ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

პუტინს დღეს აფხაზეთში ელოდებიან

8 აგვისტო, 2017 • 2831
პუტინს დღეს აფხაზეთში ელოდებიან

2008 წლის აგვისტოს ომის მეცხრე წლისთავზე, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს აფხაზეთში ელოდებიან.

ვლადიმერ პუტინისა და აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტის, რაულ ხაჯიმბას შეხვედრა დღეს, 8 აგვისტოს, აფხაზური მედიის ინფორმაციით, ბიჭვინთაში, მოსკოვის დროით 15:00 საათზე გაიმართება.

“ჩვენ უნდა გავუფრთხილდეთ ამ ურთიერთობებს. პუტინის ჩამოსვლას კოლოსალური მნიშვნელობა აქვს, იმიტომ რომ მსოფლიოში არ არის მშვიდობა, დიდი სახელმწიფოები ერთმანეთს უპირისპირდებიან. პუტინის ყოველი ვიზიტი აფხაზეთში, არ არის მხოლოდ ვიზიტი და სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაცნობა. რუსეთის პრეზიდენტმა იცის, რომ აფხაზეთი, მიუხედავად მისი მცირე მასშტაბებისა, დიდ გეოპოლიტიკაში სტრატეგიულ როლს თამაშობს. ჩვენ თავისებური მნიშვნელოვანი ბუფერული ზონა გვაქვს. რაულ ხაჯიმბას და ვლადიმერ პუტინის შეხვედრის დროს დასმული საკითხები რესპუბლიკის განვითარების ვექტორს განსაზღვრავს”, – ამბობს ვლადიმერ ზანთარია, დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტის მრჩეველი.

ვლადიმერ პუტინი აფხაზეთში ოფიციალური ვიზიტით, 2008 წლის აგვისტოს ომისა და რუსეთის მიერ აფხაზეთის დამოუკიდებელ სახელმწიფოდ აღიარების შემდეგ პირველად, პრემიერ მინისტრის რანგში, 2009 წლის 12 აგვისტოს ჩავიდა. პუტინის მეორე ვიზიტი აფხაზეთში 2011 წელს შედგა. პრეზიდენტის რანგში კი, პუტინი აფხაზეთში 2013 წელს იმყოფებოდა. ვლადიმერ პუტინისა და რაულ ხაჯიმბას სხვა შეხვედრები რუსეთის ფედერაციის ტერიტორიებზე იმართებოდა.

ვლადიმერ პუტინი, რაულ ხაჯიმბა, სოჭი; 2016 ; ფოტო: რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაცია

ვლადიმერ პუტინი, რაულ ხაჯიმბა, სოჭი; 2014 ; ფოტო: რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაცია

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი