ახალი ამბები

სოხუმის უნივერსიტეტის რექტორად დსთ-ში ყოფილი ელჩი ზურაბ ხონელიძე აირჩიეს

21 ივლისი, 2017 • 4326
სოხუმის უნივერსიტეტის რექტორად დსთ-ში ყოფილი ელჩი ზურაბ ხონელიძე აირჩიეს

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორად დსთ-ში საქართველოს ყოფილი ელჩი ზურაბ ხონელიძე აირჩიეს.

დღეს გამართულ არჩევნებში რექტორობის კანდიდატები იყვნენ:

  1. ზურაბ ხონელიძე– საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი დსთ-ს ქვეყნებში, პოლიტიკურ მეცნიერებათა დოქტორი.
  2. ინდირა ძაგანია-ჭოჭუა– ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, სსუ-ის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი, სსუ-ს საგარეო საქმეთა და კულტურათაშორისი ურთიერთობების სამსახურის უფროსი.
  3. კახა ქეცბაია – ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი, სსუ-ის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი.

უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს ყველა წევრმა  ზურაბ ხონელიძე 8 ხმით ერთხმად აირჩია. 

ზურაბ ხონელიძე 2014 წელს სამხრეთ კავკასიის სამი ქვეყნის – საქართველოს, აზერბაიჯანისა და სომხეთის მონაწილეობით ახალი რეგიონული გეოპოლიტიკური გაერთიანების შექმნის იდეით გამოვიდა.

ხონელიძემ თავისი პროექტის პრეზენტაციაც საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიისა და საქართველოს საპატრიარქოს მხარდაჭერით გამართა. მას სასულიერო პირები, აკადემიური წრეების წარმომადგენლები, ექსპერტები და პოლიტიკოსები ესწრებოდნენ, მათ შორის, იმ დროინდელი პარლამენტის წევრები გოგი თოფაძე და ზურაბ ტყემალაძე.

26733

26730

26729

[red_box]გთავაზობთ ზემოხსენებულ სტატიას ნეტგაზეთის არქივიდან[/red_box]

“საქართველოს სრულფასოვან სახელმწიფოდ ჩამოყალიბების მიზანმა გამოკვეთა ჩვენი უპირველესი ამოცანა – ქვეყანა  მიუბრუნდეს საკუთარი განვითარების შეწყვეტილ ტრაექტორიას. მისი მიღწევის საშუალებაა – თანამედროვე გლობალურ სამყაროში შევქმნათ არა მხოლოდ ქართული, არამედ საერთო ღირებულებათა, ინტერესების დაბალანსებითა და დამატებით კეთილდღეობას მორგებული ისეთ რეგიონული – გლობალური პროექტი, რომლის რეალიზება აგვაცილებს მოსალოდნელ კატაკლიზმებს, დროს ჩვენდა სასიკეთოდ შემოაბრუნებს და ჩვენი ბედის გადაწყვეტის დარჩენილ დროში მხოლოდ მაყურებლის როლში არ აღმოვჩნდებით”, – განაცხადა მეცნიერებათ აკადემიაში გამართულ დღევანდელ პრეზენტაციაზე ხონელიძემ. ღონისძიებას აკადემიის წევრები, სასულიერო პირები, დეპუტატები- გოგი თოფაძე და ზურაბ ტყემალაძე, აკაკი ასათიანი, თავდაცვის ყოფილი მინისტრი დავით თევზაძე, მამუკა არეშიძე, კომპოზტორი ჯემალ სეფიაშვილი და პოლიტოლოგი კახა გოგოლაშვილი ესწრებოდნენ.

ნეტგაზეთის კითხვას, სთავაზობს თუ არა იგი თავისი პროექტით საზოგადოებასა და ხელისუფლებას ნატოსა და ევროკავშირის “ალტერნატივას”, რომლის თაობაზეც 2008 წელს ჩატარებული პლებისციტისა და სხვადასხვა გამოკითხვის მიხედვით ქვეყანაში კონსენსუსი არსებობს, ხონელიძე პასუხობს:

“თქვენ საუბრობთ საგარეო ორიენტირზე. ეს არის იმდენად ფაქიზი თემა, რომ ჩვენ აქ შეცდომის დაშვების უფლება არ გვაქვს. ერთი რამ უნდა ვიცოდეთ, რომ საგარეო ორიენტირს არ განსაზღვრავს მხოლოდ ქვეყანა და ქვეყნის სურვილი, საგარეო ორიენტირს ქმნის ისტორიული აუცილებლობა. დღეს საქართველოსთვის არანაირი ისტორიული აუცილებლობა არ არსებობს, რომ ჩვენი საგარეო ორიენტირი კომპრომისის საგანი იყოს დომინანტ ძალებს შორის. ჩვენი ძირითადი მიზანი არა საგარეო ორიენტირის განსაზღვრა, არამედ ჩვენი მიზნების განსაზღვრაა. ორიენტირი კი მხოლოდ საშუალებაა მიზნების რეალიზაციისთვის. პირველი ამოცანაა სწორი გეოპოლიტიკური სისტემის ჩამოყალიბება ქვეყნის გარშემო. ეს სისტემა კი არ შეიქმნება, თუ ორი სუბიექტი- რუსეთი და აშშ- არ იქნება მისი მონაწილე. საქართველოს სივრცე საკმარისი არ არის, რომ გეოპოლიტიკური კომპრომისი შედგეს რუსეთსა და ამერიკას შორის საქართველოს ტერიტორიაზე. ამიტომ ჩვენ გავაკეთეთ არჩევანი, ვაფართოებთ სივრცეს და ვსაუბრობთ არა მხოლოდ საქართველოზე, არამედ ერთიან სამხრეთკავკასიურ სივრცეზე, რომელიც შესაძლებელია იქცეს მათი გეოპოლიტიკური კომპრომისის საგნად”.

კითხვას, საქართველოს ამ დროისთვის თავისი საგარეო პოლიტიკური ორიენტაცია უკვე განსაზღვრული აქვს და როგორ წარმოუდგენია მას ამის შეცვლა, იგი პასუხობს:

“კონკრეტულად რა მიმართლებით უნდა იაროს საქართველომ და როგორ განსაზღვროს საგარეო ორიენტირი… ნატო არის სამხედრო პოლიტიკური ბლოკი, არანაირად ევროპასთან ინტეგრირება და ასოცირების ხელშეკრულება წინააღმდეგობაში არ მოდის იმასთან, რასაც ჩვენ ვამბობთ”, – ამბობს ხონელიძე და დასძენს, რომ მის პროექტში ილია მეორის ხედვებიც არის ასახული.

“მე მინდა ძალიან დიდი მადლიერება გამოვხატო საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქისადმი, რომლის მხარდაჭერას მუდმივად ვგრძნობდი პროექტის შექმნის და ჩამოყალიბების პროცესში და უფრო მეტიც, მის მიერ გამოთქმული მოსაზრებები, შეხედულებები, წინადადებები საფუძვლად დაედო ამ პროექტს. ეს არ არის მხოლოდ ერთი და ორი წლის ურთიერთობა, ხანგრძლივი ურთიერთობის განმავლობაში მოხდა ამ პროექტის წარმოდგენა”.

კითხვას, უჭერს თუ არა მხარს ილია მეორე მის პროექტს, ხონელიძემ ასე უპასუხა:

“პატრიარქი მხარს უჭერს ყველაფერს, რაც ქვეყნის საკეთილდღეოდ და სასიკეთოდ კეთდება. პატრიარქი დარწმუნებულია, რომ ჩვენი მიდგომა და პროექტი ქვეყნის სასიკეთო ნაბიჯია”.

ზურაბ ხონელიძის  პრეზენტაციას 2014 წელს ასევე ესწრებოდა ევროპული კვლევების ცენტრის ხელმძღვანელი კახა გოგოლაშვილი, რომელიც მიიჩნევს, რომ სამხრეთ კავკასიაში სამი ქვეყნის ამ იდეის ქვეშ გაერთიანება ამ ეპატზე შეუძლებელია:

“აქ ძალიან დაუმუშავებელი კონცეფციაა იმ თვალსაზრისით, რომ როგორ შეიძლება ერთი პოლიტიკური გაერთიანება შეიქმნას იმ სამი ქვეყნისგან, რომლებიდანაც ერთი (საქართველო) რადმენიმე დღეში ევროკავშირთან აწერს ხელს ასოცირების ხელშეკრულებას, ევროპული არჩევანი გადაწყვეტილი აქვს და ევროკავშირთან მიდის მჭიდრო ურთიერთობებზე თავისუფალი სავაჭრო ზონის შექმნითა და შემდგომში უფრო მჭიდრო ინტეგრაციის პერსპექტივით, მეორე ქვეყანას, სომხეთს გადაწყვეტილი აქვს, რომ ევრაზიულ კავშირში შედის და ინტენსიურად მუშაობს იმაზე, რომ რუსეთს წაჰყვეს ამ კავშირის ჩამოყალიბების პროცესში, მესამე- აზერბაიჯანი, ძალიან დამოუკიდებელ პოლიტიკას ეწევა, მას პრაქტიკულად არ უნდა, რომ არც ერთ ბლოკს მიუერთდეს, მას საკმარისად აქვს რესურსები იმისათვის, რომ ინდივიდუალურად იარსებოს”, – აცხადებს გოგოლაშვილი და დასძენს, რომ განსხვადვება არა მხოლოდ ამ ქვეყნების საგარეო პოლიტიკური ხედვები, არამედ  შიდა რეფორმების დღის წესრიგიც.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი