანცის ოჯახი შსს–ს უნდობლობას უცხადებს

11 ივლისი, 2013 • • 1382
ბარბარე რაფალიანცის ოჯახი შსს–ს უნდობლობას უცხადებს

ამის შესახებ “ნეტგაზეთს” ბარბარე რაფალიანცის ბებიამ თინა მექერიშვილმა განაცხადა. მისი თქმით, უნდობლობა

თინა მექერიშვილი
თინა მექერიშვილი

გამოიწვია 9 თვის განმავლობაში გამოძიების ჩიხში ყოფნამ და რამდენიმე დღის წინ გარდაცვლილის ოჯახის წევრების სიცრუის დეტექტორზე შემოწმებამ.

 

“რამდენიმე დღის წინ ჩვენთან იყვნენ მოსული სახალხო დამცველის წარმომადგენლები. მე მათ კითხვა დავუსვი, რამდენად დამაჯერებელი და ზუსტი იქნებოდა სიცრუის დეტექტორის პასუხი, შეიძლებოდა თუ არა ამით დამნაშავის პოვნა და დამნაშავის დასჯა. მათ მიპასუხეს, რომ ეს არის ჩიხში შესული გამოძიების ერთ–ერთი დამხამრე მეთოდი, მაგრამ მისი პასუხი არაფერს არ ამტკიცებს, ამ პასუხით არ შეიძლება ვინმეს დასჯა”, – განგვიცხადა თინა მექერიშვილმა. მისივე თქმით, გუშინ სეაღამოს კიდევ ესაუბრა გამომძიებელს და კითხა, სიცრუის დეტექტორზე შემოწმების გარდა,  თუ ქონდათ რაიმე ხელჩასაჭიდი, რაზეც მიიღო პასუხი, რომ დალოდებოდნენ გამოძიების დასრულებას.

 

“9 თვის განმავლობაში რომ გვეუბნებოდნენ, საქმეში ნათელი წერტილი გაჩნდაო, სად ქრებოდნენ ეს ნათელი წერტილები? რატომ ვერაფერი ხელჩასაჭიდი ვერ იპოვეს? მე რაც ეჭვები მქონდა ბარბარეს სიკვდილთან დაკავშირებით, ოჯახის წევრებზეც რაც მქონდა მოსმენილი, ყველაფერი მოვუყევი მათ. ჩემი სისხლით ნათესავიც რომ იყოს, იპოვონ და დასაჯონ, სხვა არაფერი მაინტერესებს”, – ამბობს თინა მექერიშვილი. 

 

10 თვის გარდაცვლილი ბავშვის საქმეზე ამ დრომდე გამოძიება არ დასრულებულა. შინაგან საქმეთა სამინისტრო კი მიიჩნევს, რომ ამ ეტაპზე საქმის პროკურატურისთვის გამოსაძიებლად გადაცემის აუცილებლობა არ არის. 

 

შს მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ახალ ხელისუფლებას საქმე ჩიხში შესული დახვდა, რამაც გაართულა საქმის გამოძიება. 

 

“წინა ხელისუფლების დროს ეს გამოძიება ჩიხში იყო შეყვანილი, შეგნებულად თუ შეუგნებლად, ამაზე დასკვნების გაკეთება მოგვიანებით შეგვეძლება. არ იქნა დროულად გამოძიებული ცხელ კვალზე. ძალიან რთული იყო და რთული გახდა ამ ფაქტის დროულად გამოძიება. მაგრამ ჩვენ არ ვჩერდებით, ჩვენ ამას აუცილებლად გამოვიძიებთ. არავითარ საჭიროებას ვერ ხვედავ, რომ ეს საქმე პროკურატურას გადაეცეს, არ არსებობს,”- განაცხადა 9 ივლისს შს მინისტრმა.

 

გარდაცვლილი ბავშვის ოჯახს მოთმინებისკენ მოუწოდა არჩილ კბილაშვილმაც.

 

“უწყების შეცვლა არ არის წარმატების წინაპირობა. მე ვიცი, რომ შსს არ იშურებს ძალღონეს იმისთვის, რომ ეს საქმე გამოძიებული იქნეს, მაგრამ არის ობიექტური სირთულეები, რომელსაც აწყდება გამოძიება და ეს არ შეიძლება მიეწეროს უწყების არადამაჯერებელ საქმიანობას. ასე რომ, კვლავ მოვუწოდებთ ოჯახს და საზოგადოებასაც, რომ მოთმინებით დაელოდონ ამ საქმის გამოძიებას”, – განაცხადა კბილაშვილმა 9 ივლისს გამართულ პრესკონფერენციაზე.

 

2012 წლის საპარლამენტო არჩევნების წინა ღამეს ქვევრში ნაპოვნი გარდაცვლილი ბავშვის ოჯახის წევრები ისევ გამოძიების მოლოდინში არიან.

 

10 თვის ბარბარე რაფალიანცი ოჯახის წევრებმა გასული წლის 30 სექტემბერს, საპარლამენტო არჩევნების წინა ღამეს იპოვეს ქვევრში დამხრჩვალი. იმავე ღამით გურჯაანის მაშინდელმა მაჟორიტარმა კანდიდატმა მანანა ბერიკაშვილმა მისი ოპონენტი, გურჯანიის ამჟამინდელი მაჟორიტარი “ნაციონალებიდან” გიორგი ღვინიაშვილი დაადანაშაულა ბავშვის პოლიტიკური ნიშნით მკვლელობაში, რაც მაშინვე უარყო ღვინიაშვილმა.

 

ახალი ხელისუფლების მოსვლის შემდეგ შს მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა პირად კონტროლზე აიყვანა აღნიშნული საქმე, თუმცა შსს-ს ამ დრომდე არ გამოუძიებია.

 

შს მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მიმდინარე წლის იანვარში ამ თემის კომენტირებისას თქვა, განცხადება იმის თაობაზე, რომ საზოგადოებისთვის ცნობილი გახდებოდა ბავშვის გარდაცვალების გარემოებები, ნაჩქარევი იყო. 

 

“სამწუხაროდ, ამ უბედური შემთხვევიდან არ მოხდა სწრაფი რეაგირება, არ მოხდა საგამოძიებო სამუშაოების ჩატარება, რამაც გამოძიება ამ ეტაპისთვის მიიყვანა ჩიხში. ამ ეტაპისთვის გამოკვეთილია სერიოზული გარემოებები, ამიტომ მე ჯერ თავს შევიკავებ და არ გავაკეთებ დამატებით კომენტარს,”- განაცხადა მაშინ მინისტრმა.

 

10 თვის ბავშვის გარდაცვალების საქმეზე მოგვიანებით მინისტრი ბავშვის ოჯახსაც შეხვდა და როგორც ოფიციალური ინფორმაციით ირკვევა, შეხვედრის დროს მინისტრმა ჩვილის გარდაცვალების საქმეზე ისაუბრა და მათ გამოძიების მიმდინარეობის დეტალები გააცნო, ასევე, ირაკლი ღარიბაშვილმა ჩვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით ოჯახის წევრების ვერსიებიც მოისმინა.

 

როგორც ბავშვის დეიდამ, დალი მექერიშვილმა მაშჲნ ნეტგაზეთთან საუბარში თქვა, მათ თავად მიმართეს შსს-ს განცხადებით, რომლითაც ითხოვდნენ ღარიბაშვილთან შეხვედრას საქმესთან დაკავშირებით მათ მიერ აღმოჩენილ ახალ გარემოებებზე სასაუბროდ.

მასალების გადაბეჭდვის წესი