ტრამპ თაუერის ნაცვლად სილქ თაუერი ივანიშვილთან დაკავშირებული ფონდის დაფინანსებით აშენდება

„სილქ როუდ ჯგუფი“ ბათუმში “ტრამპ თაუერის” ნაცვლად „სილქ თაუერის“ მშენებლობას აანონსებს. პროექტის ფინანსური პარტნიორია საქართველოს თანაინვესტირების ფონდი.

“ჩვენი ჯგუფი უკვე ათ წელზე მეტია საქართველოში ახორციელებს ინვესტიციებს  და ამ დრომდე დაახლოებით 600 მილიონ აშშ დოლარამდე ინვესტიცია განვახორციელეთ საქართველოს ეკონომიკის სხვადასხვა სექტორში.

ჩვენს საინვესტიციო საქმიანობაში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს აჭარის რეგიონს, სადაც 90 მილიონ აშშ დოლარზე მეტი ინვესტიცია განვახორციელეთ არაერთ პროექტში, მათ შორის, სასტუმრო „რადისონში“ – აცხადებს სილქ როუდ ჯგუფი.

ამავე კომპანიის ცნობით, 2012 წელს მათი მიწვევით საქართველოს ესტუმრა დონალდ ტრამპი “ტრამპ თაუერის” პროექტის პრეზენტაციისთვის.

“ბატონ ტრამპს ძალიან მოეწონა საქართველო, ბათუმი და მომავალი „ტრამპ თაუერის“ ლოკაცია, რომელიც ჩვენი აზრით,  საუკეთესოა ბათუმში და ნამდვილად იმსახურებს გამორჩეულ და წარმატებულ პროექტს. მას შემდეგ, რაც ბატონი  ტრამპი ამერიკის პრეზიდენტი გახდა, რეალობა შეიცვალა. ჩვენ ერთობლივი შეთანხმებით შევწყვიტეთ ხელშეკრულება, მაგრამ პირადად მე და ჩვენ გუნდს არცერთი წუთით არ შეგვიწყვეტია ფიქრი ამ პროექტზე.  ჩვენ გვინდა აჭარაში ავაშენოთ კომპლექსი, რომელიც ბათუმის განვითარების ახალი ეტაპი იქნება: “სილქ თაუერი” და მიმდებარე ტერიტორია, გარემო, რომელიც ქალაქის სავიზიტო ბარათი გახდება.  ვიმედოვნებთ, რომ ეს პროექტი მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს მეტი ინვესტიციების მოზიდვაში და მაღალშემოსავლიანი ტურიზმის განვითარებაში.

ჩვენი პარტნიორია საქართველოს თანაინვესტირების ფონდი, რომელიც ამ პროექტის თანადაფინანსებაში მიიღებს მონაწილეობას,” – განაცხადა გიორგი რამიშვილმა, სილქ როუდ ჯგუფის ხელმძღვანელმა.

როგორც თანაინვესტირების ფონდი იუწყება, ამ ეტაპზე, „სილქ როუდ ჯგუფის დაკვეთით, საერთაშორისო საკონსულტანციო კომპანია „სერვოტელმა დაასრულა ბაზრის კვლევა – ამჟამად მიმდინარეობს პროექტის ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების შემუშავება. „სერვოტელის“ წარმომადგენლები თბილისს  5 ნოემბერს ეწვივნენ და „სილქ როუდ ჯგუფსა“ და თანაინვესტირების ფონდს წარუდგინეს პროექტის პარამეტრების პირველადი პრეზენტაცია.

“გადაწყდა, რომ პროექტი განხორციელდება რამდენიმე ფაზად: პირველ ეტაპზე იგეგმება „სილქ თაუერის“ მშნებელობა და მის მიმდებარედ არსებული იახტკლუბის  კეთილმოწყობა და განვითარება, რაც ასევე გულისხმობს იახტკლუბის გასწვრივ  განლაგებული პრომენადის მოწყობას. პროექტის განვითარების შემდგომი ფაზები მოიცავს: დამატებითი საცხოვრებელი კომპლექსების, მაღალი კლასის სასტუმროს, კაზინოს, გასართობი ცენტრის, მულტიფუნქციური დარბაზის და კონგრეს-ცენტრის მშენებლობას. წინასწარი გათვლებით, მთლიანი პროექტის ღირებულება, ყველა ფაზის გათვალისწინებით, დაახლოებით  250 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს”, – აცხადებს თანაინვესტირების ფონდი.

“ძალიან მნიშვნელოვანია ტურისტული სერვისებისა და ინფრასტრუქტურის ახალი სტანდარტების დანერგვა როგორც აჭარის რეგიონში, ასევე, მთლიანად საქართველოში. საქართველოს თანაინვესტირების ფონდის მიზანია, ქართველ და უცხოელ ინვესტორებთან ერთად, დააფინანსოს და განახორციელოს ისეთი პროექტები, რომლებიც ხელს შეუწყობს ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას.

ჩვენ 6 თვეზე მეტი ვმუშაობდით ამ პროექტის შესწავლასა და შეფასებაზე და ვთვლით, რომ მისი განხორციელება როგორც ეკონომიკური, ასევე სოციალური თვალსაზრისით მნიშვნელოვანია აჭარის რეგიონისთვის.  ეს იქნება ფონდის რიგით მეოთხე პროექტი ტურიზმისა და უძრავი ქონების მიმართულებით. ამას გარდა, საქართველოს თანაინვესტირების ფონდის დაფუძნებული ტურიზმის განვითარების ფონდის მიერ დამატებით ხორციელდება სამი სასტუმრო-კომპლექსის მშენებლობა საქართველოს შავიზღვისპირეთში.

დიდ მადლობას ვუხდით „სილქ როუდ ჯგუფს“ პარტნიორობის შემოთავაზებისთვის და ვიმედოვნებთ, რომ ბათუმს მომავალშიც შეემატება ასეთი საინტერესო და მიმზიდველი  პროექტები” – განაცხადა საქართველოს თანაინვესტირების ფონდის გენერალურმა დირექტორმა გიორგი ბაჩიაშვილმა.

ამჟამად სილქ როუდ ჯგუფი აწარმოებს მოლაპარაკებებს ადგილობრივ და საერთაშორისო ბანკებთან, 2018 წელს დასრულდება ტერიტორიის გენგეგმის შემუშავება, ხოლო უშუალოდ „სილქ თაუერის“ მშენებლობის დაწყება 2019 წელს იგეგმება.

თანაინვესტირების ფონდი საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის თანამონაწილეობით შეიქმნა 2013 წელს.

ფონდში ინვესტიციების კუთხით, ბიძინა ივანიშვილის გარდა, თანამონაწილეობს “დაბი ჯგუფი”, რაკია (RAK Investment Authority), აზერბაიჯანის რესპუბლიკის ნავთობის სახელმწიფო ფონდი (State Oil Fund of the Republic of Azerbaijan), კომპანია ყაზტრანსოილის წარმომადგენელი კომპანია – ბათუმის ინდუსტრიული ჰოლდინგი (Batumi Industrial Holding Limited), ჩალიკ ჰოლდინგი (Calik Holding A.S), მაილსთოუნ ინთერნეშენალ ჰოლდინგი (Milestone International Holdings Group Limited), ალექსანდრე მაშკევიჩი, ბადრი პატარკაციშვილის ოჯახი. 

გიორგი ბაჩიაშვილმა 2013 წელს განაცხადა, რომ თანაინვესტირების ფონდში ბიძინა ივანიშვილის ინვესტიცია ფონდის მთლიანი კაპიტალის  15 პროცენტია, ხოლო დანარჩენი ინვესტორების მიერ  განხორციელებული ინვესტიციის რაოდენობა არ ხმაურდება.

2017 წლის დასაწყისში, “სილქროუდ ჯგუფის” მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ბათუმში “ტრამპ თაუერის” კომპლექსის მშენებლობის პროექტი ოფიციალურად შეწყდა.

სალიცენზიო ხელშეკრულება ბათუმში “ტრამპ თაუერის” საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობისთვის 2011 წელს გაფორმდა. 47–სართულიანი „ტრამპ თაუერის“ მშენებლობა 2013 წლის გაზაფხულზე უნდა დაწყებულიყო, თუმცა მშენებლობა არ დაწყებულა. პროექტის ღირებულება 250 მილიონ დოლარს შეადგენდა. აღნიშნულ პროექტს  „სილქროუდ ჯგუფი“ დონალდ ტრამპის კომპანიასთან გაფორმებული სალინცეზიო ხელშეკრულების საფუძველზე ახორციელებდა.

2012 წლის აპრილში ბათუმში “ტრამპ თაუერის” პროექტის პრეზენტაციას თავად დონალდ ტრამპი, პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, ხელისუფლების წარმომადგენლები და “სილქროუდ ჯგუფის” ხელმძღვანელი გიორგი რამიშვილი ესწრებოდნენ.

დონალდ ტრამპი და მიხეილ სააკაშვილი ბათუმში „ტრამპ–თაუერის“ ბანერის ფონზე. 22.04.2012. ფოტო: პრეზიდენტის ადმინისტრაცია

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი