საქართველოს სახალხო დამცველი აზიის ომბუდსმენთა ასოციაციის სრულ წევრად აირჩიეს

სამხერთ კორეაში გამართულ აზიის ომბუდსმენთა ასოციაციის გენერალურ ასამბლეაზე საქართველოს სახალხო დამცველი ასოციაციის სრულ წევრად აირჩიეს. ომბუდსმენის აპარატში განგვიმარტეს, რომ საუბარია სახალხო დამცველის ინსტიტუტზე და მის ხელმძღვანელზე.

აზიის ომბუდსმენთა ასოციაციის დირექტორთა საბჭომ, რეგიონში საქართველოს სახალხო დამცველის როლიდან და მნიშვნელობიდან გამომდინარე, ასოციაციის ფარგლებში მისი მანდატის გაფართოების გადაწყვეტილება მიიღო. სრული წევრობა სახალხო დამცველს ანიჭებს ხმის მიცემისა და გენერალური ასამბლეის წევრობის უფლებას, რომელსაც თავის მხრივ ახალი წევრების არჩევის უფლებამოსილება გააჩნია. ასევე მას ევალება დირექტორთა საბჭოსა და აუდიტორის შერჩევა და მათი ანგარიშების დამტკიცება.

როგორც საქართველოს ომბუდსმენის აპარატში აცხადებენ, აზიის ომბუდსმენთა ასოციაციის სრული წევრობით კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი საქართველოს სახალხო დამცველის საერთაშორისო სტატუსსა და მნიშვნელობას.

აზიის ომბუდსმენთა ასოციაცია (AOA) 1996 წლის 16 აპრილს დაარსდა, როგორც ომბუდსმენთა არასამთავრობო, არაპოლიტიკური, დამოუკიდებელი და პროფესიული ფორუმი. ასოციაციის მთავარ მიზანს წარმოადგენს ომბუდსმენთა ინსტიტუტების განვითარების ხელშეწყობა აზიის მასშტაბით. ასოციაცია ამჟამად აერთიანებს 34 წევრს 17 ქვეყნიდან და მას მართავს ცხრა წევრისაგან შემდგარი დირექტორთა საბჭო.

სახალხო დამცველის აპარატი არის ადამიანის უფლებათა ეროვნული ინსტიტუტების არაერთი ასოციაციის წევრი. ომბუდსმენის აპარატში აღნიშნავენ, რომ 2016 წლის მარტში საქართველოს სახალხო დამცველი, გერმანიის, ხორვატიისა და ფინეთის ომბუდსმენებთან ერთად, ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნული ინსტიტუტების გლობალური ალიანსის (GANHRI) ბიუროს წევრად აირჩიეს. ამავე წელს, ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნული ინსტიტუტების ევროპული გაერთიანების გენერალური ასამბლეის გადაწყვეტილებით, საქართველოს სახალხო დამცველი ზედიზედ მეორედ, სამი წლის ვადით გახდა ევროპული ქსელის საკოორდინაციო კომიტეტის (ECC) წევრი.

2017 წლიდან კი საქართველოს სახალხო დამცველი არჩეულია ადამიანის უფლებათა ეროვნული ინსტიტუტების ევროპული ქსელის ფინანსური კომიტეტის ხელმძღვანელად.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
გიორგი დიასამიძე არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2014 წლიდან. აშუქებს საზოგადოებრივ-პოლიტიკურ საკითხებს და სხვა მიმდინარე მოვლენებს.