ახალი ამბები

საბერძნეთში საქართველოს ელჩი: კრიმინალური შემთხვევები უმთავრეს პრობლემად რჩება

4 ნოემბერი, 2017 • 2740
საბერძნეთში საქართველოს ელჩი: კრიმინალური შემთხვევები უმთავრეს პრობლემად რჩება

საბერძნეთის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩი იოსებ ნანობაშვილი აცხადებს, რომ საქართველოს მოქალაქეებთან დაკავშირებული კრიმინალური შემთხვევები საქართველოსა და საბერძნეთს შორის ურთიერთობებში არსებულ უმთავრეს პრობლემად რჩება.

“ვფიქრობ, ზედმეტია იმის განმარტება, რომ ეს პრობლემა უაღრესად დიდ ზიანს აყენებს, როგორც ჩვენი ქვეყნისა და ჩვენი ერი იმიჯს, ასევე საელჩოს საქმიანობას. მსგავსი ფაქტები მნიშვნელოვნად აფერხებენ საბერძნეთის ხელისუფლებასთან ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე მოლაპარაკებას, ასევე საქართველოს მოქალაქეების მიმართ ბერძნულ საზოგადოებაში ქმნიან ძალზე ნეგატიურ ფონს”,- ნათქვამია ელჩის მიერ გავრცელებულ მიმართვაში, რომელიც საელჩოს ოფიციალურ “ფეისბუქ” გვერდზე გამოქვეყნდა. 

ელჩის განმარტებითვე, საელჩო საბერძნეთის მთავრობის შესაბამისი სტრუქტურების უმაღლეს პირებთან, როგორც ოფიციალური, ასევე არაოფიციალური არხებით, მუდმივ დიალოგს აწარმოებს ორ საკითხზე:

[checklist]

  • განუხრელად იყოს დაცული საქართველოს მოქალაქეების უფლებები, მიუხედავად იმ დანაშაულის სიმძიმისა, რომელშიც მათ ედებათ ბრალი.
  •  არ იქნას დაშვებული მცდარი, ორაზროვანი ან გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელება დანაშაულში ბრალდებული ჩვენი თანამემამულეების შესახებ.

[/checklist]

31 ოქტომბერს საბერძნეთის მედიამ გაავრცელა ცნობა, რომ პოლიციამ დააკავა საქართველოს რვა მოქალაქე, რომლებსაც ბრალად ედებათ თაღლითობით ძარცვა. მედიის ცნობითვე, ისინი ძირითადად ხანში შესულ ადამიანებს მოტყუებით ძარცვავდნენ. პოლიცაიმ გამოაქვეყნა დაკავებულების პოტოები და სახელები და გვარები.

“დავუბრუნდები უკანასკნელ პერიოდში საქართველოს მოქალაქეების დაკავების შემთხვევებს და გაცნობებთ, რომ აღნიშნულ დაკავებებთან დაკავშირებით საელჩოს აქვს წინასწარი ინფორმაცია, როგორც ფაქტების დამახინჯების, ასევე ინფორმაციის გავრცელების კუთხით შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო სამსახურის მიერ დაშვებული გადაცდომების თაობაზე. მომავალი კვირის ბოლომდე ჩვენ გვექნება კომპეტენტური დასკვნა, რის საფუძველზეც, გარწმუნებთ, ჩვენი რეაგირება, ამ შემთხვევაშიც, იქნება დროული და ქმედითუნარიანი. მიმდინარე ეტაპზე, საელჩოს ხელთ უკვე არსებობს ყველა შესაბამისი ბერკეტი, რომ მსგავს ფაქტებზე მივიპყროთ როგორც საბერძნეთის მთავრობის, ასევე ბერძნული მასმედიისა და სამოქალაქო საზოგადოების ყურადღება”-ნათქვამია ელჩის მიმართვაში.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი