“საქართველოს გაუმარჯოს” – პრინცმა ჰარიმ ქართველ სამხედროებს გამარჯვება მიულოცა

კანადაში საერთაშორისო პარაოლიმპიური თამაშები „Invictus Games“ მიმდინარეობს, სადაც დაჭრილი ქართველი სამხედროებიც მონაწილეობენ. ბრიტანეთის პრინცმა ჰარიმ “ტვიტერისა” და “ინსტაგრამის” ოფიციალურ გვერდზე ქართველ სამხედროებთან ერთად გადაღებული ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც ისინი ერთად სკანდირებენ “საქართველოს გაუმარჯოს”.

თავდაცვის სამინისტროს ცნობით, მჯდომარე ფრენბურთში ქართველმა სამხედროებმა ოქროს მედლები მოიპოვეს. ფინალურ შეხვედრაში ქართველი სამხედროების ნაკრები სწორედ გაერთიანებული სამეფოს ნაკრებს დაუპირისპირდა და გამარჯვება მოიპოვა. Invictus Games-ში გამარჯვებულ ქართველ სამხედროებს ოქროს მედლები პრინცმა ჰარიმ პირადად გადასცა.

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საბრძოლო მოქმედებების დროს და სამშვიდობო მისიებში დაჭრილი და დაშავებული სამხედრო მოსამსახურეებით დაკომპლექტებული გუნდი „ძლიერთა თამაშებში” (Invictus Games) მჯდომარე ფრენბურთის გარდა სპორტის კიდევ 5 სახეობაში ასპარეზობს: ველორბოლა, ცურვა, წოლჭიმი, მშვილდით სროლა, ავტორბოლა.

ქართველი სამხედრო თამაშში მესამედ მონაწილეობენ.  “ძლიერთა თამაშები” პრინც ჰარის პატრონაჟით ტარდება. პრინცი ჰარი, თავადაც იმყოფებოდა სამშვიდობო მისიაში, ავღანეთში.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ელენე ხაჭაპურიძე არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2011 წლიდან. აშუქებს პოლიტიკის, განათლების, ჯანდაცვის, ადამიანის უფლებებს და მიმდინარე მოვლენებს. e-mail ellen.khachapuridze@gmail.com