ახალი ამბები

ინფრასტრუქტურის სამინისტრომ გზების რეაბილიტაციისას დარღვევები აღმოაჩინა

10 ივლისი, 2013 • 912
ინფრასტრუქტურის სამინისტრომ გზების რეაბილიტაციისას დარღვევები აღმოაჩინა

“სამინისტრომ შეიმუშავა სპეციალური მეთოდოლოგია, რომლის მიხედვითაც დაიწყო საქართველოში შესრულებული საგზაო სამუშაოების ხარისხის შემოწმება. გზის ორ მონაკვეთზე აღმოჩნდა სერიოზული დარღვევები. დარღვევები გამოვლინდა თბილისი–ტყიბული- ამბროლაურის გზის მონაკვეთზე, სადაც სამუშაოებს ასრულებს სააქციო საზოგადოება “ერღოკატ მაკედონია ა.ტ.ე.ვ.ე.”, ხოლო მეორე მონაკვეთი ეს არის თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის შესაბამისი მონაკვეთი, სადაც სამუშაოებს ასრულებს კომპანია “მოდერნ სერვისის”საქართველოს ფილიალი”, – განაცხადა დავით ნარმანიამ.

მინისტრის თქმით, შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო უსაფრთხოების სააგენტოსთან კოორდინაციით, გზებიდან ამოჭრილი სპეციალური მასა გადაეგზავნა ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს. შესაბამისი ლაბორატორიული ექსპერტიზის შედეგად დადგინდა, რომ გზის საფარზე შესრულებული სამუშაო არ შეესაბამება ტენდერით დადგენილ სტანდარტებს. ორივე გზის მონაკვეთზე დაფიქსირდა ასფალტის ქვედა და ზედა ფენის სისქის შემცირება, არასათანადო ფორიანობა და დატკეპნის ხარისხი, ასევე, სხვა დარღვევები.

პირველ მონაკვეთზე ასფალტ–ბეტონის ქვედა ფენის სისქე 6 სანტიმერტის ნაცვლად 5,2 სანტიმეტრი იყო, ხოლო ზედა ფენის სისქე, 4–ის ნაცვლად 3,2 სანტიმეტრი. მეორე მონაკცეთზე კი სხვა დარღვევებთან ერთად ასფალტ–ბეტონის ზედა და ქვედა ფენებში მინერალური მასალის გრანულომეტრიულობის შემცველობა პოტენციურად დასაშვებ ზღვარზე 2–4–ჯერ ნაკლები იყო.

“ეს დარღვევები უნდა აღმოეჩინა ზედამხედველობის სამსახურს, თუმცა კომპანიები მათ პერიოდულად აწვდიდნენ ანგარიშს, რომელშიც ნათქვამია, რომ ყველაფერი რიგზე იყო. ამიტომ გამოძიებამ უნდა გამოიკვლიოს დეტალები. ჩვენი მოვალეობა იყო ფაქტის გამოვლენა, დანარჩენი სამართალდამცავების კომპეტენციაა”, – განაცხადა დავით ნარმანიამ.

როგორც მინისტრის მოადგილე შოთა მურღულია აცხადებს, აღნიშნული კომპანიები შესაძლოა მომავალში შავ სიაში აღმოჩნდნენ:

“ორივე ობიექტზე მუშაობა წინა წელს დაიწყო. შემოწმებისას ჩვენ, ჯამში, 120 ნიმუში ავიღეთ და სხვადასხვა მონაკვეთზე სხვადასხვა დარღვევები დაფიქსირდა. თუკი ამ კომპანიებს გზების დეპარტამენტი შავ სიაში შეიყვანს, მაშინ ისინი მომავალში ტენდერებში მონაწილეობას ვეღარ მიიღებენ”, – აცხადებს შოთა მურღულია. მისივე თქმით, ზუსტი ზარალის ოდენობა ჯერ დათვლილი არაა.

 

დავით ნარმანია აფრთხილებს ყველა კომპანიას, ვინც გზის რეაბილიტაციაზე მუშაობს, რომ დარღვევების აღმოჩენის შემთხვევაში ისინი უმკაცრესად დაისჯებიან:

 

“მე მინდა გავაფრთხილო ყველა კომპანია, რომ შემოწმებები გაგრძელდება და ვინც შეეცდება გზის ხარისხის შემცირების ხარჯზე გამდიდრებას, ის უმკაცრესად დაისჯება”, – აღნიშნა მინისტრმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი