ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ბურჯანაძის აფხაზეთში დაგეგმილ ვიზიტს ოსური მხარე გამოეხმაურა

11 აგვისტო, 2017 • 6180
ბურჯანაძის აფხაზეთში დაგეგმილ ვიზიტს ოსური მხარე გამოეხმაურა

სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პარლამენტის სპიკერი პეტრე გასიევი აფხაზ და ოს ხალხთან შეხვედრის სურვილზე ნინო ბურჯანაძის განცხადებას “იაფფასიან ხრიკს” უწოდებს.

“მე არ ვფიქრობ, რომ ნინო ბურჯანაძის ვიზიტი სამხრეთ ოსეთში საერთოდ შესაძლებელია. ოსი ხალხისთვის ბურჯანაძე საქართველოს ნაციონალიზმისა და ფაშიზმის სიმბოლოა. უნდა გავიხსენოთ მისი განცხადებები იმის შესახებ, რომ როდესაც ქართველები სამხრეთ ოსეთის ასაღებად წავლენ, მისი შვილები პირველ რიგებში იქნებიან.

დღეს ბურჯანაძე აღარ არის საქართველოს პოლიტიკურ ველზე მნიშვნელოვანი ფიგურა და ასეთი იაფფასიანი ხრიკებით, როგორიცაა აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში ჩასვლა, დივიდენდებს ეძებს. ის ოსი ხალხის მტერია”, – განაცხადა გასიევმა.

დემოკრატიული მოძრაობის ლიდერი ნინო ბურჯანაძე სოხუმში ჩასასვლელად ემზადება. როგორც ნეტგაზეთს პარტიის პრესსამსახურში განუცხადეს, ბურჯანაძემ შესაბამისი სურვილი გამოთქვა და მოსამზადებელი სამუშაოებიც დაიწყო.

“მან თქვა, მაქვს სურვილი, რომ შევხვდე აფხაზ და ოს ხალხსო. ხალხთან ერთად ასევე მომიწევს დე ფაქტო ხელისუფლებასთან დალაპარაკება, რადგან მათ გარეშე არავინ შეუშვებს, თუმცა მისი უპირველესი ამოცანა საზოგადოებასთან შეხვედრაა. საჭიროების შემთხვევაში, მზად არის დაილაპარაკოს დე ფაქტო ხელისუფლებასთანაც. ეს არის სურვილის დოენზე. ამ ეტაპზე უბრალოდ სამუშაოები მიმდინარეობს”, – განუცხადეს ნეტგაზეთს პარტიის პრესსამსახურში.

ბურჯანაძის აღნიშნული განცხადება ფესიბუკის ოსმა მომხმარებლებმაც განიხილეს. ბურჯანაძის ინიციატივას, აღნიშნული კომენტარების გათვალისწინებით, ოსურ საზოგადოებაში საკმაოდ ნეგატიურად შეხვდნენ. ამ ეტაპზე აფხაზურ მხარეს, აფხაზეთში ბურჯანაძის შესაძლო ვიზიტზე კომენტარი არ გაუკეთებია.

მასალების გადაბეჭდვის წესი