რა იცვლება კანონპროექტით სახელფასო დანამატებსა და პრემიებზე

პარლამენტში ინიცირებული კანონპროექტით საჯარო მოხელეების სახელფასო დანამატის ზღვარი დგინდება და ის წლიური შემოსავლის 20% იქნება. რაც შეეხება ფულად ჯილდოს, კანონი აქაც ზედა ზღვარს აწესებს. ფულადი ჯილდოს შემთხვევაში ზღვარი წლიური შემოსავლის 10%-ია.

თუ კანონპროექტს პარლამენტმა მხარი დაუჭირა, 2018 წლის პირველ იანვარს ამოქმედდება. გამონაკლისია მთავრობა, რომლისთვისაც კანონი 2021 წელს შევა ძალაში.

კითხვაზე, რატომ მოხდა მთავრობისთვის გამონაკლისის დაშვება, ფინანსთა მინისტრის მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ 30 ოქტომბერს პარლამენტის საბიუჯეტო-საფინანსო კომიტეტის სხდომაზე ამ კთხვაზე ასე უპასუხა: “ ასეთი გადაწყვეტილება მიიღო მთავრობამ. 2021 წლამდე, სანამ ამ მოწვევის პარლამენტის დამტკიცებული მთავრობა არსებობს, არ ყოფილიყო მათი ანაზღაურების გაზრდა და, შესაბამისად, ახალი მოწვევის პარლამენტში შემდგომ ვინც იქნება მთავრობაში, იმათზე გავრცელდება ეს კანონი,”-განაცხადა გიორგი კაკაურიძემ.

პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა “საჯარო სამსახურში შრომის ანაზღაურების შესახებ” ცვლილებების კანონპროექტს მხარი დღეს დაუჭირა.

კანონპროექტის ავტორია საჯარო სამსახურის ბიურო, ინიციატორი კი- მთავრობა.

ცვლილებების მიხედვით, მაგალითად, თუ საჯარო მოხელის წლიური ანაზღაურება 10 000 ლარია,  მას დანამატის სახით წელიწადში მაქსიმალურად 2000 ლარის მიღება შეუძლია.

საჯარო სამსახურის ბიუროს უფროსის,  ეკატერინე ქარდავას განცხადებით, საქართველო შრომის ანაზღაურების შესახებ კანონს პირველად იღებს და ეს არის პირველი მცდელობა, როდესაც სახელმწიფო ცდილობს, ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი უწყებების თანამშრომელთა ანაზღაურების საკითხი დაარეგულიროს.

კანონპროექტის მიხედვით, საჯარო სექტორში დასაქმებული ადამიანებმა  შრომის ანაზღაურების გარდა  შეიძლება მიიღონ: საკლასო დანამატი, სახელფასო დანამატი და ფულად ჯილდო.

  • სახელფასო დანამტად მიჩნეულია დასაქმებული ადამიანის მიერ ზეგანაკვეთური სამუშაოს ან დამატებითი ფუნქციების შესრულება.  მათ შორის- ღამის საათებში, დასვენების ან უქმე დღეებში.
  • ფულადი ჯილდო  გაიცემა იმ შემთხვევაში, თუ საჯარო სექტორში მომუშავე ადამიანი ზედმიწევნით და სანიმუშოდ შეასრულებს თავის სამუშაოს. კანონპროექტში ფულადი ჯილდო განმარტებულია, როგორც წახალისების საშუალება.
  • საჯარო დაწესებულებაში დასაქმებულ მოხელეს მიეცემა ასევე  კლასის დანამატი.

მოხელის კლასების საერთო რაოდენობაა 12, სადაც პირველი კლასი არის ყველაზე დაბალი, ხოლო მე-12 – ყველაზე მაღალი კლასი. მოხელეს, რომელსაც მიენიჭა მოხელის კლასი, ეძლევა ხელფასის დანამატი – საკლასო დანამატი. მოხელის კლასი განსაზღვრავს მოხელის პროფესიული ცოდნისა და გამოცდილების დონეს. საკლასო დანამატის განაკვეთი მოხელეთა საბაზისო ხელფასს ემატება.

კლასი 1 2 3 4 5 6 7 8 10 11 12
საკლასო დანამატის განაკვეთი 1% 2% 3% 4% 5% 6% 7% 8% 10% 12% 15%

გამოსაცდელი ვადის პერიოდში საჯარო მოხელეს კლასი არ მიენიჭება.

სახელმწიფო ასევე უარს ამბობს პრემიის ცნებაზე. პრემიის ცნება კანონპროექტში აღარ არის.

ოპოზიციის ერთ-ერთი შენიშვნა სწორედ ფინანსურ ჯილდოს უკავშირდებოდა. კანონპროექტში არ არის დაკონკრეტებული, წელიწადში რამდენჯერ შეიძლება გაიცეს ფულადი ჯილდო. ეკატერინე ქარდავამ ჟურნალისტებს უთხრა, რომ  შესაძლებელია კანონპროექტში ცვლილება შევიდეს და ფულადი ჯილდო ერთჯერადი სახით გაიცეს.

“წლიური 10% -ის ფარგლებში წელიწადში ფინანსური ჯილდო შეიძლება რამდენჯერმე გაიცეს, მაგრამ ეს ზღვარი ვერ იქნება წელიწადში 10%-ზე ზევით. რაც შეეხება ოპოზიციის შენიშვნას, რომ ტექსტში არ არის ჩაწერილი ერთჯერადი სახით. ამის ჩასწორება შეიძლება,”-აცხადებს საჯარო სამსახურის ბიუროს უფროსი.

ოპოზიციის შენიშვნები ეხებოდა იმას, რომ “საჯარო დაწესებულებებში შრომის ანაზღაურების შესახებ” დაგეგმილ ცვლილებები გარკვეულ უწყებებს არ ეხება.

კერძოდ, ამ კანონის მოქმედება არ ვრცელედება მოსამართლეებზე, პროკურორსა და პროკურატურის გამომძიებლებზე, ეროვნული ბანკის პრეზიდენტსა და სებ-ის საბჭოს წევრებზე, გენერალურ აუდიტორსა და მის მოადგილეზე; იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებზე; მარეგულირებელი ორგანოს ხელმძღვანელსა და მის წევრებზე და ა.შ.

“ნაციონალური მოძრაობის” წევრი რომან გოცირიძე მიიჩნევს, რომ ინიცირებული კანონპროექტი მარეგულირებელი კომისიის წევრებსა და სხვა საჯარო მოხელეებზეც უნდა გავრცელდეს.

“ამას ნუ მივიღებთ ისე, თითქოს ეს არის კანონპროექტი პრემიებთან დაკავშირებით. ეს არის მცდელობა, რომ დარეგულირდეს სახელმწიფო მოხელეების ხელფასი. ის, რომ სახელმწიფო მოხელე ღირსეულ ანაზღაურებას უნდა ღებულობდეს, რათა ამ სისტემაში კორუფცია არ იყოს, ეს არის ელემენტარული. მაგრამ მაშინ, როცა ერთი ადამიანის გასაკეთებელს ოთხი აკეთებს და ეს დამატებული სამი არის პარტიული სანაცნობო-სანათესაო და უზარმაზარი ფული მიდის ბიუროკრატიაში,  ამ კანონმა მის შეცვლას უნდა დაუდოს საფუძველი, თუმცა, ეს რომ მოხდეს, სერიოზული ცვლილებებია საჭირო. ის უნდა ეხებოდეს არა მხოლოდ საჯარო მოხელეებს, არამედ მარეგულირებელ კომისიებსაც. ვერავინ დედამიწის ზურგზე ვერ დაამტკიცებს, რატომ უნდა ჰქონდეს პრემიერ-მინისტრზე და პრეზიდენტზე სამჯერ მეტი ხელფასი რომელიმე მარეგულირებელი კომისიის ჩინოვნიკ წევრს. ან რატომ უნდა ღებულობდეს რკინიგზის უფროსი 10-ჯერ მეტ ხელფასს, ვიდრე საქართველოს რომელიმე ყველაზე მაღალი რანგის მოხელე, როდესაც თუნდაც რკინიგზაში 3-ჯერ შემცირებულია ტვირთბრუნვა. ჩვენ გვექნება შენიშვნები, რომ ეს კანონი გავრცელდეს მთელ სახელმწიფო ფინანსებზე და მხოლოდ პრემიებზე და დანამატებზე არ იყოს ორიენტირებული,”-თქვა რომან გოცირიძემ.

“ევროპული საქართველოს” წევრის, ხათუნა გოგორიშვილის თქმით, კანონპროექტი საჯარო მოხელეების ნახევარზე ვრცელდება და აქედან გამომდინარე ბევრ უწყებას რჩება ბერკეტი, ფინანსური ანაზღაურება რეგულაციების გარეშე განახორციელოს.

“მთავარი არის ის, რომ ამ კანონპროექტს აქვს პრეტენზია დაარეგულიროს სახელფასო პოლიტიკა სახელმწიფო სამსახურში, თუმცა მეორე პუნქტში არის გრძელი ჩამონათვალი, ვისზე არ გავრცელდება ეს კანონპროექტი. ეს არის კანონპროექტი, რომლითაც დარეგულირდება მხოლოდ სახელმწიფო სამსახურის ნახევარი. დანარჩენ შემთხვევაში, საგამონაკლისო წესიდან გამომდინარე, ისევ გადაწყვეტილების მიღება, რამხელა იქნება ანაზღაურება კონკრეტული თანამშრომლის, იქნება ამ უწყების ხელმძღვანელის გადასაწყვეტი. ერთადრრთი განსხვავება არის ის, რომ აღარ ერქმევა ამას არც  პრემია და დანამატი, უბრალოდ ერქმევა ახალი სიტყვა ჯილდო. მერე ეს სიტყვაც გაჯდება ხალხში.  მერე მთავრობა შემოიტანს ცვლილებებს. რეალური მდგომარეობა არ შეიცვლება,”-აცხადებს ხათუნა გოგორიშვილი.

მოქმედი კანონმდებლობით, რომელიც 2015 წელს მიიღეს მოხელის შრომითი გასამრჯელო მოიცავს თანამდებობრივ სარგოს და დანამატს.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
მარიამ ვარადაშვილი არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2017 წლის სექტემბრიდან.