ახალი ამბები

ომბუდსმენის განცხადებით, სასამართლომ გლდანის ციხის დირექტორი დააჯარიმა

18 ივლისი, 2017 • 2507
ომბუდსმენის განცხადებით, სასამართლომ გლდანის ციხის დირექტორი დააჯარიმა

ომბუდსმენის ინფორმაციით, სახალხო დამცველის კანონიერი მოთხოვნის შეუსრულებლობის გამო 2017 წლის 14 ივლისს თბილისის საქალაქო სასამართლომ სამართალდამრღვევად ცნო N8 პენიტენციური დაწესებულების დირექტორი ნოდარ ქინქლაძე და სახდელის სახით დაეკისრა ჯარიმა 800 ლარის ოდენობით.

ომბუდსმენი განცხადებაში საუბრობს, რომ საქმე ეხება ერთ-ერთ მსჯავრდებულთან დაკავშირებით ინფორმაციის მიწოდებას.

“2017 წლის 4 აპრილს საქართველოს სახალხო დამცველის რწმუნებულები მსჯავრდებულ ჯ.ს-ს მონახულების მიზნით N8 პენიტენციურ დაწესებულებაში იმყოფებოდნენ. აღმოჩნდა, რომ მსჯავრდებული ამ პერიოდისთვის გადაყვანილი იყო ლ. სამხარაულის სახელობის ეროვნული ექსპერტიზის ბიუროში. სახალხო დამცველის რწმუნებულებმა პენიტენციური დაწესებულების ადმინისტრაციისგან საქმის წარმოების გაგრძელებისთვის საჭირო დოკუმენტაცია გამოითხოვეს. თუმცა, კანონის აღნიშნული მოთხოვნის მიუხედავად, საქართველოს სახალხო დამცველის რწმუნებულებს მოთხოვნილი ინფორმაცია დაუყოვნებლივ არ მიეწოდათ.

… იმავე დღეს, 2017 წლის 4 აპრილს, მსჯავრდებულის მიმართ გამოყენებული უსაფრთხოების ზომების კანონიერების შემოწმების მიზნით, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატმა წერილით მიმართა N8 პენიტენციური დაწესებულების დირექტორს და მოითხოვა ინფორმაცია მის მიმართ გამოყენებული უსაფრთხოების ზომების თაობაზე. სახალხო დამცველის აპარატმა პასუხი ვერც წერილზე მიიღო,”- აღნიშნულია სახალხო დამცველის განცხადებაში.

სახალხო დამცველი განმარტავს, რომ „საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ“ კანონის თანახმად, “მასალა, საბუთი, სხვა ინფორმაცია და ახსნა-განმარტება საქართველოს სახალხო დამცველს უნდა გადაეცეს მოთხოვნის მიღებისთანავე, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც მასალა, საბუთი და სხვა ინფორმაცია მოთხოვნილია წერილობითი მიმართვის საფუძველზე. ასეთ შემთხვევაში, საბუთი და სხვა ინფორმაცია საქართველოს სახალხო დამცველს უნდა გადაეცეს 10 დღის ვადაში.”. ამავე კანონის თანახმად, “ყველა სახელმწიფო ხელისუფლების და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო, თანამდებობის თუ იურიდიული პირი ვალდებულია ყოველმხრივ დაეხმაროს საქართველოს სახალხო დამცველს, დაუყოვნებლივ წარუდგინოს მასალები, საბუთები და სხვა ინფორმაცია, რომელიც ესაჭიროება საქართველოს სახალხო დამცველს თავისი უფლებამოსილების განსახორციელებლად”.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი