ფოტო: სომხეთის თავდაცვის სამინისტრო

“3 სექტემბერი” – რატომ არ მიიღო სომხეთმა «Agile Spirit 2017»-ში მონაწილეობა

უკანასკნელი დღეების განმავლობაში რუსულენოვანი ინტერნეტის ერთ-ერთი ცნობილი მემი, რუსი მომღერლის, მიხეილ შუფუტინსკის სიმღერა “სამი სექტემბერი” სომხეთში განსაკუთრებულად აიტაცეს. თარიღი 3 სექტემბერი გარკვეულწილად გახდა სომხეთის “ევროპულ გზაზე” სვლის უარის სიმბოლო.

2013 წლის 3 სექტემბერს პრეზიდენტმა სერჟ სარგსიანმა განაცხადა, რომ სომხეთი რუსეთის, ბელარუსისა და ყაზახეთის საბაჟო კავშირში შედის [რომელიც საბოლოოდ ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირად იქცა], რაც იმას ნიშნავდა, რომ სომხეთი აღარ მოაწერდა ხელს ევროკავშირთან ასოციაციის შესახებ შეთანხმებას. ეს განცხადება იმ დროს გაკეთდა, როდესაც მოლაპარაკებები ამ საკითხთან დაკავშირებით რამდენიმე წელი მიმდინარეობდა და დოკუმენტი ხელმოსაწერადაც მზად იყო.

2017 წლის 3 სექტემბერს კი სომხეთის ბევრ მოქალაქეს  შეექმნა შთაბეჭდილება, რომ ისტორია განმეორდა. ამჯერად საქმე შეეხებოდა სომხეთის მოულოდნელ უარს NATO-სა და Agile Spirit 2017”-ის პარტნიორთა სწავლებაში მონაწილეობაზე, რომელიც საქართველოში ტარდებოდა.

სიტუაცია მაშინ გართულდა, როდესაც სომხეთის ხელისუფლებამ ვერ შეძლო ან არ მოისურვა ოფიციალური განცხადების გაკეთება, რომელიც ნათელს მოჰფენდა, თუ რა მიზეზით თქვა სომხეთმა უარი NATO-ს სწავლებაში მონაწილეობაზე. ბოლომდე უცნობი იყო, მიიღებდა თუ არა სომხეთი აღნიშნულ სწავლებაში მონაწილეობას. როდესაც საზოგადოებამ კითხვაზე პასუხი მიიღო, ბევრისთვის გაუგებარი იყო უარის თქმის მიზეზი. მხოლოდ მეორე დღეს მმართველი პარტიის ზოგიერთმა წარმომადგენელმა გააკეთა შემდეგი სულისკვეთების განცხადება: “სომხეთი არ აპირებს NATO-ს წევრობას, არის  ОДКБ-ს [კოლექტიური უსაფრთხოების შეთანხმების ორგანიზაციის ] წევრი და, შესაბამისად, “აჟიოტაჟის” საფუძველიც არ არსებობს”.

სომხური მხარის განმარტებები არცთუ ისე დამაჯერებელი იყო, რადგანაც არავის ჰქონდა პასუხი კითხვებზე- რატომ გაახსენდათ ერევანში მაინცდამაინც ახლა სომხეთის ОДКБ-ს  წევრობა; ასევე- ის, რომ ქვეყანა NATO-ს წევრობას არ აპირებს. ამის შესახებ ხომ მანამდეც მშვენივრად იცოდნენ, თუმცა ამას ხელი არ შეუშლია სომხეთისთვის, მიეღო მონაწილეობა NATO-ს სხვა წვრთნებში, რომელიც 2017 წლის ივლისის ბოლოს საქართველოში, სახელწოდებით Noble Partner 2017 გაიმართა. შესაბამისად, რადგანაც არ არსებობდა გასაგები ოფიციალური განმარტება, გაჩნდა სხვადასხვა სავარაუდო მოსაზრება, რომლის უმრავლესობაშიც “მოსკოვის ხელი”ფიგურირებდა.

ერევანი მოსკოვსა და ნატოს შორის

იმის გათვალისწინებით, რომ სომხეთი რუსეთის სტრატეგიულ პარტნიორად მიიჩნევა და, ამავე დროს, ОДКБ-ს ბლოკის წევრია, ეს განმარტება საკმარისად ლოგიკურად ჟღერს. თუმცა, რეალურად, ყველაფერი უფრო რთულადაა სომხეთ-რუსეთ-NATO-ს სამკუთხედში. სომხეთის მონაწილეობა NATO-ს სწავლებაში  – ეს არის სომხეთსა და დასავლეთს შორის სამხედრო სფეროში თანამშრომლობის მხოლოდ ერთი ეპიზოდი. სომხეთი 1994 წლიდან პროგრამაში “პარტნიორობა მშვიდობის სახელით” მონაწილეობს, 2005 წელს კი პირველად მოაწერა ხელი ინდივიდუალური მოქმედების გეგმას IPAP (Individual Partnership Action Plan), რომელიც NATO-ს მხრიდან უსაფრთხოების სფეროში რეფორმების  გატარებაში დახმარებას ითვალისწინებს.  სომხეთის სამშვიდობო კონტინგენტი, NATO-ს წევრი ქვეყნების შეიარაღებულ ძალებთან ერთად, მონაწილეობს კოსოვოში მიმდინარე სამშვიდობო ოპერაციებში, ავღანეთში და ლიბანში, 2009 წლამდე – ერაყში. ასე რომ, წარმოდგენა სომხეთზე, როგორც რუსეთის “კლიენტ ქვეყანაზე”, რომელიც უსაფრთხოების სფეროში დასავლეთთან დამოუკიდებელი კავშირების დამყარებას გაურბის, რეალობას არ შეესაბამება.

შესაბამისად, «Agile Spirit» -ში მონაწილეობაზე უარის თქმა მოულოდნელი იყო. თუმცა ეს გადაწყვეტილება, დიდი ალბათობით, დაკავშირებულია იმ გარემოებასთან, რომ ბოლო პერიოდში სომხეთისა და რუსეთის ურთიერთობებში გარკვეული დაძაბულობა შეიმჩნევა. ამის გამო კი სომხურმა მხარემ გადაწყვიტა, რომ ამ დაძაბულობის ფონზე NATO-ს სწავლებებში მონაწილეობა რუსეთის მხრიდან მკვეთრ ნაბიჯად აღიქმება.

რა ხდება სომხეთ-რუსეთის ურთიერთობებში, მარტივი მისახვედრი არ არის,  რადგანაც განსხავავებით, მაგალითად, ბელარუსის ლიდერისგან, ალექსანდრ ლუშაკენკოსგან, სომხეთის ხელისუფლება საკმაოდ თავშეკავებულია რუსეთის პოზიციის საჯარო კრიტიკის საკითხში.

მაშინაც კი, როდესაც საქმე შეეხება სომხეთისთვის ისეთ მგრძნობიარე თემას, როგორიცაა რუსეთის მიერ მძიმე სამხედრო შეიარაღების მიყიდვა აზერბაიჯანისთვის, სომხეთის ხელისუფლება უმეტეს შემთხვევაში თავს იკავებს მოსკოვის ქმედებების ღია კრიტიკისგან და კომუნიკაციის დახურულ არხებს ამჯობინებს. თუმცა, როგორი განწყობაა სომხეთისა და რუსეთის ურთიერთობებში, ამის გაგება შესაძლებელია ანალიტიკოსების, აქტივისტების, ჟურნალისტებისა და პოლიტიკოსების [განსაკუთრებით ფორმალური ოპოზიციის, თუმცა, რეალურად, ხელისუფლებისგან მართულების] განცხადებებისა და ინიციტივების საშუალებით.

NATO-ს სწავლებაზე უარი ევროკავშირთან შეთანხმების სანაცვლოდ? 

ის, რომ ყველაფერი ასე მარტივად არ არის რუსულ-სომხურ ურთიერთობებში, ბოლო კვირების საინფორმაციო ფონიც მეტყველებს. ეროვნული კრების დეპუტატებმა ოპოზიციური ბლოკიდან “ელკი” განაცახდეს, რომ სომხეთი ევრაზიული კავშირიდან უნდა გავიდეს. კიდევ რამდენიმე დღის შემდეგ ამავე ბლოკის დეპუტატები ერევნის მუნიციპალურ საბჭოში წინადადებით გამოვიდნენ, რომ ერევანში სახელები გადაერქვას იმ ქუჩებს, რომლებიც კომუნისტებისა და სომხეთის ისტორიაში ნეგატიური როლის მოთამაშეთა სახელებს ატარებს. გამომდინარე იქიდან, თუ როგორი მგრძნობიარეა რუსული ელიტა ევრაზიული ინტეგრაციისა და საბჭოთა მემკვიდრეობის მიმართ, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ეს ინიციატივები რუსეთში ნეგატიურ რეაქციას გამოიწვევს. თავად სომხეთშიც “ელკის” ინიციატივები ოპოზიციონერების მიერ სკეპტიკურად იყო აღქმული. ეს საკითხი რუსეთს არ გამოპარვია. მაგალითად, სახელმწიფო დუმის დეპუტატმა ლეონიდ კალაშნიკოვმა სომხეთის დეპუტატების ინიციატივას “მტრული აქტი” უწოდა და განაცხადა, რომ თუკი ეს წინადადება განხორციელდება, მოსკოვს  შესაბამისი საპასუხო რეაქცია ექნება.

ბლოკი ელკი, იმის მიუხედავად, რომ ოპოზიციურად მიიჩნევა, ე.წ. კონსტრუქციული ოპოზიციაა.  ისეთი, რომელიც ხელისუფლებასთან თანამშრომლობას არ ერიდება.

