ახალი ამბები

ომბუდსმენის განცხადებით, სამართლიანობის აღდგენისთვის ერთჯერადი ამნისტია საკამრისი არ არის

3 ივლისი, 2013 • • 1256
ომბუდსმენის განცხადებით, სამართლიანობის აღდგენისთვის ერთჯერადი ამნისტია საკამრისი არ არის

“ნეტგაზეთი” აღნიშნულ განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

 

“საქართველოს სახალხო დამცველი კიდევ ერთხელ მიესალმება 2012 წლის 28 დეკემბერს განხორციელებულ ამნისტიას. ამასთან ერთად, სახალხო დამცველი აღნიშნავს, რომ „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის პრეამბულის თანახმად, ამნისტია განხორციელდა „ჰუმანიზმის პრინციპიდან გამომდინარე, სამართლიანობის აღდგენაზე საზოგადოების მოთხოვნის შესაბამისად…“. საქართველოს უახლეს ისტორიში განხორციელებული ყველა სხვა ამნისტიისაგან განსხვავებით, რომლებიც მხოლოდ „ჰუმანიზმის პრინციპებით“ იყო ნაკარნახევი, ბოლო ამნისტიის ერთ-ერთ უმთავრეს მიზეზსა და საფუძველს წარმოადგენდა ზუსტად „სამართლიანობის აღდგენაზე საზოგადოების მოთხოვნა“.

 

გარდა ამისა, იგივე პრეამბულაში აღნიშნულია „…რომ საქართველოში დღეს არსებობენ პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებული და პოლიტიკური ნიშნით სისხლისსამართლებრივად დევნილი პირები…“ და შესაბამისად, ამნისტია ვრცელდება ამ კატეგორიის პირებზეც.

 

აღნიშნული გარემოება საკმაოდ მნიშვნელოვანია და იგი ხაზს უსვამს განხორციელებული ამნისტიის განსაკუთრებულ ხასიათს, რომელიც არ არის ნაკარნახევი მხოლოდ ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლებით, რაც ჰუმანიზმის პრინციპებითაა ნაკარნახევი, არამედ იგი ხორციელდება, უპირველეს ყოვლისა, სამართლიანობის აღდგენის მიზნით. ამრიგად, 2012 წლის ამნისტიის ერთ-ერთ ძირითად მიზანს წარმოადგენს ზუსტად სამართლიანობის აღდგენა.

 

საქართველოს სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ სამართლიანობის აღდგენის პროცესი შეუძლებელია შემოიფარგლოს ამნისტიის ერთჯერადი აქტის განხორციელებით. ამნისტია სამართლიანობის აღდგენის პროცესის მხოლოდ ერთ ეტაპს შეიძლება წარმოადგენდეს, რომლითაც მოხდა სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში უსამართლოდ მიცემული პირების პასუხისმგებლობისაგან განთავისუფლება და სამართლიანობის აღდგენის დაწყება. ამასთან, ეს პროცესი უნდა შეეხოს არა მხოლოდ იმ პირებს, რომლებიც ამნისტიის გამოცხადების დროს განიცდიდნენ რამე სახის უსამართლო დევნას, არამედ იმათაც, ვინც უკვე განიცადა ამგვარი დევნა. ამასთან, მნიშვნელოვანია აღნიშნული კატეგორიის პირთა სრული სამართლებრივი რეაბილიტაციისათვის გონივრულ ვადაში შესაბამისი ქმედითი სამართლებრივი მექანიზმების შექმნა, რომლის ფარგლებშიც ისინი შესძლებენ აღიდგინონ არა მხოლოდ ღირსება, რეპუტაცია და პატიოსანი სახელი, არამედ, ასევე, მიიღონ სახელმწიფოსაგან უკანონოდ მიყენებული ზიანის სამართლიანი და ადეკვატური ანაზღაურება. ამ თვალსაზრისით, მხედველობაშია მისაღები საქართველოს კონსტიტუციის 42–ე მუხლის მე–9 პუნქტის მოთხოვნა, რომლის თანახმად, „ყველასთვის გარანტირებულია სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკების და თვითმმართველობის ორგანოთა და მოსამსახურეთაგან უკანონოდ მიყენებული ზარალის სასამართლო წესით სრული ანაზღაურება შესაბამისად სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის და ადგილობრივი თვითმმართველობის სახსრებიდან.“

 

თავისთავად რეაბილიტაცია და, ზოგადად, სამართლიანობის აღდგენა საკმაოდ რთული მექანიზმების შექმნას შეიძლება საჭიროებდეს, რაშიც აქტიური მონაწილეობა უნდა მიიღოს ხელისუფლების სამივე შტომ, ასევე, შესაბამისი არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებმა. თავის მხრივ, სახალხო დამცველი მზადყოფნას გამოთქვამს, ჩაერთოს ამგვარი მექანიზმების შექმნისა და შემდგომი საქმიანობის პროცესში. ამ პროცესში უნდა მოხდეს არა მხოლოდ შესაბამისი პირების სრული რეაბილიტაცია, არამედ, აგრეთვე, იმ უსამართლობის პოლიტიკურ–სამართლებრივი შეფასება, რამაც გამოიწვია სამართლიანობის აღდგენის საჭიროება.

 

რაც შეეხება პოლიტიკური თუ სხვა ნიშნით უსამართლო დევნის მსხვერპლთ, მათი რეაბილიტაციისათვის უნდა განხორციელდეს კომპლექსური ღონისძიებები, რომლებიც გამოიხატება ძირითადად შემდეგში:

 

1. მათი სრული სამართლებრივი რეაბილიტაცია – ღირსების, პატივის, პატიოსანი სახელის აღდგენა, ნასამართლობის გაქარწყლება, სისხლის სამართლის საქმეებზე გრიფი საიდუმლოს მოხსნა, პროფესიული საქმიანობის განხორციელების უფლების აღდგენა, მართვის მოწმობით სარგებლობის უფლების აღდგენა და სხვა.

 

2. სახელმწიფოს უკანონო მოქმედებების შედეგად მიყენებული ზიანის აღდგენისათვის ეფექტური და ქმედითი სამართლებრივი მექანიზმების შექმნა;

 

3. ამ კატეგორიის პირთა და მათი ოჯახის წევრების ფსიქო–სოციალური რეაბილიტაციის ეფექტური მექანიზმის შეთავაზება.

 

ამ მხრივ, უდავოდ მისასალმებელია ე.წ. მართლმსაჯულების ხარვეზების შემსწავლელი დროებითი სახელმწიფო კომისიის შექმნის საკითხი, რომელიც აქტიურად განიხილება და შესაბამისი კანონის პროექტი მზადების პროცესშია. ვთვლით, რომ ეს მექანიზმი სამომავლოდ მნიშვნელოვან როლს შეასრულებს სამართლიანობის აღდგენის პროცესში, კერძოდ, მათ შორის, პოლიტიკურად განპირობებული სასამართლო განაჩენების გადასინჯვის თვალსაზრისით.

 

ამასთან, არ არის გამორიცხული, საჭირო გახდეს დამატებით საკანონმდებლო აქტის ან აქტების მიღება და შესაბამისი დროებით კომისიების ან სხვა სამსახურების შექმნა და მათი ამ პროცესში ჩართვა იმისათვის, რომ ეს პროცესი იყოს უფრო ქმედითი. ამ თვალსაზრისით, მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული, ასევე, საერთაშორისო გამოცდილება, რომელიც უკავშირდება პოლიტიკური ნიშნით დევნილ პირთა რეაბილიტაციას. გასათვალისწინებელია, აგრეთვე, „საქართველოს მოქალაქეთა პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებისა და რეპრესირებულთა სოციალური დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონი, რომლის შინაარსი და მიდგომები შესაძლებელია ასევე იქნეს გამოყენებული.

  

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მივმართავთ შესაბამის სახელმწიფო ორგანოებს, რათა დაიწყოს უფრო აქტიური მუშაობა ამ პროცესის სრულად განსახორციელებლად. ამასთან, ჩვენ გაგვაჩნია კონკრეტული მოსაზრებები, წინადადებები და შესაბამისი მზადყოფნა იმისათვის, რომ ვითანამშრომლოთ ნებისმიერ დაინტერესებულ მხარესთან”.  

მასალების გადაბეჭდვის წესი