ამიტომაც ელკის მიერ წარმოდგენილი ინიციტივები ზოგიერთმა აღიქვა, როგორც ხელისუფლების მიერ ინსპირირებულად თუ არა – მოწონებულად მაინც. მიუხედავად იმისა, რომ მმართველი რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენლებმა ეს ინიციატივები კრიტიკულად შეაფასეს, ეს უფრო მეტად გათამაშებული კომბინაციის ნაწილს წააგავდა. რაც არ უნდა იყოს, ელკის ინიციატივებმა, საინფორმაციო წყაროების მიხედვით, სომხეთისა და რუსეთის ურთიერთობების საკითხში გარკვეული დაძაბულობა შეიტანა.

იმის გათვალისწინებით, რომ ორივე მხარე საჯაროდ ერიდება უთანხმოების გახმიანებას, მხოლოდ მარჩიელობა შეგვიძლია, რა შეიძლება იყოს ამ დაძაბულობის მიზეზი. ამ კუთხით უფრო რეალური განმარტება სომხეთსა და ევროკავშირს შორის  ჩარჩო- ხელშეკრულებასთანაა  [ყოვლისმომცველი და გაფართოებული პარტნიორობის შესახებ] კავშირში. 2017 წლის თებერვალში სერჟ სარგსიანმა ბრიუსელში განაცხადა, რომ ერევანსა და ევროკავშირს შორის მოლაპარაკებები დასრულებულია და შეთანხმება ევროკავშირსა და სომხეთს შორის მზადაა ხელმოსაწერად.

სომხეთში შეთანხმებაზე ხელმოწერას 2017 წლის ნოემბერში ელიან. 2013 წლის გათვალისწინებით, რაზეც საუბარი იყო სტატიის დასაწყისში, სომხეთში ბევრი შიშობს, რომ შეთანხმების ხელმოწერა მოსკოვის გაღიზიანებას გამოიწვევს. მართალია, 2013 წლისგან განსხვავებით, შეთანხმების ახალი პროექტი არ ითვალისწინებს სომხეთის მიერთებას DCFTA-თან (Deep and Comprehensive Free Trade Area), რადგანაც სომხეთი უკვე არის ევრაზიული ეკონომიკური კავშირის წევრი.

თუმცა, რუსეთისა და ევროკავშირის ურთიერთობების გათვალისწინებით, სომხეთსა და ევროკავშირს შორის წარმატებულმა მოლაპარაკებებმა შესაძლოა მოსკოვის ნეგატიური რეაქცია გამოიწვიოს. ამ ფონზე, სომხეთის მონაწილეობას საქართველოს ტერიტორიაზე NATO-ს ორ სწავლებაში, ორი თვის შუალედით, არ შეიძლებოდა მოსკოვი არ გაეღიზიანებინა. შესაძლოა სწორედ ეს თემები განიხილეს აგვისტოში შეხვედრის დროს ვლადიმერ პუტინმა და სერჟ სარგსიანმა, რომელიც სოჭში შედგა.

ამ ყველაფრის შემდეგ შეიძლება ვივარაუდოთ, რომ სწავლებებში მონაწილეობაზე სომხეთის უარის ერთ-ერთი სავარაუდო მიზეზი თავისებური, გარკვეული დათმობაა მხარებს შორის: სომხეთი უარს ამბობს NATO-ს სწავლებაში მონაწილეობაზე, მოსკოვი კი არ იქნება წინააღმდეგი იმისა, რომ სომხეთმა ევროკავშირთან შეთანხმება გააფორმოს.  რა თქმა უნდა, არც ერთი რუსი ან სომეხი ჩინოვნიკი არასოდეს იტყვის ამას ხმამაღლა, თუმცა ეს მიზეზი სავსებით ლოგიკურია. მოსკოვში NATO-სთან დაკავშირებული საკითხები ყოველთვის უფრო მწვავედ აღიქმებოდა, ვიდრე ევროკავშირთან. სომხური მხარისთვის სამხედრო სწავლებებში უარის თქმა რეპუტაციის შელახვასთან არის დაკავშირებული, თუმცა ევროკავშირთან შეთანხმების ხელმოწერა ამასთან შედარებით მაინც მეორეხარისხოვანია. რა თქმა უნდა, იდეალურ სამყაროში სომხეთისა და ევროკავშირის შეთანხმების ხელმოწერის საკითხი მხოლოდ ერევნისა და ბრიუსელის საკითხი უნდა ყოფილიყო, თუმცა ბოლო წლების მოვლენებმა ცხადყო, რომ ბევრ პოსტსაბჭოთა ქვეყანას დიდი სიფრთხილე და რთული დიპლომატიური კომბინაციების გაკეთება სჭირდება იმისთვის, რომ წარმატებას მიაღწიოს და გეოპოლიტიკური რისკები თავიდან აირიდოს. შესაძლოა, NATO-ს სწავლებაზე უარი იყოს სწორედ ის ფასი, რომელიც ერევანმა უნდა გადაიხადოს, რათა თავიდან აირიდოს 2013 წლის 3 სექტემბრის მოვლენების განმეორება და ჩარჩო-ხელშეკრულებაზე ხელმოწერით ევროკავშირთან თანამშრომლობის გაგრძელება შეძლოს.

ბიოლი

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
მიკაელ ზოლიანი არის ერევანში მცხოვრები ისტორიკოსი და პოლიტოლოგი.